ჩვენკენაც მოიხედეთ! - კვირის პალიტრა

ჩვენკენაც მოიხედეთ!

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი სამშობიარო სახლის სანიტრები გვწერდნენ, - ხელფასი შვიდი ლარიც არა გვაქვს და გვიშველეთო. ჯანმრთელობის სამინისტროს რომ

დავუკავშირდით, გვითხრეს, - სამშობიაროები შპს-ებად გადაკეთდა, თუ მშობიარე არ შევიდა, სანიტარს ხელფასს ვინ მისცემსო! მოკლედ, სამშობიაროები სახელმწიფომ თავიდან მოიშორა - თავი თვითონვე შეინახეთო, მაგრამ ამ წერილის ადრესატებს ნამდვილად ვერ მოიშორებს - ისინი სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტის, კავშირგაბმულობის თანამშრომლები არიან.

განა რა დააშავეს ასეთი - ხელისუფლება როდესაც აცხადებს, ხელფასებს ვზრდიო, ზოგიერთ სახელმწიფო მოხელეს მართლაც რომ სასაცილო ჯამაგირი აქვს...

კავშირგაბმულობის წამყვანი როლი სახელმწიფოში საყოველთაოდ ცნობილია. ამ სისტემის არსებობა ფოსტის თანამშრომლების გარეშე წარმოუდგენელია. ფოსტის მუშაკებს დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რათა დროულად, ხარისხიანად და უდანაკარგოდ მივაწოდოთ მოსახლეობას ყველა გზავნილი.

ამიტომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ფოსტის თანამშრომლები შიმშილით არ იხოცებიან - სახელმწიფო მათ იცავს, უფრთხილდება, გარჯას უფასებს. ჩვენთან კი... სახელმწიფოს მოხელეები ყოველდღე გამოდიან ტელევიზიით და გაიძახიან, - დიდი წარმატებები გვაქვს, სახელმწიფო სისტემაში მინიმალური ხელფასი 500 ლარამდეაო. არ დაუჯეროთ! ჩვენთვის, ფოსტის თანამშრომლებისთვის 100 ლარზე მეტი ხელფასი არავის მოუცია!

ჩვენთან მაღალკვალიფიციური, განათლებული, პროფესიის ერთგული ადამიანები მუშაობენ. მათ, მიუხედავად დიდი მატერიალური გაჭირვებისა, არ მიუტოვებიათ თავიანთი საქმე. ამდენი ხანია მოთმინებით და სასოებით ველით, ეგებ ვინმეს გავახსენდეთ და ამაგი დაგვიფასოსო. ამაოდ. არავისი გვშურს, მაგრამ უსამართლობით გულნატკენებმა უნდა გაგიმხილოთ: თბილისის ცენტრალური ფოსტის, მისი რაიონული ფილიალების ფოსტის უფროსებისა და მათი მოადგილეების ხელფასი 2.000-2.500 ლარია!

დაუჯერებელია, არა? იქნებ ჩვენს ხელისუფლებას ეს ამბავი მხედველობიდან გამორჩა...

ამიტომ გთხოვთ, ბატონებო, ჩვენკენაც მოიხედეთ!

ფოსტის თანამშრომლები