მითხარით, რა ვქნა! - კვირის პალიტრა

მითხარით, რა ვქნა!

რედაქციაში მსგავსი შინაარსის არაერთი წერილი მოდის. მათი წაკითხვისას კაცს სიცილი და ტირილი ერთდროულად მოგინდება. მაგრამ ყველაზე მწარე სწორედ ასეთი სიცილია.

ხომ გახსოვთ, მეფე გზირებს რომ გზავნიდა ხალხში ხარკის ასაკრებად და ყოველი დაბრუნებისას ეკითხებოდა, - როგორ დატოვე, რას შვრებიანო? ისიც - ტირიან და ტირიანო, პასუხობდა. ერთხელაც გზირმა მოახსენა - უკვე აღარ ტირიან, იცინიანო. მეფემ - უნდა გავფრთხილდეთ, ახლა არიან საშიშნიო!

"ვცხოვრობ ოზურგეთში.  სახლის მახლობლად ჯიხური მაქვს ჩადგმული, სადაც მზესუმზირას და ორიოდე წვრილმანს ვყიდდი. ამას წინათ ოზურგეთის საგადასახადო სამსახურმა აქტი შემიდგინა, - არც სალარო გაქვს და არც ქვითრებს წერ და ჯარიმა - 200 ლარიდან 400 ლარამდე უნდა გადაიხადოო.

რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე? ჩემი ჯიხური თავისი მზესუმზირიან-წვრილმანებიანად ამდენი სულ არ ღირს. რაიონში წვრილმანებით ვაჭრობისას დღეში ორი ლარი ძლივს დაგრჩება კაცს და სალაროს აპარატის საყიდლად ხომ ჯიხური უნდა გაყიდო. რას შვრებიან? ნუთუ არ შეიძლება, ისეთი კანონი შექმნან, რომ გაღატაკებულ კაცს სტიმული მისცენ, თუ ჩვენისთანა ღატაკი ხალხის ზურგზე უნდათ შეავსონ ბიუჯეტი?! იმის მაგივრად, ხელს გვიწყობდნენ, - ჩვენ ვერ გეხმარებით და თავად მაინც იშრომეთ, შიმშილით რომ არ დაიხოცოთო, სულით ხორცამდე გვატყავებენ.

წერა-კითხვა თუ არ იციან მაგ დალოცვილებმა, სხვას მაინც დაეკითხონ, არც ერთი ქვეყანა არ დამდგარა ფეხზე, რომ მცირე მეწარმეებისთვის შეღავათები არ გაეწიათ. ეგენი მხოლოდ ტელევიზორში გაიძახიან, მცირე მეწარმეებს ვეხმარებითო. ეს არის მაგათი დახმარება? ქვეყანაში მცირე ბიზნესი სულს ლევს. გვითხარით, რა ვქნათ?

P.S. ქვეყანა დიდ ბიზნესზე კი არა, სწორედ ისეთი ხალხის ზურგზე დგას, ვინც თავისი შრომით ოჯახს მაინც ინახავს. სად იყურებით, ბატონებო, ხალხს სიცილ-ტირილი აქვს ავარდნილი და ასე დიდხანს ვერ გასტანს!