აქა ამბავი ლამაზი სიყვარულისა - კვირის პალიტრა

აქა ამბავი ლამაზი სიყვარულისა

ეს მარადიული სიყვარულის ამბავია. ასეთი ამბები კი თაობებს ლეგენდასავით გადაეცემა, რათა თავადაც ასე უყვარდეთ. ასეთ სიყვარულთან ერთად იმ ქვეყნად წასული ულამაზესი არისტოკრატი ქალი კი ვაკის სასაფლაოზე განისვენებს.

ძვირფასო რედაქციავ, მე დმანისიდან გახლავართ, ხანმოყრილი კი ვარ, მაგრამ ცხადად მახსოვს ქალი, ვის შესახებაც უნდა გიამბოთ. ან რა დამავიწყებს: მისი სიყვარული ლეგენდად დადიოდა დმანისში. ის ჩვენთან ექიმად მუშაობდა. ომის შემდეგ გაუბედურებულ ჩვენს კუთხეში ხალხი საშველად მას მიმართავდა - თერაპევტიც იყო, პედიატრიც, მეანიც... ძალზე განათლებული და ძალზე სათნო. მახსოვს, როგორ უვლიდა ომიანობისას  ავადმყოფებს. რუსეთის საიმპერატორო კარზე იყო აღზრდილი და თავადაც სამეფო გვარის ერთ-ერთი შტოს შთამომავალი იყო.

ნატალია ერქვა, თბილისში გამოთხოვილ დას ჩამოჰყვა. ისეთი მშვენიერი იყო, მთელი ქალაქი იცნობდა. მისი სილამაზისა და სიყვარულის სახსოვრად თბილისში ერთადერთ ეგზემპლარად შექმნილი უძვირფასესი ნივთი დარჩა. თუმცა, არა მგონია, ამ ქალბატონის დისშვილისთვის ამ ნივთს რაიმე მატერიალური ფასი ეფარდებოდეს - ეს ქანდაკება მარადიული სილამაზისა და სიყვარულის სიმბოლოა. თუკი ამ ოჯახში მიხვალთ და იქ გაგონილს სხვასაც მოუყვებით, ცოტა ხნით მაინც გაემიჯნებით ამ დაძაბულსა და მკაცრ ყოფას.

KvirisPalitra.Geნატალიას დის ოჯახი თბილისში ისევ იმ ძველ ქუჩაზე და ძველ სახლში ცხოვრობს, ულამაზესი და უძველესი ქანდაკებაც ძველ როიალზე დგას, ძველ ალბომში საიმპერატორო გვარის ექიმის ფოტოც ინახება. ძველია ის ამბავიც, რომელიც დეიდასავით მშვენიერმა ქალბატონმა გვიამბო (გვარს ჩვენც შეგნებულად არ ვასახელებთ), მაგრამ ასეთი ამბები არასოდეს ხუნდება.

- რას ამბობთ!.. რა ძლიერ ემოციად დარჩენილა დმანისელებში დეიდის ამბავი, რომ "კვირის პალიტრას" მოგწერათ. ყველაფერი მართალია. დედაჩემი და დეიდაჩემი მართლაც იყვნენ რუსეთის ერთ-ერთი ბრწყინვალე გვარის წარმომადგენლები. ბებიას, რომელიც ასევე მზეთუნახავი ყოფილა, ცხრა შვილი ჰყოლია და დედაჩემისა და დეიდაჩემის გარდა, ყველა უცნობი სენით დახოცვია.

დეიდა ოცდაერთი წლით უფროსი იყო დედაზე,  შვილივით ზრდიდა და არისტოკრატობას მალავდა - რევოლუციის შემდეგ ისინიც რომ არ ამოეწყვიტათ, თეთრ ხელებს რომ არ გაეცა, მიწით იუხეშებდნენ. დედას ქართველი კაცი შეუყვარდა და ეს მისი ხსნა იყო - ომის დროს ჩემს მშობლებს უკვე  საქართველო იფარავდა.

დეიდამ კი ჯოჯოხეთი გამოიარა გერმანელების ხელში, თითქოს ის არ კმაროდა, რა უბედურებაც მას შემდეგ გამოიარა, რაც თექვსმეტი წლის გახდა - ადამიანი, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა, რუსეთ-თურქეთის ომში დაიღუპა. არადა, ამ ქორწინებას რუსეთის სამეფო კარი მოუთმენლად ელოდა - საქმრო ნიკოლოზ მეორის ბიძაშვილი, ახალგაზრდა ოფიცერი იყო. ნიშნობაზე იმპერატორმა სარძლოს აჩუქა მწვანე მარმარილოს მოსადაფებული ქანდაკება, რომელიც თავად შეუკვეთა სკანდინავიელ ოსტატებს. ახალგაზრდა ოფიცერი დაიღუპა... დეიდა აღარ გათხოვილა...

ომის დროს  როსტოვში მუშაობდა ექიმად და გერმანელებს ძლივს გადაურჩა. როცა ებრაელებს სინჯავდა, ცრუობდა, - ტიფი სჭირთო და გერმანელები დასახვრეტადაც არ ეკარებოდნენ. გაუგეს, მაგრამ პარტიზანებმა მოასწრეს და გააპარეს. მერე თბილისში ჩამოვიდა ჩვენთან. ერთადერთხელ ვკითხე, - მერე რატომ აღარ გათხოვდი-მეთქი. ყველა მამაკაცს მას ვადარებდი, ვინც მიყვარდა, ვერავინ ოდნავაც ვერ მივამგვანეო.

- უცნაური ქანდაკებაა, - ასაკოვანი და ახალგაზრდა კაცი ერთმანეთს ებრძვიან, ალბათ მითოლოგიიდანაა.

- კი, სკანდინავიური მითოლოგიაა. თურმე ერთ ჭაბუკს ძალიან ლამაზი ქალი შეჰყვარებია, მაგრამ მიუტოვებია. ქალს ბიჭი შესძენია. გავიდა დრო. ბიჭი გაიზარდა და ერთ ომში დაუხვდა მტერს, რომელსაც მამამისი მეთაურობდა. სკანდინავიური ლეგენდებით ზოგჯერ ომის ბედს რაინდთა შერკინებაც წყვეტდა. შეჭიდებულან მამა და შვილი, უჯობნია მამას და მოუკლავს ვაჟი. მერე უთქვამთ, შენი შვილი იყოო. თავზარდაცემულს თავი მოუკლავს. ეს ქანდაკება ერთადერთია - იმპერატორის საჩუქრის ასლის დამზადებას ვინ გაბედავდა.

წუთისოფელი ასეა... ვუყურებ ამ ქანდაკებას და ყოველთვის ეს მახსოვს. შესაძლოა ეს ნივთი ძვირიც ღირს, მაგრამ მისი ფასი არასოდეს გამომიძიებია. არც გავყიდი - ჩემთვის ნივთი კი არ არის ფასეული, არამედ მასში დარჩენილი სიყვარული.