"ამდენი აღსაზრდელი არასოდეს გვყოლია" - კვირის პალიტრა

"ამდენი აღსაზრდელი არასოდეს გვყოლია"

"ხშირად არასაკმარისი რაოდენობის საწოლის გამო ყველა ბავშვის დაძინებას ვერ ვახერხებთ"

"ძვირფასო კვირისპალიტრელებო, მოგმართავთ თხოვნით, თბილისის 117-ე ბაღის პრობლემებით დაინტერესდეთ. მყავს 3 წლის გოგონა, რომელსაც ბაგა-ბაღის ერთადერთ ჯგუფში 60 ჯგუფელი ჰყავს. არადა, ერთ ჯგუფში აღსაზრდელთა რაოდენობა 25-35 ბავშვს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა სრული განუკითხაობაა - 2-3 წლის პატარებს შუადღის ძილი მორიგეობით უწევთ. ბავშვებს არც ერთი ოთახი ჰყოფნით და სივიწროვის გამო თამაშსაც ვერ ახერხებენ. გთხოვთ, დაგვეხმარეთ, რომ ჩვენს პატარებს ელემენტარული პირობები ჰქონდეთ... "

წერილის წაკითხვის შემდეგ 117-ე ბაღს ვესტუმრეთ. 2-3 წლამდე ჯგუფის კართან ბავშვების სია დაგვხვდა, სადაც 63 აღსაზრდელი ირიცხება. 117-ე საბავშვო ბაღის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორმა თამარ ქართველიშვილმაც დაგვიდასტურა, რომ გადატვირთულობის პრობლემა ჯგუფებში ნამდვილად არსებობს:

"საბავშვო ბაღში მართვის სტრატეგიის მიხედვით ჯგუფებში აღსაზრდელების რაოდენობა განსაზღვრულია - 2-3 წლამდე, ბავშვების რაოდენობა 25-დან 35-მდე უნდა აღწევდეს, უფრო მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში კი შესაძლებელია 40-მდეც მიაღწიოს, თუმცა, გადატვირთულობის გამო, თბილისის ყველა ბაღში ეს რიცხვი მაქსიმალურად გაზრდილია. პრობლემა განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს აღწევს ცენტრალურ უბნებში. ვცდილობთ, ბავშვები ისე გადავანაწილოთ, რომ ფართობის პრობლემა მაინც არ შეგვექმნას. დილემის წინაშე ვდგავართ 2-3 წლამდე ასაკის ჯგუფებში, სადაც 63 აღსაზრდელია. ეს უპრეცედენტო რაოდენობაა, ჯგუფში ამდენი აღსაზრდელი არასოდეს გვყოლია. თავისუფალ დროს ძიძასა და მასწავლებელს დამლაგებელი და მრეცხავიც კი ეხმარებიან. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის 100 კვ/მ ოთახი გვაქვს, თუმცა ხშირად არასაკმარისი რაოდენობის საწოლის გამო, ყველა ბავშვის დაძინებას ვერ ვახერხებთ. ვისაც ძილი არ უნდა, ვართობთ და ასე ვცდილობთ შექმნილ ვითარებას როგორღაც გავუმკლავდეთ".

117-ე ბაღში ვიზიტის შემდეგ ბაღების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით. სააგენტოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ კვირტიამ განგვიცხადა, რომ 2017 წლისთვის თბილისის ბაღებში გადატვირთულობის პრობლემა ამოიფხვრება:

- ეს პრობლემა ბოლო წლებში არ შექმნილა - იმის გამო, რომ წინა ხელისუფლების დროს არაერთი ბაღი დაიხურა ან გასხვისდა, ზოგში კი სოციალურად დაუცველები ან დევნილები შესახლდნენ, შენობის დეფიციტი წარმოიქმნა. ვცდილობთ აუთვისებელი ბაღები მოვიძიოთ, ამასთან, უკვე ხუთი ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც უახლოეს მომავალში გადატვირთულობის პრობლემის აღმოფხვრაში ხელს შეგვიწყობს.

შესახლებული დევნილების პრობლემებზე დევნილთა სამინისტროც მუშაობს და როდესაც მათ საცხოვრებლით დააკმაყოფილებენ, ჩვენ ამ შენობებში საბავშვო ბაღებს აღვადგენთ. რაც შეეხება კონკრეტულად 117-ე საბავშვო ბაღს, არსებულ პრობლემაზე ხელმძღვანელობასთანაც მისაუბრია. მართალია, დიდი რაოდენობაა დარეგისტრირებული, მაგრამ, როგორც ვიცი, ყოველდღიურად ბავშვების მოსწრება დაბალია და ზოგჯერ ბავშვების ნახევარი დადის.

რუსუდან შელია