წინ, წინაპრებისკენ! - კვირის პალიტრა

წინ, წინაპრებისკენ!

როცა ერს უჭირს, საშველს დიდხანს ელოდება, ის კი არ ჩანს, მაშინ ხალხი თავად ეძებს ხსნის გზას, - რაღაც ისეთს მოიფიქრებს ხოლმე, რომ მისი დაჩეხილი სხეული გაამრთელოს.

ჩვენ რამდენჯერ დაგვიწერია ამგვარ ამბებზე, ბევრჯერაც დავწერთ, რადგან ერის სასიცოცხლო ძალა უპირველესად და უმთავრესად მისი შვილების გულში აგიზგიზებულ ცეცხლში გვეგულება. ესეც გულის ცეცხლია, - ამ გაუცხოების და ერთმანეთის დაკარგვის დროში, ქართული გვარების შვილებმა, თითქოს შიგნიდან ვიღაცამ უხილავად უბიძგაო, ერთმანეთის მოძიება დაიწყეს, - ასე იბრუნებენ დრო-ჟამით გაფანტულ ერთმანეთის სიყვარულს და  მამულის სიყვარულსაც.

ყველა ქართული გვარი, რომელიც ერთმანეთს დაეძებს, ერთად აუცილებლად წმინდა ადგილზე, ადგილის დედასთან იკრიბება. მერე ეს ადგილის დედა განუწყვეტლივ ახსენებს, ვისი გორისანი არიან!

ამიტომ არის ქართული გვარების ერთად ყოფნა ერის ერთად ყოფნის ნიშანი. ამჯერად მურჯიკნელების გვარმა მოძებნა ერთმანეთი...

ისტორიული გვარია მურჯიკნელი. აი, რას წერს დიდი კონსტანტინე გამსახურდია ჩვენს გვარზე "დავით აღმაშენებელში": "ციხისთაობა აზნაურ მურჯიკნელს უნდა ეურვა, თრიალეთიდან აღმოსავლეთით წასულთ, ხორანთას გასწვრივ უნდა გადაელახათ მტკვარი..."

ახლანდელმა მურჯიკნელებმაც მტკვარი გადავლახეთ ხორანთას - როგორც იქნა, მთელი სიცოცხლის ოცნება ავისრულეთ და ჩვენი დიდი წინაპრების ისტორიულ ადგილებში, ჩვენს ფუძეზე წავედით - საუკუნეებს შეჭიდებული, ნაწამები, ათასგზის გადაბუგული მამულეთის, ჯავახეთის მოსანახულებლად.

ყველა, ხანდაზმული თუ ახალგაზრდა, ერთ ფიქრს ვყავდით შეპყრობილი - რა დაგვხვდებოდა იქ, ძირძველ ქართულ მიწაზე, მიწაზე, სადაც, ჩვენი გულის სადარდებლად, თითზე ჩამოსათვლელი ქართველობა უნდა დაგვხვედროდა; დაგვხვდნენ კიდეც იქიდან ფეხმოუცვლელი მოგვარენი - სისხლი სისხლთაგანნი და ხორცი ხორცთაგანნი. ხვევნა-ამბორი, სიხარულის და არა მარტო სიხარულის ცრემლები, სიცილი, ტირილი აირია ერთმანეთში...

ამოუცნობი ფიქრით შეპყრობილნი მივუახლოვდით ჩვენს ნასოფლარს - მურჯიკანს, რომელიც გამქრალია მიწისაგან პირისა, რომ არა ეკლესია-ბაზილიკა ჩვენი საგვარეულოსი (რომელიც, ცოტა ხნის წინ, ნანგრევებად ქცეული, აღუდგენიათ), იქ ჩვენდა თავში საცემად მურჯიკნელების კვალი გამქრალიყო. მაგრამ ჩვენ ისევ დავადგით ფეხი ამ მიწას, ავახმაურეთ და ჩვენს სალოცავს შევთხოვეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის კეთილი და მშვიდობიანი მომავალი.

მერე იქვე გავათენეთ და ვიხილეთ, როგორ ამოგორდა დიდებული მზე აბულ-სამსარის ქედზე, თვალწარმტაცი იყო დედაბუნება, ამინდი - შესაშური და კვლავ საგვარეულო სუფრა გაიშალა. სიყვარულის და ნათესაური გრძნობების გაცვლა-გამოცვლით მოვიოხეთ გული და, როგორც დიდი ხნის უნახავ, მოსიყვარულე დედმამიშვილებს, ისე გამოვეთხოვეთ ერთმანეთს...

ასე სიყვარულით გევლოს წინ, წინაპრებისკენ, ჩვენო ჯიშო და ჯილაგო, ჩემო მთლიანო საქართველო!

ნუნუ მურჯიკნელი