"ბალახი რომ იყოს, ძროხას ქუჩაში რა უნდა, განა ასფალტს ჭამს?! "
05-12-2016
"ბალახი რომ იყოს, ძროხას ქუჩაში რა უნდა, განა ასფალტს ჭამს?! "
"ძვირფასო რედაქცია, მაგ დალოცვილებს მე ვერ მივწვ­დი და თქვენ მაინც ჰკითხეთ, - რა ქნას გლეხკაცმა და მისმა პირუტყვმა, საით წავიდეს,
რომ ცოცხალი გადარჩეს?!"


ბოლო წლებში საგანგებო კანონები მუშავდება იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა იაროს ქალაქის თუ დასახლებების ცენტრში პირუტყვმა - ქუჩებში მოსეირნე ძროხები ტრანსპორტისთვის საფრთხეს ქმნის, მისგან დაბინძურებული ქუჩები და გადაძოვილი გაზონები კი უსიამოვნო განცდას. თუმცა,­ არსებობს მეორე მხარე, რა ქნას გლეხმა, სად აძოვოს მარჩენალი პირუტყვი, როცა საძოვრები ყველგან
გაუყიდეს და მშიერი ოთხფეხი ქუჩაში დაეძებს საკვებს?!

სამოცს კარგა გადაცილებული გლეხკაცი გახლავართ. მთელი სიცოცხლე შრომაში გავატარე, შინ რომ მივიდოდი და ცოტას ამოვისუნთქავდი, კითხვა მიყვარდა და წიგნს ჩავუჯდებოდი ხოლმე. "კვირის პალიტრაც" წიგნივით იყო ჩემთვის, - აქაც ბევრჯერ ამომიკითხავს­ ბრძენი ხალხის ნათქვამი, მაგრამ არ მახსოვს, რომელიმეს ეთქვას,
მშრომელი გლეხის მოსპობა და განადგურება ქვეყანას არ ღუპავსო.

ეს ცოდვა რამდენ მთავრობას აწევს კისერზე ტვირთად და ერთს არ წამოსცდენია - ამას რას ჩავდივარო! პირიქით, რაც შეუძლია, ყელში გვიჭერენ და გვიჭერენ.
საძოვრები განა მარტო კახეთში გაგვიყიდეს, მთელ საქართველოში, თანაც ჩალის ფასად, გლეხებისაგან ფარულად. მთელი სიცოცხლე რამდენიმე ძროხა მეწველებოდა, და ჩემი ნაშრომით ფეხზე ვიდექი.

ახლაც პატარა ფერმა მაქვს, მაგრამ ვაი, ამ ქონას - საძოვრები აღარ გვაქვს და საკვებში იმდენს ვიხდი, რომ აღარაფერი მრჩება. არადა, 40 წლის ვაჟი მიდგას გვერდით და მუხლს არ ვხრით. ჩემი ვაჟის დაკოჟრილ ხელებს რომ შევხედავ ხოლმე, ბოღმა მომაწვება - კაცი ამდენს შრომობს და იმდენი ვერ იშოვა, რომ ოჯახის შექმნა გაბედოს. ჩვენი ძროხების ნაწველით ამოყვანილ ყველსაც ვერ ვყიდით. იკითხავთ, - ბაზარში მაინც რატომ არ გაყიდეო?! ბაზარში სიარულს მარიფათი და დრო უნდა; ჩვენ კი არც ერთი არ გვაქვს. ერთი რძის მიმღებ ქარხანას ვნატრობთ და ისიც კი არ გვაქვს საგარეჯოში.

ბალახი რომ იყოს, ძრო­ხას ქუჩაში რა უნდა, განა ასფალტს ჭამს?! ჩემი მთავრობა­ კი მემუქრება, - ეგ შენი ძროხა ქუჩაში არ დავინახოო, მაგრამ ვერ მოვაშორებ, რადგან ისევ ჩემი მარჩენალი უნდა შევინახო, სანამ ვიცოცხლებ... ძვირფასო რედაქცია, მაგ დალოცვილებს მე ვერ მივწვ­დი და თქვენ მაინც ჰკითხეთ, - რა ქნას გლეხკაცმა და მისმა პირუტყვმა, საით წავიდეს, რომ ცოცხალი გადარჩეს?!

თენგიზ მარიდაშვილი, საგარეჯო

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?