ლარად გაყიდული ტარანი და... ათასწლეულები?! - კვირის პალიტრა

ლარად გაყიდული ტარანი და... ათასწლეულები?!

მტკვრის მეთევზეები ტარანის აცმას და უძველეს პაწაწინა ბორბლებს ერთნაირად, თითო ლარად ყიდიან. ლარიც ფულია - ასე უღირთ თავიანთი საქონელი. მაგრამ ჩვენ როგორ გვიღირს? როგორც გვწერენ, ეს პაწაწინა ბორბლები არაერთი საუკუნისაც შეიძლება იყოს.

ეს ბორბლები, რომელსაც ახლა ფოტოთი გიგზავნით და შინ სათუთად მაქვს შენახული, რამდენიმე ხნის წინ მტკვრის მეთევზეებისგან ვიყიდე - მიწაზე ეყარათ გასაყიდად. თანაც მითხრეს, როცა მტკვარი დაწეულია, ასეთ ნაკეთობებს ხშირად ვპოულობთო. დავხედე და ელდა მეცა - ძალიან ძველმა ლითონმა რომ იცის, ისეთი სიძველით, მწვანედ ანათებდნენ. რასაკვირველია, მაშინვე ის გამახსენდა, რომ ჩვენს ისტორიკოსებს ამ ადგილებში - მტკვრის ზოლის გაყოლებაზე ძვ.წ.ა. პირველი ათასწლეულის და კიდევ უფრო ძველი, სხვადასხვა ზომის ბორბლები აქვთ აღმოჩენილი.

ნეტავი რისთვის ამზადებდნენ ასეთ ბორბლებს ჩვენი წინაპრები? - ჩემი შეძენილი ბორბლები პატარაა და ცხადია, ურიკისთვის ვერ გამოდგებოდა. ზოგადად ბორბალს - წრეს სრულყოფილების სიმბოლოდ მიიჩნევდა მსოფლიოს ყველა ხალხი. "სრულყოფილების" გამოყენება კი ყველაფერში შეიძლება. ბორბლის ფორმა ხშირად არის დატანილი უძველესი ხალხების მონეტებზეც, მაგალითად, ძველ, სამხრეთიტალიურ ფულის მონეტებზე.

KvirisPalitra.Geრატომ არ შეიძლება, რომ ეს ბორბლები ჩვენთანაც ფულის მარტივ ფორმად გამოეყენებინათ? ფულის მარტივი ფორმა კი იმას ნიშნავს, რომ უძველეს დროში საქონელს კი არ ყიდულობდნენ, არამედ თავიანთ არჩეულ ღირებულების ერთეულზე ცვლიდნენ (სამკაულებზე, ლითონებზე, მარცვლეულზე). ხომ შეიძლებოდა ეს ბორბლებიც ღირებულების ერთეული ყოფილიყო, ანუ ფულის ფუნქცია ჰქონოდა მინიჭებული?

თუმცა მე მხოლოდ ჩემს ვარაუდს გთავაზობთ. კარგი იქნება, თუ ამით ისტორიკოსებიც დაინტერესდებიან, ვინ იცის, მტკვარზე ტარანივით იქნებ მართლა ჩვენი შორეული წარსული იყიდება?!

გრიგოლ ალავიძე P.S აი, ბორბლების ფოტოც! თუ ისტორიკოსებს დააინტერესებთ მისი ამბავი, გამოგვეხმაურონ. ვინ იცის, იქნებ მართლაც უშორეს წარსულს ვყიდით მტკვარზე ლარად ტარანივით!