"ჩვენდა სამარცხვინოდ, ყველაფერ ქართულს ინგლისურ წარწერებს ვუკეთებთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენდა სამარცხვინოდ, ყველაფერ ქართულს ინგლისურ წარწერებს ვუკეთებთ"

გამარჯობათ. მე ნათია გოგრიჭიანი ვარ, 21 წლის და აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ძალიან მიყვარს თქვენი გაზეთი. სხვათა შორის, ბევრი ჩემი მეგობარიც სიამოვნებით კითხულობს "კვირის პალიტრას", - განსაკუთრებით ბიჭები - თუკი ამას თქვენთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს... სხვათა შორის, ეს წერილი მნიშვნელოვანმა რამემ მომაწერინა - როგორც აღმოსავლეთმცოდნემ, ძალიან მოვინდომე და სპარსეთში წავედი.

რა თქმა უნდა, ფერეიდანიც ვნახე და ისეთი მეგობრები გავიჩინე, ასე მგონია, ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ... იქ ბევრი ისეთი რამ ვნახე, ოთხი საუკუნე რომ უფრთხილდებოდნენ, ცრემლს ვერ ვიკავებდი. ბოლოს, ქართულად გამოცემული "დედა ენა" რომ ვნახე, მთლად გავგიჟდი - თურმე სულ 4 ათეული წელია ქართული ანბანი უსწავლიათ... პატარა ბიზნესიც კი აქვთ - სუვენირებს ქართულ წარწერებს უკეთებენ და ყველა ყიდულობს. ეს სუვენირები მრავალგვარია - ჭურჭლით დაწყებული, თავსაფრებით დამთავრებული... ჩვენ სუვენირებს კი არა, ყველაფერს ინგლისური წარწერებით ვუშვებთ და ეს სირცხვილია...

გთხოვთ, დაწერეთ რამე ფერეიდანზე, - თქვენი გაზეთი ხომ ინტერნეტითაც ვრცელდება, ჩემი მეგობრები იქ აუცილებლად წაიკითხავენ და გაუხარდებათ"...

ნათია, ძალიან გვიხარია, რომ შენი ასაკის ქართველები ასეთ თემებზე ფიქრობენ. ყოველთვის ასე იყო - სამშობლოს სიყვარული თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ხანდახან თითქოს არც ჩანდა, მაგრამ დგებოდა ჟამი, როცა ეს განცდა სწორედ მაშინ იფეთქებდა, როცა ქვეყნისთვის ჰაერივით აუცილებელი იყო.

შეიძლება ვინმეს ჰგონია, ჩვენმა დრომ სამშობლოს მიმართ ნიჰილიზმი გააჩინაო. ასე რომ არ არის, შენი წერილიც ადასტურებს. ფერეიდანზე როგორ არ ვწერთ - ის ხომ იმედია საქართველოსი, მაგრამ ყოველთვის შეუძლებელია ერთსა და იმავე თემას მივუბრუნდეთ... ხოლო იმაზე, რაზეც გვწერ, ჩვენმა რესპონდენტმა, აღმოსავლეთმცოდნე ნოდარ კოჭლაშვილმა (სწორედ მან ასწავლა ფერეიდნელებს 4 ათეული წლის წინ ქართული ანბანი) გვიამბო.

მოგვიტანა ფერეიდნული მანდილი, რომელსაც ილიას უმშვენიერესი, უკვდავი სტრიქონები ჩვენი საერთო დედა ენით, ქართული ანბანით სამკაულად ამშვენებს: "მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა"...

სხვა რაღა უნდა ვთქვათ ამაზე მეტი...