"ნუ წამიყვანთ იმ ქვეყნად­ ისე, რომ უცხოეთში გადაკარგულ ჩემსა და სხვის შვილებს ისევ არ მოუნდეთ სამშობლოსკენ გამოხედვა" - კვირის პალიტრა

"ნუ წამიყვანთ იმ ქვეყნად­ ისე, რომ უცხოეთში გადაკარგულ ჩემსა და სხვის შვილებს ისევ არ მოუნდეთ სამშობლოსკენ გამოხედვა"

წერილები ახალ ხელისუფლებას!

"5 შვილი მაჩუქა განგებამ. მომავლის იმედიც მქონდა... ოთხი გაჭირვებამ უცხოეთში გადამიკარგა; მხოლოდ ერთმა შექმნა ოჯახი და ისიც ერთ შვილზე გაჩერდა, მეტი რომ გავაჩინო, როგორ გავზარდოო"

არჩევნებმა თითქმის ჩაიარა და როგორც ჩვენი წესია, ვნებათაღელვა არ ცხრება. ჩვენ კი რედაქციაში ისეთი წერილები დაგვიგროვდა, სადაც აღწერილი პრობლემები ყველა ხელისუფლებას "ხელიდან ხელში" გადაეცა და, ჯერ ვერ ან არ მოუგვარებიათ:

"5 შვილი მაჩუქა განგებამ. მომავლის იმედიც მქონდა... ოთხი გაჭირვებამ უცხოეთში გადამიკარგა; მხოლოდ ერთმა შექმნა ოჯახი და ისიც ერთ შვილზე გაჩერდა, მეტი რომ გავაჩინო, როგორ გავზარდოო. ამ ერთადერთ შვილიშვილსაც ვერ შევყურებ, ჩოხატაურის მთიან სოფელში გადავედი საცხოვრებლად, რომ სამოცდაათ წელს გადაშორებულმა კაცმა ვიშრომო და მისი განათლებისთვის თანხა დავაგროვო. აქ თითქმის მარტო ვარ, უახლოესი მეზობელი ლამის კილომეტრით არის დაშორებული. მამაპაპეულმა მიწამ მიხსნა გაგიჟებისგან. ორი თხა, ქათმები და ღორი მყავს, ხეებზე უპატრონოდ გაშვებულ ადესასაც მოვუარე და ღვინოსაც დავწურავ. მოკლედ, სანამ ვიცოცხლებ, შვილიშვილსაც მივეხმარები და დადუმებულ სოფელსაც ავახმაურებ. მაგრამ ეს ტკბილი სიცოცხლე ვერ იქნება - ცალკე უშვილძიროდ დარჩენილი შვილების დარდი არ მშორდება და ცალკე ჩემი ქვეყნისა. რა გვჭირს ამისთანა, რომ ყველა მთავრობა ქვეყანას ფეხზე დადგომას ჰპირდებოდა და ამის ნაცვლად საკუთარ ფეხზე დადგომაზე უფრო ზრუნავს?! ყველა მთავრობა ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებით "ემუქრებოდა" და ამ დროს სულ უფრო მეტი ქართველი გარბის უცხოეთში! ძვირფასო ხელისუფლებავ, გთხოვ, ნუ წამიყვანთ იმ ქვეყნად ისე, რომ უცხოეთში გადაკარგულ ჩემსა და სხვის შვილებს ისევ არ მოუნდეთ სამშობლოსკენ გამოხედვა და მათი უნახავი მოვკვდე. ქვეყანას მიხედეთ, ბიძიებო, ქვეყანას, თორემ დაპირებების შეუსრულებლობაზე პასუხი მოგეთხოვებათ".

"დამიბრუნეთ ჩემი ანაბარი, შვილის საფლავი მინდა გავაკეთო"

"75 წლის შვილმკვდარი დედა ვარ, 30 წლის ერთადერთი ვაჟი გულის შეტევით დამეღუპა და ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. ღმერთმა ნურც ერთ დედას ნუ მოუკლას შვილი, ამის შემდეგ დედის სიცოცხლეს აზრი ეკარგება, მაგრამ მეორე დიდი ტანჯვა ის არის, რომ მისი საფლავი ვერ გავაკეთე - მისივე სიკვდილით ნაშოვნი საფლავის ფული საკუთარი ხელით შევაჭმევინე იმ უნამუსოებს, ვინც ჩემისთანა ბედკრული ხალხის ანაბრები მიითვისა. ჯერ ის მეყოფოდა დარდად, რომ მისი გადარჩენა შეიძლებოდა... 1992 წელი იყო, ექიმებმა გვითხრეს, თუ ამერიკაში წაიყვანთ, გადარჩებაო, მაგრამ ქვრივი და ოხერი რანაირად წავსულიყავი. ასე მომიკვდა. მისი საცოდაობით შეძრულმა ნათესავებმა იმდენი ფული მაინც მომიგროვეს, რომ საფლავი გამეკეთებინა. მირჩიეს, ახლა ზამთარია და საფლავის გაკეთება არ ივარგებს, გაზაფხულზე გააკეთე, მანამდე კი ფული ანაბარზე შეიტანეო. შევიტანე და გაზაფხულზე ჩემი ანაბარი უკვე შეჭმული ჰქონდათ სისხლგაყინულ უნამუსოებს. მას შემდეგ დავდივარ განცხადებებით... ერთმა მითხრა, დეპუტატებთან ან პრეზიდენტთან წაიღე ეგ განცხადება, იქნებ დაგეხმარონო. პარლამენტის წინ ატუზული ვიდექი, ისინი კი უკანა მხარეს სხდებოდნენ მანქანაში. ამიტომაც მოვიტანე ახლა გაზეთში - იქნებ ახალმა მთავრობამ იმ დრომდე წაიკითხოს, სანამ პარლამენტში დასხდებიან და იქიდან უკანა კარით გავლიან: შვილებო, დამიბრუნეთ ჩემი ანაბარი, შვილის საფლავი მინდა გავაკეთო და ასე წავიდე მასთან!"

ეთერ ერაძე