განა რა უნდა დაგვიშავოს ლამაზმა მაისმა - კვირის პალიტრა

განა რა უნდა დაგვიშავოს ლამაზმა მაისმა

ვიქორწინოთ თუ არა ვარდობის თვეში?..

"ჩემო "კვირისპალიტრელებო," ერთ ამბავზე უნდა მოგწეროთ და აუცილებლად უნდა მიპასუხოთ. რაც თავი მახსოვს, ეს ამბავი სულ მაინტერესებს და ვერავინ გამცა პასუხი.

მით უფრო ახლა, როცა კლასელები მთელ ქალაქში გამწარებული დავრბივართ და ერთ რესტორანში ვერ ვიშოვეთ ადგილი, რომ თავი მოგვეყარა და ერთად დავმსხდარიყავით. მოგეხსენებათ, ქართულ რესტორნებში სიხალვათე გაჭირვების მიუხედავადაც არასოდეს ყოფილა, მაგრამ ამ აპრილის თვეში საერთოდ ცხვირი ვერსად შევყავით, - 30 წლის შემდეგ ძლივს კლასელები ვიკრიბებით და გვეუბნებიან, ადგილი არ არისო.

ბოლოს და ბოლოს, რომ ვიკითხეთ, რა ხდებაო, იცით, რა გვიპასუხეს? ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაისის თვეში ქორწილის გადახდა არავის უნდა და ამიტომ ყველა აპრილში ასწრებს ქორწილსო. აი, ეს მაინტერესებდა, - თქვენ ჭკუის მოსაკითხ ადამიანს უსათუოდ იპოვით. იქნებ გაგვაგებინოთ, მართლა არ უნდა გადაიხადო ქორწილი მაისში და რაიმე საფრთხე არსებობს? თუ არადა, რა სჭირს ამ ხალხს, რომ ბავშვობიდან სულ მესმის, მაისში ქორწილი და ჯვრისწერა არაფრით არ შეიძლებაო..."

რაღა დაგიმალოთ და, ეგ ამბავი ჩვენც გვაინტერესებდა და ვერ იქნა და ვერ ჩავეძიეთ, - ხომ იცით, როგორ არის, რამე რომ გაგახსენდება, თუ  მაშინვე არ მიჰყევი, მერე გონებიდან გამოგივარდება. ჰოდა, ამიტომ თქვენი წერილის საპასუხოდ დიდი სიამოვნებით დავუკავშირდით ისტორიის დოქტორს, ასოცირებულ პროფესორს, დეკანოზ ლევან მათეშვილს.

- მამა ლევან, თქვენ იცით, რომ საქართველოში მაისში ქორწილებს არ იხდიან, - მაისში დაქორწინება არ ვარგა, ცუდად მთავრდებაო. ლამის მთელი საქართველო ასე ფიქრობს და ქუჩებშიც იშვიათად დაინახავთ მექორწილეთა მაყრიონს, რა ხდება, მართლა ასეა?

- ეგ მაყრიონი, ვისაც თქვენ ქუჩებში დაინახავთ, იმათი მაყრიონია, ვინც ეკლესიაში დადის და იცის, რომ ეგ აზრი აბსურდულია. განა რა უნდა დაგვიშავოს  ლამაზმა მაისმა ამისთანა, რომ ამ თვეში ქორწინება ცუდად დამთავრდეს?! ღმერთისთვის ყოველი თვე ერთია, მის განგებულებაშია ერთ სულ და ერთ ხორც დაქორწინებულთა ბედიც. და თუ ასე არ გამოვიდა, რომ ქორწინება ერთ სულ და ერთ ხორც არ არის, ისევ ჩვენი ბრალია.

იმის ბრალია, რომ უფალს ვშორდებით და ყურს არ ვუგდებთ. მაისი კი რატომღაც რუსეთში ამოიჩემეს, ისიც რასაკვირველია, არა, - ეკლესიამ, არამედ - ხალხმა. რუსები რატომღაც ამბობენ: თუ მაისში დაქორწინდები, მთელი ცხოვრება ეწამებიო (ვფზნმცზ).

ან რუსებს რა დაუშავა მაისმა, ვერ გეტყვით, მაგრამ ცხადია, ეს გამოთქმა საქართველოში რუსეთიდან გავრცელდა და რატომღაც გონებიდან აღარ ამოვარდა. ჩვენი ეკლესია კი დიდი სიყვარულითა და სათნოებით ეუბნება ყველას, ვისაც ქრისტიანული ქორწინება უნდა, - მობრძანდით ტაძარში, გარდა მარხვის დღეებისა და იქ ჯვარს უფლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, სიყვარულით დაგწერენ და გამრავლდით!