თხა ვიყიდე, თხა გავყიდე? - კვირის პალიტრა

თხა ვიყიდე, თხა გავყიდე?

"რა ვიცით, გაისად ამ დროს ისევ არ მოვლენ და არ იტყვიან, შარშან რემონტი კარგად ვერ ჩავატარეთ და ისევ ახალი რემონტი უნდა დავიწყოთო!"

ამ წერილის ავტორმა ამ ამბავს "თხა ვიყიდე, თხა გავყიდე, სარგებელი ვერა ვნახე" დაარქვა. ჩვენ კი ერთს დავამატებდით: ისინი, ვისაც ქვეყნის ბედი აბარია, საქვეყნო საქმეებთან დაკავშირებით ასეთ ასოციაციებს არ უნდა ქმნიდნენ, - ჩვენ ხალხი ვართ და არა თხები, რომ ვერაფერი განვსაჯოთ!

ჩვენ, ძველი თბილისის ბოტანიკურ ქუჩაზე მცხოვრებნი, ალბათ ყველაზე კარგი მაგალითი ვართ იმის საჩვენებლად, როგორ იხარჯება ის ფული, რაზეც ქართველ ხალხს ხელი სამოწყალოდ გვაქვს გაწვდილი უცხოეთში და უცხოებისკენ. საქმე კი ის გახლავთ, რომ ჩვენ თვალწინ ხელისუფლებამ მილიონები, ასე ჰქვია, პირდაპირ მტკვარში გადაყარა და გარდა ამისა, ამ ქუჩაზე მცხოვრებლებს ცხოვრება ზუსტად წელიწადია მთლიანად აგვინგრია, - ისე როგორც ჩვენი ქუჩაა ანგრეული და ათხრილი მარადიული რემონტისათვის.

ძალიან გთხოვთ, წინასწარ არ გაგვკიცხოთ, - თქვე კაი ხალხო, ასეთი უმადურები რანაირად ხართ, ხელისუფლება რემონტებს გიკეთებთ, თქვენ კი მისი გაზეთში გამოჭენება მოგინდათო! ჩვენ კი პირდაპირ ვიტყვით, - ნებისმიერ, ქვეყნისთვის გულშემატკივარ კაცს გული გაუსკდებოდა ასეთ "რემონტზე", - ჩვენს ქუჩაზე შარშან, ზუსტად ამ დროს, ასიათასობით ლარად ღირებული ფილაქანი რომ დააგეს და რამდენიმე თვე ჩვენც მტვერში გვამყოფეს და გამვლელ-გამომვლელიც, წელს მოვიდნენ და ის ფილაქანი აყარეს, - ეს ძველი თბილისის რესტავრაციის პროგრამაში შედის, გარდა ამისა, შარშან კომუნიკაციების მილების ჩაყრა დაგვავიწყდაო! როგორი საქმეა, ნუთუ ჩვენმა ხელისუფლებამ სხვა ვერაფერი და ვერავინ ნახა, ან ავადმყოფი, ან ობოლი, ან მართლა დანგრეული და დაქცეული, რომ ამოდენა წყალში ჩაყრილი მილიონები მისთვის მოეხმარებინა?! ან მოსახლეობას რაღას გვერჩოდნენ, რომ სახლში ვეღარ შევსულვართ და ანგრეული, ამტვერებული ქუჩისა და აღრიალებული ტექნიკის გადამკიდეთ საკუთარ ჭერქვეშ ღამე მშვიდად ვეღარ გაგვითევია?

ფულის გადაყრაზე ვერაფერს გეტყვით, - რადგან თვით ჭკუასუსტი კაციც ფულს რომ დახედავს, ცნობს და ჯიბეში იდებს, მაგრამ ჭრელ აბანოებთან მდებარე ბოტანიკური ქუჩის ნახვა ადამიანს მართლა საგონებელში აგდებს, - ჭრელი აბანოებიდან ბოტანიკურ ბაღამდე ამავალი გზა მთლიანად ხარაჩოებშია ჩასმული და ისეთი მუშაობაა გაჩაღებული, როგორ შეიძლება არ გიხაროდეს. მეორე მხრივ, ქუჩაზე ჩამწკრივებული ნებისმიერი სახლის კარს გამოაღებ და ტანჯული სახეების დანახვისას გული დაგეწვება და მესამეც, - შოკში ვარდები, ძალიან გინდა ის ხალხი ნახო, ვისაც ამხელა ფულის ბნევა ჩირადაც არ უღირს. ვინაიდან იმ წუთში ამ ქუჩაზე ეს ხალხი არ იყო, ძალიან შეწუხებული გამვლელი გავაჩერე, რომელიც ჯავრს ქუჩას შესეულ მუშებზე იყრიდა, - აქაურები გუშინ მთელი დღე თქვენს გადათხრილ ორმოებს ვასწორებდით, მანქანები რომ სახლებამდე მიგვეყვანა, თქვენ კი დღეს ისევ დათხარეთო. ისინიც ხელაქნევით პასუხობდნენ, - ჩვენთან რა გინდათ, წადით და მთავრობას ჰკითხეთ ანდა კიდევ ჩვენს უფროსობასო. როცა გამწარებულმა მომჩივანმა ხელი ჩაიქნია და მტვერში ამოსვრილი შარვალი დაიფერთხა, მაშინ დავეწიე და ვკითხე, რამდენი ხანია, ამ დღეში ხართ-მეთქი!

- მე რა ვიცი, სათვალავი ამერია, ამათ უაზრობაზე ლამისაა ტვინში სისხლი ჩამექცეს!

- რატომ? შარშან დაგებული ფილაქანი წელს რომ ისევ აყარეს?

- მა, რა! თქვენ ხომ ეგრე უბრალოდ ამბობთ, "დაგებულიო", ეგ მარტო დაგება კი არ იყო, მთელი ეს ქუჩა, რასაც ახლა უყურებთ, ზუსტად ასე იყო ათხრილი. ზიდავდა და ზიდავდა ტექნიკა ამ ქვებს და იყო ერთი გნიასი და მტვერი.

- ალბათ შარშან ასე უკმაყოფილო არ იქნებოდით...

- გიჟები კი არ ვართ, რომ უკმაყოფილოები ვყოფილიყავით, პირიქით, გვიხაროდა. კაცის ფსიქოლოგიაა ასეთი, - ყველაფერს აიტანს, თუ იცის, რომ ხვალ დაწყნარდება და პირობები გაუუმჯობესდება. მაგრამ ახლა ჩვენ რა ვიცით, გაისად ამ დროს ისევ არ მოვლენ და არ იტყვიან, შარშან რემონტი კარგად ვერ ჩავატარეთ და ისევ ახალი რემონტი უნდა დავიწყოთო!

დავემშვიდობე და ის იყო, ქუჩას გავუყევი, რომ იქვე ორმოში ჩავვარდი, მაგრამ ალბათ ღირდა, რადგან თხრილში მომუშავე მუშების საინტერესო დიალოგი მოვისმინე:

- ბიჭო, შაჰ-აბასის ქისა თუ ნახო, არ გამომაპარო!

- რა შაჰ-აბასის ქისაზე ამბობ?

- არ იცი, რო ეს ადგილები შაჰ-აბასს ჰქონდა დაპყრობილი, იქნებ აქაც გაიარა და დაუვარდა!

- მაგის ბედი ვინ მომცა, ფული იმასთან მიდის, ვინც ფულს ატრიალებს, - ჩვენი მთავრობა იპოვის, როცა "პრავერკაზე" მოვა!