ჩვენი ნათლია რუსი არ არის! - კვირის პალიტრა

ჩვენი ნათლია რუსი არ არის!

ჩვენს ხარბ მეზობელს ჩვენი ხელიდან გაშვება არასოდეს ნდომებია. დღეს ბევრი ქართველი გაოცებული კითხულობს, - თუ ასე სანუკვარი ვიყავით რუსებისთვის, მაშ "გრუზინები" რატომ დაგვარქვესო, - "გრუზ" რუსულად ტვირთია! თუმცა რეალობა სხვაა...

ქართველებს აღმოსავლეთ სლავებთან პოლიტიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები უკვე ადრეულ შუა საუკუნეებში ჰქონდათ, ოღონდ, შავიზღვისპირეთის ჩრდილოეთით, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრებ სლავ ტომებთან. IX-X საუკუნეებში ეს ტომები გაერთიანდნენ და შექმნეს სლავური სახელმწიფო - კიევის რუსეთი ("რუსეთი" წარმოქმნილია მდ. დნეპრის შენაკად "როს"-იდან.) X საუკუნეში (988 წ.), მთავარ ვლადიმირის დროს, მათ ქრისტიანობა მიიღეს და ინტენსიური პოლიტიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობა დაამყარეს ევროპის მეზობელ ქვეყნებთან, ბიზანტიასთან და საქართველოსთან. როგორც ცნობილია, კიევის სოფიის ტაძრის მშენებლობაში ქართველებიც მონაწილეობდნენ.

XIII საუკუნის 30-იან წლებში რუსეთი ჩინგიზ ხანის მემკვიდრემ, ბათო ყაენმა მიწასთან გაასწორა. 1240 წელს მან კიევი აიღო და რუსეთის, უკრაინის, ყირიმის, ჩრდილო კავკასიის, ვოლგისპირეთის და შუა აზიის ტერიტორიაზე თათარ-მონღოლთა უძლიერესი სახელმწიფო - "ოქროს ურდო" შექმნა.

ამ გარემოებათა გამო მთლიანად შეწყდა საქართველოს და აღმოსავლეთ სლავთა (რუსთა) ურთიერთობა. თავად საქართველო კი მოხვდა მეორე მონღოლურ, ილხანთა სახელმწიფოში. ამ ორ მონღოლურ სახელმწიფოს შორის ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომები მიმდინარეობდა, რამაც ორივე გაანადგურა და შესაბამისად, რუსეთი გააძლიერა, მისმა ცენტრმა მოსკოვში გადაინაცვლა, საზღვრით კავკასიას მიებჯინა და უკვე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსულ პოლიტიკურ თურქეთთან და სპარსეთთან მოუხდა შებმა.

თურქეთი მთლიანად იჭერს ყირიმის ნახევარკუნძულსა და ჩრდილოეთ კავკასიას, - ასე იწყება თურქეთსა და რუსეთს შორის სისხლისმღვრელი ომებიცა და დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურებაც. ამ დროიდან რუსები ხელახლა "ეცნობიან" ქართველებსა და ქართულ სამეფო-სამთავროებს უკვე ახალი, აღმოსავლური ტერმინით - "გურჯისტანი", "გურჯი" და ვინაიდან რუსულში ასო "ჯ" არ არის, ამიტომ "გურჯი" "გურზის" ფორმით წარმოითქმება, რაც რუსეთის ელჩების კახეთის სამეფოში მოგზაურობისას მათ ჩანაწერებშია დაფიქსირებული. მერე "გურჯს" რუსული ენისთვის დამახასიათებელი "ინ" სუფიქსი დაემატა და "გურზინ" - "გრუზინად" გადაიქცა.

ხოლო XVI-XVII საუკუნეებიდან კახეთის მეფის კარზე მყოფი რუსეთის ელჩები ქართველებს ამ ტერმინით მოგვიხსენიებენ. ასე რომ, ჩვენი საუკუნოვანი "ნათლობა" არა რუსეთიდან, არამედ აღმოსავლეთიდან მოდის. სიმართლე კი ის არის, რომ ჩვენ კი არ ვართ მათი ტვირთი, თავად გვაწვა ეს უზარმაზარი იმპერია ტვირთად მხრებზე და დღესაც ვერ მოგვიშორებია.

ბიძინა ჭყონია,

ისტორიკოსი, ასოცირებული პროფესორი