სკოლა რომ არ დახურულიყო, მამამ 14 წლის ვაჟი ამბროლაურიდან 20 კილომეტრით დაშორებულ ხოტევის სკოლაში გადაიყვანა - კვირის პალიტრა

სკოლა რომ არ დახურულიყო, მამამ 14 წლის ვაჟი ამბროლაურიდან 20 კილომეტრით დაშორებულ ხოტევის სკოლაში გადაიყვანა

"ერეკლე დილით გამვლელ მანქანას მიჰყვება - ყველა მძღოლი ცნობს, დაინახავენ თუ არა, უჩერებენ. სკოლიდანაც ამგვარად ბრუნდება"

თითოეული სოფლის დაცლა მიწის მტრისთვის უომრად გადაცემას ნიშნავს. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობენ ქართველები, ვინც მამაპაპეულ კერას ბოლომდე პატრონობენ. ერთი მათგანია მამუკა ჯანელიძე. ამიტომაც გაგვახარა რაჭიდან მოწერილმა წერილმა:

"მამუკა ჯანელიძემ საკუთარი ოჯახის ინტერესები ქვეყნის ინტერესების გამო გვერდზე გადადო და ამით რაჭის ერთ-ერთი ძველი და ლამაზი მაღალმთიან სოფელ ხოტევის სკოლა დახურვას გადაარჩინა: უთხრეს, სკოლა არ დაიხურება, თუ იქ ერთი მოსწავლე მაინც იქნებაო და მანაც 14 წლის ვაჟი, ერეკლე, ამბროლაურის სკოლიდან ხოტევში გადაიყვანა. ბიჭი ყოველდღე 20-კილომეტრიან გზას გადის სკოლაში მისასვლელად, სამაგიეროდ, ხოტევის სკოლაში ზარი ისევ რეკავს".

ამ ამბავმა გული გაგვითბო და მამუკა ჯანელიძის ოჯახს სოფელ სადმელში დავუკავშირდით. …

ინგა ჯოხაძე, მამუკა ჯანელიძის მეუღლე: - მარტის დასაწყისში სოფელ ხოტევის სკოლიდან მოვიდნენ ჩვენს სოფელში და გვთხოვეს, - იქნებ აქედან ერთმა ბავშვმა მაინც იაროს ხოტევში, სკოლა იხურება, სოფელში დარჩენილ ხალხს დანა კბილს არ უხსნისო. სკოლის დახურვა აბა, სასიამოვნო ვისთვის არის, მაგრამ რაჭაში ერთ-ერთი უძველესი ხოტევის სკოლის ამბავი მახვილივით მოგვხვდა გულზე.

ჩემი შვილები აბროლაურის სკოლაში დადიან, მეგობრებიც იქ ჰყავთ. მამუკამ - ხოტევის სკოლა არ უნდა დაიხუროსო და ერეკლეს დაელაპარაკა. ერეკლემ, ვერ ვიტყვი, დიდად მოიწონა-მეთქი, მაგრამ მამას უარი ვერ შეჰკადრა. დღეს კი ვხედავ, რომ ამაყობს თავისი ნაბიჯით.

ხოტევი ჩვენი სოფლიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული, ერეკლე დილით გამვლელ მანქანას მიჰყვება - ყველა მძღოლი ცნობს, დაინახავენ თუ არა, უჩერებენ. სკოლიდანაც ამგვარად ბრუნდება.

ვნატრობთ, რომ ეგებ მომავალში მაინც ეშველოს რაჭას რაიმე.

ბარის სოფლებს ხვანჭკარა გვაძლებინებს - ჭირნახულს გავყიდით და ორიოდ გროშს ვიშოვით, მაღალმთიან სოფლებში კი ვენახიც არა აქვთ და ხალხი ვეღარ ჩერდება. ახლა რაჭაში აეროპორტის მშენებლობა გვაიმედებს...

ერეკლემ კი რაჭველივით დინჯად გვითხრა: - თავიდან ძნელი იყო, ახლა ისე დავუახლოვდი ახალ მასწავლებლებს, ძალიანაც მომწონსო...

ლალი ბოჭორიშვილი, ხოტევის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

- იყო დრო, ჩვენს სკოლაში 1000 ბავშვიც სწავლობდა - ხუთი სოფლიდან დადიოდნენ: ველევიდან, თლუღიდან, ჭელიაღელიდან, წედისიდან, სხარტალიდან. ახლა აღარც ამ სოფლებში არიან ბავშვები და აღარც ხოტევში.

საცოლე ბიჭები გვყავს, ვეხვეწებით, დაქორწინდითო და გვპასუხობენ, - ცოლი რომ მოვიყვანოთ, მარტო ლობიო და მჭადი ვაჭამოთო?!

სკოლას ახალგაზრდა, ენერგიული დირექტორი ჰყავს. იქნებ სასწაულიც მოხდეს და სოფელში ხალხი დაბრუნდეს, ანდა ჩვენმა ბიჭებმა შეირთონ ცოლები... ხომ იცით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ბრძოლას მართლაც ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლაში თუნდაც ერთი სოფლის გამარჯვება მთელი ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა.

ეთერ ერაძე