რამდენი ნაგავი ჩადის იმ წყალში, რომელსაც თბილისი სვამს... - კვირის პალიტრა

რამდენი ნაგავი ჩადის იმ წყალში, რომელსაც თბილისი სვამს...

"კარგი რამ გჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია" - ქართველებს საკუთარი ხელით გვიყვარს იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ვსხედვართ. აბა, ამას რა დავარქვათ: სამოწყალოდ ვართ ხელგაშვერილები და თუ ვინმე ფეხზე წამოდგა, არ ვახარებთ... მტერსაც გულს მოუკლავს, რაც ახლა ოდესღაც წალკოტად ქცეულ ავჭალის მიწის ნაკვეთებში ხდება.

"ამ წერილს უყურადღებოდ ნუ დაგვიტოვებთ, თითქმის ნახევარი ავჭალა გწერთ და უნდა დაგვეხმაროთ, ჩვენი სიტყვა უნდა მიაწვდინოთ ხელისუფლებას, თორემ ამდენი წელია ვჩივით და ყველა კარი ამოგვიქოლეს...

ავჭალის ოდესღაც ხრიოკ მიწაზე რამდენიმე ათეული წლის წინ საკმაოდ დიდი ფართი გამოუყვეს ხალხს საბაღე მეურნეობებისთვის. კომუნისტებმა ჭკუა იხმარეს - ეს მიწები თავად ხალხს აქცევინეს ბაღნარად ათეული წლების განმავლობაში. წყალი მაშინ სად იყო, წვიმის წყალს ვაგროვებდით, ხევიდან ვქაჩავდით და ისე ვრწყავდით ხეხილს. ამასობაში სახლებიც ავიშენეთ.

მაშინ, წყლის მონატრულები, როგორ ვიფიქრებდით, რომ დადგებოდა დრო და ჭაობში ჩავიძირებოდით. ჭაობში კი თბილისში შემომავალ წყალსადენთან ერთად ვიძირებით. საქმე ის არის, რომ სწორედ ჩვენთან არის თბილისის ცენტრალური წყალსადენის სათავე, მილები დამსკდარია, წყალი გადმოდის და ჭაობში გვძირავს. არადა თბილისის წყალსადენის მესაკუთრეები ყოველ წუთში გაიძახიან, - ყველაფერი წესრიგში გვაქვს, ჩვენი წყალი ანკარააო. არა, ბატონებო, სტალინის დროს ჩაყრილ, დამსკდარ მილებში ნაგავი ჩადის... იქნებ მოხვიდეთ და ნახოთ, რაც ხდება, თუ ჩვენი სახლ-კარი არ დაგენანებათ, მაშინ იმით მაინც დაინტერესდით, თბილისი რას სვამს.

ავჭალის "კონიაკის დასახლების" მცხოვრებლები"

საკუთარი თვალით რომ არ მენახა, სიმართლე გითხრათ, სხვას ნამდვილად არ დავუჯერებდი, როგორ უნდა ქცეულიყო ჭაობად ავჭალის ხრიოკი. გული დამეწვა, ჭაობში ჩაძირული ორსართულიანი სახლებისა და ბაღების დანახვაზე. ოდესღაც დახუნძლული ხეებიდან გაფშეკილი ტოტები და დამპალი ძირებიღა შემორჩენილა, ყვავილნარი პირისაგან მიწისა აღგვილა, თვით მიწას კი დაგუბებული წყალი შესდგომია. მოკლედ, მტერი უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებდა მიწის და კაცის გასანადგურებლად.

ხათუნა გელაძე: - შეხედეთ ჩემს ეზოს, აქ დაახლოებით 80-იან წლებში დავსახლდით. ეზოში მარტო 200 ძირი ვარდი გვქონდა. მაშინ სად იყო წყალი, - ვაგროვებდით და ისე ვრწყავდით. მერე ცენტრალური წყალსადენის სათავიდან წყალმა ჟონვა დაიწყო და დავიღუპეთ კიდეც. ვის არ მივადექით, მაგრამ არავინ მოგვხედა.

ნანული გრიგალაშვილი: - აბა, რა დღეში ვიქნებით იმის შემხედვარე, ჩვენი ნაწვალები წყალს რომ მიაქვს.

მარტო ჩემი ეზოთი წელიწადში 4-5 ათასი ლარი მაინც მქონდა შემოსავალი. წელს კი ბარი არ დამიკრავს, რაღა აზრი აქვს, ჭაობში რა ამოვა?! ახლა მეც უნდა მივატოვო აქაურობა და სხვებივით გავიშვირო ხელი სამათხოვროდ... უნდათ მთელი ქვეყნის გამათხოვრება, თორემ აქამდე ხომ მოგვხედავდა ვინმე? მთელი ჩვენი შემოსავალი წყალსადენსა და მერიას შორის სირბილში გვეხარჯება და მაინც არაფერი გამოდის...

ზურაბ მაჭარაშვილი: - ბევრჯერ ისიც კი გაგვაგონეს, - რა გინდათ, რას წუწუნებთ. მარტო თქვენ ხომ არ ხართ ამ დღეშიო. ხომ მაგარი ლოგიკაა?! ხილზე აღარაფერს ვიტყვი, ყურძენი მომყავდა და ღვინოს ვწურავდი, თვალსა და გულს უხაროდა. მარანი ავაშენე - ჩემი სიამაყე ის იყო. დღეს ამ მარნის მარტო ნანგრევებია დარჩენილი. ეგენი მარტო ჩვენ კი არა, მთელ თბილისს ატყუებენ, გაიძახიან, სუფთა წყალს გაწვდითო, სუფთას კი არა, აგერ არის სათავე, წაგიყვანთ და განახებთ, რამდენი ნაგავი ჩადის იმ წყალში, რომელსაც თბილისი სვამს...

P.S. ბატონ ზურაბს კი წავყევი, მაგრამ... ალბათ ამისთანა რამეზე ამბობენ, "ფეხი მომტეხოდა და იქ არ მივსულიყავიო". ამხელა წყლის მილები არასოდეს მინახავს და, სხვათა შორის, ასე არც არასოდეს დავფიქრებულვარ იმაზე, რას გვასმევენ.

ნუთუ იმაში იხდის თბილისი ფულს, რომ მისი სასმელი წყლის სათავესთან ნაგავი იყოს დახვავებული? სამწუხაროდ, ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი არ გაგვაჩნია, მაგრამ მათ, ვისაც ერთი მხრივ, თბილისის პატრონობა ევალება და მეორე მხრივ, ვინც ამხელა ქონების, - თბილისის ცენტრალური წყალსადენის მესაკუთრეა, უთუოდ უნდა გვიპასუხოს.

ვისაც თბილისის ჭაობი არ უნახავს, მათთვის ამ ჭაობის ფოტოს ვბეჭდავთ.