"მგელი არ მოშლის მგლობასა" - კვირის პალიტრა

"მგელი არ მოშლის მგლობასა"

მგლებმა სოფელი სხვა პრობლემებთან ერთად შეაწუხეს. კანონით კი, მათი დახოცვა აკრძალულია. მაშინ რა ვქნათ?  იყო დრო, როცა მათი მოკვლა არ იკრძალებოდა.

ძვირფასო "კვირის პალიტრა", ამას წინათ რაიონში სტუმრად გახლდით და სუფრასთან ბულაჩაურელი კოტე ყეინიშვილის შესახებ ჰყვებოდნენ, რომელსაც 296 მგელი ჰყავს მოკლული. გთხოვთ, ამ ადამიანის შესახებ მოგვითხროთ.

სოფელ ბულაჩაურის მცხოვრებლები

ჩვენ დავუკავშირდით ჩვენს კორესპონდენტს ხევსურეთში გოგი ჭინჭარაულს და ვთხოვეთ კოტე ყეინიშვილს შეხვედროდა:

ძია კოტე ნამდვილი მთიელი კაცია: შრომა-ჯაფაში გამოწრთობილი ხელოსანი, მონადირე, მოლექსე. მგლებზე ნადირობა 14 წლისას დაუწყია.

- ოჯახში თხები, ძროხები და ცხვარი გვყავდა, - მიამბობს ძია კოტე, - მწყემსად რო გამგზავნიდნენ, უნდა მათთვის მეყარაულა. თხები შეძვრებოდნენ ჯაგებში და მგლის ლუკმა ხდებოდნენ, საღამოს კი მშობლები მსაყვედურობდნენ, როგორ მოგტაცა მგელმა თხაო. ერთმა  კაცმა მითხრა, შენ თოფი იშოვე და მგლის ბუნაგებს მე გასწავლიო. მამას არ უნდოდა, თოფი რომ მქონოდა. მაინც ვიშოვე და ტყეში, ფუღუროში ვმალავდი, რომ ლულაში წყალი არ ჩასულიყო. ერთხელაც მგლის ლეკვები მოვიყვანე სახლში და მამა ამის მერე აღარ მიშლიდა ნადირობას,  შირაქშიც ჩავდიოდი მგლებზე სანადიროდ, ხევში და ხევსურეთშიც ვყოფილვარ. ცუდი მოსახელთებელია მგელი. შეიძლება, ძუ მგელმა ერთ ღამეში 50-60 კილომეტრი გაიაროს და დილით ისევ ბუნაგში დაბრუნდეს. აი, ასეთ დროსაა ლეკვების გამოსხმა საჭირო.

- ლეკვების გამოყვანისას მგელი რომ თავს დაგსხმოდათ?

- ბალღობიდანვე რო ვნადირობდი, შიში აღარა მქონდა, უთოფოდაც კი მივსულვარ მგლის ბუნაგთან. მე უფრო ორფეხა მგლისა მეშინია... ჩვენს რაიონში მგლის ტყავების ჩაბარების გეგმას მე ვასრულებდი, მაგრამ ბოლოს მაინც ერთი ძველი ბერდანის გამო დამიჭირეს. 1877 წლისა იყო და მისი ხელახალი რეგისტრირების ვადები იყო დარღვეული. ამაზე მომდეს შარი, არც ჩემი დამსახურება გაითვალისწინეს და ერთწლიანი პატიმრობა ამკიდეს.

- ახლა რომ მგლის მოკვლა იკრძალება, ამაზე რა აზრის ხართ?

- მგლის მოკვლა წინათ არ იკრძალებოდა, მერე დემოკრატებმა აკრძალეს. მაგრამ მგელი ხო იცი, მგლობას არ მოიშლის, არც გაიწვრთნება, ამიტომ მოკვლა საჭიროა, განადგურება - არა!