”კვრის პალიტრის” სახლი სავსეა ქართული სტუმარმასპინძლობით! - კვირის პალიტრა

”კვრის პალიტრის” სახლი სავსეა ქართული სტუმარმასპინძლობით!

"კვირის პალიტრას" გულითადად ვულოცავთ დაარსებიდან თხუთმეტი წლის თავს. ეს დრო არ არის ხანგრძლივი, მაგრამ მისი დამფუძნებლის (პირველ რიგში ქალბატონი ლალის) და თანამშრომელთა სასახელოდ, უნდა ითქვას, რომ გაზეთმა გაუძლო დროის გამოცდას. შეძლო ობიექტური შემფასებლის სახელის მოპოვება და მასმედიის სივრცეში გამორჩეული ადგილის დამკვიდრება. ეს არ იყო ადვილი. ღმერთმა დალოცოს გაზეთ "კვირის პალიტრის" გამომცემელნი და მკითხველნი.

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

თქვენი გაზეთი, ბატონო მკითხველო, სიჭარმაგისკენ მიდის. ეს 15 წელი, თქვენთან ერთად განვლილი, თქვენი თანადგომითა და ქომაგობით გამთბარი, თქვენი სიყვარულით შთაგონებული, ძნელიც იყო და იოლიც. ძნელი იმიტომ, რომ ყოველი საქმე, თუ პასუხისმგებლობით ვეკიდებით, დიდ ძალისხმევასა და გონიერებას მოითხოვს. იოლი კი იმიტომ, რომ ჩვენი თქვენდამი პატივისცემა და სიყვარული ასკეცად გვიბრუნდებოდა და გვამხნევებდა.

ჩვენი დევიზია - სიმართლეს ემსახურე! და ახლა, საიუბილეო დღეებში ჰიმნის სახით მივიღეთ საჩუქრად სიმღერა - ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა ლექსი მოგვიძღვნა, ბატონმა მამუკა ჩარკვიანმა - მუსიკა დაწერა, არანჟირება გაუკეთა და თვითონვე შეასრულა. ამ სიმღერას რადიო "პალიტრის" საშუალებით გაეცნობა მსმენელი და "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველი. მადლობა მამა-შვილ ჩარკვიანებს, მადლობა თქვენ, ჩვენო თანამგზავრებო! თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით! სიკეთით გვევლოს და ღვთის წყალობა ნუ მოგვკლებოდეს!

KvirisPalitra.Geჯანსუღ ჩარკვიანი, პოეტი:

ეჰ, ჯერ კიდევ როდის ვწერდი:

"ძლივს, ძლივს ამოდის

მთვარე სამოთხის,

ტყვია მიზანში მოსახვედრია,

თავისუფლება ისე არ მოდის,

თავისუფლება ლომთა ხვედრია".

დიახ, ძნელი იყო ამის თქმა მაშინ, მე კი ტყვიას მიზანში ვახვედრებდი.

ახლაც ასეა, ძნელია იყო თავისუფალი და ღირსეული, მართლის მთქმელი და სავსე ერთგულებით.

მე როცა "კვირის პალიტრას" ვკითხულობ, მჯერა, რომ "თავისუფლება ლომთა ხვედრია", მჯერა, რომ სიძულვილის ქვეყანაში სიყვარული გაიმარჯვებს. საგამომცემლო სახლი "კვირის პალიტრა", რომელსაც სიმართლის საძირკველი აქვს, სახლი, რომელსაც სახურავად ნამუსის ქუდი ხურავს, მე ხშირად შემივლია ამ სახლში და ვაღიარებ, რომ ეს სახლი სავსეა ქართული სტუმარმასპინძლობით, სახლი, რომელიც ემსახურება ჭეშმარიტებას.

"მალე მშიშრებს და შეშლილებს

სანაგვეზე გავიტანთ,

შენთანა ვარ, არ შეშინდე,

ვაშა, "კვირის პალიტრას!"

სიტყვის თავისუფლება

შენ თუ თავისუფალი ხარ,

უფლის არის უფლება,

ვუერთგულოთ ყველამ ერთად

სიტყვის თავისუფლებას.

ჩვენი საქმის სიყვარული

ყველა გზაზე გვინათებს,

ჩვენი საქმე უცვლელია -

- ვემსახუროთ სიმართლეს.

მხოლოდ თავისუფლებაა

ჩვენი ხალხის ბუნება,

ჩვენი სიტყვის სიყვარული

მამულს ემსახურება.

სიმღერა და სიხარული

ჩვენს სიყვარულს შერთვია,

ამიტომაც გვემღერება,

სიყვარული - ღმერთია.

KvirisPalitra.Geგიზო ნიშნიანიძე, მწერალი:

კარგ მთქმელს კარგი გამგონე რომ უნდა, სწორედ ამან ათქმევინა პოეტს: "ვინ მკითხულობს, ვინ დამეძებს, ვის ვუყვარვარ მეო", რადგან ნათქვამი, ნახევარი, მთქმელისა გახლავთ და ნახევარი - გამგონის!

ერთხელ ჩვენს ,,კალმასობაზე" მეც მომიწია საკუთარი თუ სხვისი სიტყვის აწონამ, რაც ასეთი ლექსპრომტით დაგვირგვინდა: "არ ვიცი - მკითხველს მწერალი სხვა რა სიდიდით ცნობია, მჯობნის მჯობნს, აბა, რა დალევს: ჩემი... მკითხველი სჯობია!"

როგორც წიგნს, გაზეთსაც კაი ამხანაგივით უნდა შერჩევა. "კვირის პალიტრა", თბილისურად რომ იტყვიან - ჩვენი ძმა და პირის ზიარებაა, ჩვენი ჭირისა და ლხინის მოზიარეა და მისი ერთი ჭირისუფალ-ლხინისუფალი მეცა ვარ!

როცა ბუხარი ანთია... მარტო არა ხარ!

როცა ხელში ”კვირის პალიტრა" მიჭირავს... მარტო არა ვარ!

KvirisPalitra.Geპაატა ბურჭულაძე, მომღერალი:

გულწრფელად მინდა მოგილოცოთ 15 წლის იუბილე!

პრესას და მთლიანად მედიას მართლაც დიდი ძალა აქვს და ძალზე მნიშვნელოვანია, როცა ამ ძალას წესიერი, გემოვნებიანი და წიგნიერი ადამიანები ფლობენ. ასეთია ჩემთვის "კვირის პალიტრა", რომელსაც არასოდეს შეჰყავს მკითხველი შეცდომაში, ცდილობს იყოს ობიექტური და გვერდი არ აუაროს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს.

"კვირის პალიტრა" "იავნანას" ერთგული მეგობარია და უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია ყოველთვიურად ეხმარება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს, რომელიც, თავის მხრივ, საკუთარ შვილებთან ერთად მეურვეობას უწევს უდედმამოდ დარჩენილ სხვის შვილებსაც.

მე ხშირად ვამბობ და  კიდევ გავიმეორებ - "იავნანა"თავისი ერთგული მხარდამჭერების გარეშე ვერაფერს შეძლებდა, ჩვენ, ყველანი, ერთ საქმეს ვაკეთებთ და ერთად ვზრუნავთ ჩვენი შვილების მომავალზე!

კიდევ ერთხელ მხურვალედ ვულოცავ მთელ მედიასახლს 15 წლის იუბილეს.

KvirisPalitra.Geმერაბ კოკოჩაშვილი - რეჟისორი:

"კვირის პალიტრა" ჩვენი ოჯახის გაზეთია. გილოცავთ 15 წლის იუბილეს. მიხარია, რომ ჩვენს სინამდვილეში ასეთი ობიექტური და საინტერესო გაზეთი არსებობს.

KvirisPalitra.Geდავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი:

"კვირის პალიტრა" ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს  კულტურისა და მეცნიერების მიმართ. ეროვნული მუზეუმი მუდამ გრძნობს თქვენი გაზეთის მხარდაჭერას, გისურვებთ დიდ წარმატებას თქვენს საქმიანობაში.

KvirisPalitra.Geიგა ლორთქიფანიძე - რეჟისორი:

"კვირის პალიტრა" ერთ-ერთი საუკეთესო გაზეთია. ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობთ ოჯახში. მთავარია, რომ ობიექტურია და მთავარ პრინციპად სიმართლის თქმას აღიარებს.

ეს გაზეთი მართლაც  მაღალი დონის გემოვნების ადამიანებისათვის იქმნება. ვიცი, საქართველოში ყველაზე მეტი მკითხველი "კვირის პალიტრას" ჰყავს. ეს სულ არ არის შემთხვევითი. წარმატებებს გისურვებთ! ვიცი, თქვენს პრინციპს არასოდეს გადაუხვევთ!

KvirisPalitra.Geრუსუდან ფეტვიაშვილი, მხატვარი:

დღეს ადამიანი უფრო სენსაციურ მასალებს ეტანება და თანამედროვე გაზეთებიც ხშირად ამ პრინციპით მუშაობენ, მაგრამ ჩემი აზრით გაზეთს ბევრი დადებითი ემოცია უნდა ახლდეს თან. ინფორმაციაც ყოველთვის ობიექტური უნდა იყოს, თუმცა მესმის, რომ ობიექტურობის დაცვა დღეს საკმაოდ რთულია.

ჩემი აზრით, როცა გარემო ამდენი უარყოფითი ემოციითაა დატვირთული, მცირეოდენი სიკეთის მარცვალიც კი საოცრად მნიშვნელოვანია. "კვირის პალიტრა" ამას ნამდვილად ახერხებს.

KvirisPalitra.Geგიორგი შენგელაია, კინორეჟისორი:

მიმაჩნია, რომ "კვირის პალიტრა" სოლიდური  და თავისუფალი გაზეთია. სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ყვითელი პრესა, ამიტომ, როდესაც გაზეთებს ვყიდულობ, ერთ-ერთი პირველი მათ შორის მუდამ "კვირის პალიტრაა". ჩემი აზრით, გაზეთმა უნდა შეინარჩუნოს აღებული კურსი და ბულვარულ პრესას არ უნდა დაემსგავსოს.

მესმის, რომ კომერციული თვალსაზრისით რაღაც კომპრომისებზე წასვლა აუცილებელია, მაგრამ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანი ხდება ქვეყანაში, საკმაოდ კარგად აშუქებთ, მომავალშიც ასევე უნდა გააშუქოთ.

დღევანდელ საქართველოში ჟურნალისტიკა ძალიან მძიმე საქმეა. გილოცავთ თხუთმეტწლოვან იუბილეს და პირველ რიგში ფინანსურ წარმატებებს გისურვებთ. ეს დღევანდელ პირობებში ნებისმიერი გაზეთისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

KvirisPalitra.Geმარინე ჯანაშია, მსახიობი:

არა მგონია, გაზეთის ფუნქცია იყოს, რომ ხოტბა შეასხას მთავრობას, პირიქით, კარგი გაზეთი კრიტიკული უნდა იყოს. ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახუროს და გაზეთიც ხალხს ემსახურება. მართალია, პრესა კრიტიკული უნდა იყოს, მაგრამ იმედსაც ნუ მოგვისპობთ! ასე მგონია, რომ ყველაზე ზომიერი და გაწონასწორებული ამ მხრივ დღეს მაინც "კვირის პალიტრაა."

ყოველგვარი ქათინაურის გარეშე გამოვარჩევდი მას სხვა გაზეთებისაგან იმიტომ, რომ ეს არის ერთდროულად კრიტიკული და ამავე დროს, ინტელიგენტური გაზეთი. გისურვებთ ბევრ მკითხველს და უამრავ სასიხარულო მოვლენას, რომელიც თქვენი გაზეთის ფურცლებზე ნათლად აისახება.

KvirisPalitra.Geდავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე:

"15 წელი სიმწიფის ასაკია ნებისმიერი გაზეთისთვის, განსაკუთრებით საქართველოში.  "კვირის პალიტრის" ასაკი ხომ ოდნავ ჩამორჩება დამოუკიდებელი საქართველოს ასაკს... 15 წლის განმავლობაში "კვირის პალიტრამ" შეძლო, მოეპოვებინა ფართო აუდიტორიის ნდობა და სიყვარული.

ალბათ, ამის მთავარი მიზეზი, "კვირის პალიტრის" განსაკუთრებული თვისებაა, - ერთ ნომერში გააერთიანოს პოლიტიკაც და კულტურაც, ანალიტიკაც და გართობაც, კვირის მიმოხილვაც და ახალი ამბებიც, ანუ დააკმაყოფილოს ნებისმიერი გემოვნების მკითხველის მოლოდინი.

ჩემი აზრით, "კვირის პალიტრა" არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული, ობიექტური, სოლიდური, მრავალმხრივი და საინტერესო გაზეთი ქართულ მედიასივრცეში. გისურვებთ მომავალშიც გაგემართლებინოთ მკითხველის ნდობა და სიყვარული. გყოლოდეთ ბევრი საინტერესო რესპონდენტი და მთელი საქართველოსთვის მიგეწოდებინოთ მხოლოდ კარგი და სასიხარულო ინფორმაცია".

KvirisPalitra.Geგოგი თოფაძე, "ყაზბეგის" პრეზიდენტი:

"დიდი სიხარულით ვულოცავ "კვირის პალიტრის" ყველა თანამშრომელს 15 წლის იუბილეს. წარმატებებს, წინსვლასა და განვითარებას გისურვებთ. "კვირის პალიტრამ" ამ 15 წლის განმავლობაში საამაყო ისტორია შექმნა. თქვენ, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძელით. საქართველოს ისტორიის ურთულეს პერიოდში მოიპოვეთ და იმედია, სამუდამოდ დაიმკვიდრეთ მკითხველის ნდობა და სიყვარული.

თქვენი არჩეული გზა, ილაპარაკოთ სიმართლე და მხოლოდ სიმართლე, ურთულესი და განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა დღეს. თქვენ შეძელით თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის საუკეთესო სტანდარტის დამკვიდრება. დაამტკიცეთ, რომ ჟურნალისტისთვის ფასეული მხოლოდ სამშობლოს, ხალხის ერთგულება, ტკივილის გაზიარება და  მოყვრისათვის სიმართლის თქმაა.

ამიტომაც არის "კვირის პალიტრა" ყველაზე მაღალტირაჟიანი, ყველაზე სანდო და პოპულარული გაზეთი აგერ უკვე 15 წელია. როგორც ქართველ ბიზნესმენს, განსაკუთრებით მახარებს ისიც, რომ "კვირის პალიტრა" არა მარტო ქართული პრესის ლიდერია, არამედ სტაბილურად წარმატებულია ბიზნესპროექტებშიც. მკითხველის ნდობა, ერთგულება და სიყვარული არ მოგაკლდებათ. პატივისცემითა და სიყვარულით თქვენი გაზეთის ერთგული მკითხველი და რესპონდენტი, "ყაზბეგის" პრეზიდენტი გოგი თოფაძე".

KvirisPalitra.Geგიორგი თარგამაძე, "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე:

"ამბობენ, თითქოს დღევანდელ საზოგადოებაში სიყვითლეზეა მოთხოვნილება, რომ ღრმა აზრი, ანალიზი, დაფიქრება არავის აინტერესებს და მედია საღეჭი რეზინის მაგვარ მოთხოვნილებას უკმაყოფილებს საზოგადოების დიდ ნაწილს. ეს რომ მართალი არ არის, ამის ნათელი მაგალითი "კვირის პალიტრისადმი" ქართველი მკითხველის ინტერესი და დიდი ტირაჟი, რომლითაც "კვირის პალიტრა" გამორჩეული ლიდერია.

ამას ობიექტურობიდან გამომდინარე გეუბნებით. თქვენი მკითხველიც დაგვიდასტურებს, რომ არა ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომლის მიმართაც თქვენს საგამომცემლო სახლს რაიმე განსაკუთრებული პრეფერენციები აქვს და პრივილეგირებულ მდგომარეობაში გვამყოფებს.

"კვირის პალიტრას" ასეთი მიდგომები არ ახასიათებს,  რაც ძალიან მახარებს.  ამ ბრენდის ძირითადი მახასიათებელი ობიექტურობა, სანდოობა, უკიდურესობებისაგან თავის შეკავება, ხარისხი და რესპექტაბელურობაა და ვიმედოვნებთ, ამ თვისებებს "კვირის პალიტრას" ყოველთვის შეინარჩუნებს.

მედიასივრცეში იშვიათი გამონაკლისია, როდესაც მფლობელობითი ხარისხი არანაირ სუბიექტურ ზეგავლენას არ ახდენს სარედაქციო პოლიტიკაზე. "კვირის პალიტრამ" ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური განვითარების  ურთულესი პერიოდები გამოიარა.

როგორც წესი, ხელისუფლების ცვლას ტელევიზიებისა და გაზეთების მსხვერპლად შეწირვა მოსდევდა. "კვირის პალიტრამ" ამ ყველაფერს გაუძლო არა რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან, ხელისუფლებასთან ან ბიზნესდაჯგუფებებთან კომპრომისების ხარჯზე, არამედ სწორედ ობიექტურობის წყალობით და მოვლენებისგან მედიაბიზნესსუბიექტისათვის აუცილებელი დისტანციის შენარჩუნების გამო.

როდესაც უცხოელ კოლეგებთან მედიასივრცეზე ვლაპარაკობ, მაგალითად "კვირის პალიტრა" მომყავს, როგორი უნდა იყოს მიუკერძოებელი, ისტერიულობისაგან დაცლილი მედიასაშუალება, რომელიც ახერხებს ერთნაირად ობიექტური, ზოგჯერ კი მკაცრი დამოკიდებულება ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშის მიმართ, მიუხედავად იმისა, ისინი ოპოზიციას წარმოადგენენ თუ ხელისუფლებას. ვისურვებდი, რომ ამ მედიასახლის შემადგენელი ნაწილი მალე გამხდარიყოს ტელევიზიაც.

KvirisPalitra.Geრუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი:

მინდა "კვირის პალიტრას" 15 წლის იუბილე მივულოცო. ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ქვეყნის დამოუკიდებლობა და სიტყვის თავისუფლებაა. "კვირის პალიტრა" დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიასივრცეში გამორჩეულია. მინდა გისურვოთ მატერიალურად მეტად გაძლიერებულიყავით. ეს საშუალებას მოგცემთ მეტად თავისუფალი იყოთ. სახარებაში წერია, პირველად იყო სიტყვაო. თქვენ დიდი და საპატიო მისია გერგოთ, - თავისუფალ სიტყვას ემსახურებით!

KvirisPalitra.Geდავით გამყრელიძე, "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე:

ვულოცავ "კვირის პალიტრასა" და მის თითოეულ ჟურნალისტს, მის დამფუძნებლებს და რედაქტორებს, გილოცავ, ჩემო იზო, პირადად შენ და ვულოცავ მკითხველს, რომელიც 15 წლის განმავლობაში ერთგულად კითხულობს "კვირის პალიტრას" და კითხულობს იმიტომ, რომ "კვირის პალიტრიდან" იღებს ყველაზე ობიექტურ, საჭირო და საინტერესო ინფორმაციას.

ასე გაგეგრძელებინოთ კიდევ 150 წელი. მე ვეღარ მოგილოცავთ, მაგრამ შემდგომი თაობები იამაყებენ, რომ "კვირის პალიტრის" მკითხველები არიან. ვულოცავ მთელ მედიასახლ "კვირის პალიტრას", რადგან "კვირის პალიტრა" გამრავლდა და არ არის მხოლოდ ერთი გაზეთი.

თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო გამოცემები, ძალიან პოპულარული რადიო, რომლის ხშირი სტუმარი ვარ. თქვენს მედიასახლს აქვს ყველაზე პოპულარული საინფორმაციო სააგენტო. ყოველ დილას "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციის წაკითხვით ვიწყებ. ამ მედიასახლში ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ. საქართველოს დღეს სწორედ თქვენნაირი პროფესიონალები სჭირდება.

KvirisPalitra.Geინგა გრიგოლია: "კვირის პალიტრა" არის გაზეთი, რომელსაც წაიკითხავ და ინფორმაციის გადამოწმება არ გჭირდება, იმდენად მაღალი აქვს ნდობის ხარისხი. ის ჩემი საყვარელი გაზეთია. ისედაც  რეიტინგების ლიდერები ხართ და მინდა გისურვოთ, კვლავაც ლიდერები და ძალიან საინტერესოები იყოთ.

ღმერთმა ისევ და ისევ  გიმრავლოთ მკითხველი, რომელთა შორის მეც მუდმივად  მიგულეთ. მიყვარს თქვენი გაზეთი იმიტომ, რომ ინტერაქტიულია, მრავალფეროვანი და მკითხველის სხვადასხვაგვარ გემოვნებას აკმაყოფილებს. ამ გაზეთში ყველაფერი მაინტერესებს. "კვირის პალიტრაში" ყოველთვის იგრძნობა ხალხის ხმა და ეს არის მთავარი. კვლავაც ასე გააგრძელეთ.

მკითხველი ინტერნეტსაიტითაც გამოგვეხმაურა და გულთბილი მოკითხვა-მოლოცვაც არ დაიშურა... გმადლობთ !

"კვირის პალიტრა" ჩემი ოჯახია, მთელი სამყაროა ხელისგულზე..."

რამაზი: "კვირის პალიტრა" ნამდვილად იმსახურებს მადლობისა და ქების სიტყვებს. ამ გაზეთში  შუქდება უმთავრესი მოვლენები ყველა სფეროში. ამასთან, შუქდება რომელიმე მხარისადმი მიუკერძოებლად.

"პალიტრის" ჟურნალისტები ორიენტირებულები არიან არა აგრესიაზე ვინმეს მიმართ, არამედ ქვეყნის გაუკეთესების სურვილზე. რაც მთავარია, ყოველ ჟურნალისტს აქვს გამოკვეთილად ქართული სული... დარწმუნებული ვარ, "კვირის პალიტრას" არც ქება გაამედიდურებს და არც შენიშვნა დააკარგვინებს მხნეობას.

ღმერთმა დაგილოცოთ მიზნები და საქმიანობა, პალიტრელებო."

ნერონ კაჭარავა: დაარსების დღიდან "კვირის პალიტრის" არც ერთი ნომერი არ გამომიტოვებია. ეს ჟურნალისტების პროფესიონალიზმსა და გაზეთისადმი უდიდეს ნდობაზე მიუთითებს!

*** "კვირის პალიტრა" არის ლიდერი ქართულ ბეჭდვით მედიაში!  ჩვენს ოჯახში ყოველ ორშაბათს ყიდულობდნენ ამ გაზეთს და ახლაც ასეა, მეც დავოჯახდი და ეს წესი ახალ ოჯახშიც დავნერგე.

მაკა: "კვირის პალიტრა" ჩემი ოჯახია. მთელი სამყაროა ხელისგულზე...

ირმა: ერთადერთი გაზეთია, რომელსაც სიამოვნებით ვკითხულობ, დიდი მადლობა!

ლია: მიყვარს თქვენი გაზეთი და მინდა, მუდამ იყოთ ჩვენს ქვეყანასა და ქვეყნის გარეთ მყოფ ქართველ მკითხველთა საიმედონი...…

უჩინარა: იმზეგრძელე და იდღეგრძელე, "კვირის პალიტრავ"! დიდი სურვილი მაქვს, სხვა გაზეთებივით არ გაქრეთ და წეროთ მუდამ სიმართლე, ობიექტური და ხარისხიანი ინფორმაცია არ მოგვაკლოთ. პროფესიონალები ხართ ყველანი!!!

ილონა: "კვირის პალიტრავ"," გაიხარეთ, ბოლომდე შეინარჩუნეთ თქვენი სახე, იბრძოლეთ, იშრომეთ და ისე იცხოვრეთ, როგორც დღემდე გიცხოვრიათ, ადამიანისათვის სინდისსა და პატიოსნებაზე ძვირფასი არაფერი მიუცია ღმერთს და ღმერთმა მოგცეთ ძალა და გაგაძლიეროთ თქვენს რწმენასა და ხალხის სამსახურში.

კვირისპალიტრელებო და მკითხველებო, ყველას გილოცავთ ჩვენი საყვარელი გაზეთის დაბადების დღეს. 15 წელია თქვენთან ერთად ფეხდაფეხ მოვდივარ. გაიხარეთ და იბედნიერეთ, გვეცხოვროს ძლიერ, ერთიან და მშვიდობიან საქართველოში.

ჯეკო ჯალაღანია: მივესალმები "კვირის პალიტრის" ოჯახის წევრებს". ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და ქების ღირსნი ხართ. მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენ შეინარჩუნეთ პრესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რამ - ობიექტურობა.

ტიგრანა: მე ერთი ჰავლაბრელი კაცი ვარ, ჩემი თბილისი მიყვარს რაღა, ძალანაც დიდი ბოდიში, ბიჭმა წამიკითხა ეს ამბავი და რამე და ეხლა ვეუბნები, რასაც გეტყვი, ის დაწერე სიტყვა-სიტყვით-მეთქი. აი, რა უნდა მეთქვა, ძალანაც ჩესნი გაზეთია და პატივისცემა მაქვს თქვენი. ეგრე გააგრძელეთ. აბა, ძალან კარგად იყავით...…

გულნარა წიკლაური: გამარჯობათ! მე ვარ მხატვარი. ვცხოვრობ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში. მინდა მოგესალმოთ და გითხრათ, რომ დიდი სიამოვნებით და ინტერესით ვკითხულობ თქვენს გაზეთს!

ქართველა: თქვენ გაგიმარჯოთ, მართალო ხალხო!– "კვირის პალიტრის" კოლექტივო! თქვენ მხოლოდ მათ არ უყვარხართ, ვისაც ქართველების საქართველო არ უყვარს. იარეთ ასეთი მართალი გზით. უფალი გფარავდეთ!

ავთანდილ კაპანაძე: 15 წელია "კვირის პალიტრა" ჩემი ოჯახის საყვარელი გაზეთია, რაც განპირობებულია თქვენი ობიექტურობით, პროფესიონალიზმით და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, - საჭირო დროს საჭირო ადგილზე ხართ, ანუ ხართ ხალხის სამსახურში, რისთვისაც დიდი მადლობა.

ზურა: "კვირის პალიტრა" ერთადერთი გაზეთია, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი საქართველოში ყოფნის დროს და ახლა დიდად მოხარული ვარ, რომ ინტერნეტით მაქვს ამის საშუალება უცხო ქვეყანაში.