თანამედროვე "მაგდანას ლურჯები", ანუ ცოტა დააჩქარეთ, ბატონებო! - კვირის პალიტრა

თანამედროვე "მაგდანას ლურჯები", ანუ ცოტა დააჩქარეთ, ბატონებო!

ბავშვობაში "მაგდანას ლურჯას" ამბავი ხომ წაგიკითხავთ და ცრემლიც მოგდგომიათ? ასე იქნებოდა, უეჭველად! თქვენი არ ვიცი და  მე, პირადად ბევრი მიფიქრია, თუ რატომ გვასწავლიდნენ ასეთ ტკბილ-სევდიან ამბებს, - სიკეთის და ადამიანური ტკივილების ფასი რომ გაგვეგო, იმიტომ. და გულში ყველანი პირობასაც  ვდებდით, რომ ამას უსათუოდ ვისწავლიდით! თუმცა... ზოგმა ვისწავლეთ და ზოგმაც, - ვერა...

მაპატიე, "კვირის პალიტრავ", რომ გაწუხებ, მაგრამ ტკივილით მაქვს სავსე გული, - საგარეჯოს რაიონში, სოფელ ნუკრიანში ვცხოვრობ. აქ ჩემს ოჯახს მაგდანას ლურჯასავით ერთადერთი მარჩენალი ძროხა გვყავდა და ჩემმა ცოდვით სავსე ქურდებმა მომპარეს.  გულგახეთქილი საგარეჯოს პოლიციას მივადექ. შევევედრე, ადამიანებო, რაიმე იღონეთ, თორემ შიმშილით დავიხოცებით-მეთქი. განა არ მოვიდნენ, თან ძაღლიც მაიყვანეს, მაგრამ რა, თვეები გავიდა და მაგათგან არაფერი ჩამიჩუმი გაგვიგია. ჩვენა კიდევ, ვწყდებით დარდით. გვიშველეთ რაიმე, ხალხი არ ხართ!

ეკატერინე სოზაშვილი ხალხიც ვართ და ისე, როგორც ბავშვობაში, ამ სევდიანმა ამბავმა გულიც დაგვწვა, ამიტომ ქალბატონ ეკატერინეს დავუკავშირდით ნუკრიანში.

- ქალბატონო ეკატერინე, ისევ არაფერი ისმის პოლიციიდან? ხომ არ მიაგნეს თქვენი ძროხის ქურდის კვალს?

- არა, შვილო, განა მაგიტომ არ ვარ გამწარებული, რომ დრო გადის და ჩემი ძროხის ბაგა ცარიელაა? შევალ გომურში და გამოვდივარ მერე ეგრე, თვალებცრემლიანი. თქვენს გულს ვენაცვალე, რომ ჩემი დარდი ახლოს მიიტანეთ. ზოგი იტყვის, ძროხა დაკარგა, სახლ-კარი ხომ არაო, მაგრამ ჩვენა, სოფლად ძროხითა და პირუტყვით ვირჩენთ თავს და ჩვენი ყველაფერიც ეგ არის! თანაც, განა მარტო ჩემი ოჯახი ვართ ამისთანა დღეში, ერთი პერიოდი თითქო შეჩერებული იყო ჩვენთან პირუტყვის ქურდობა, ახლა ისევ დაიწყო, ჩემსავით ბევრი კარგავს მარჩენალ საქონელს...

- იქნებ მოგვიყვეთ, როგორ იყო ეს ამბავი.

- როგორ იყო და, დილით შევედი გომურში და ძროხა ახსნილი დამიხვდა საბელიდანა! მორჩა, აღარ იყო. თანაც ძალიან დასპეციალებულ ქურდებს აუხსნიათ, რეზინის ხელთათმანები ჩაუცვამთ და ეგრე მიდგომიან ბაგას გასაქურდადა, მომზადებულან, განა შემთხვევით შემომეჭრნენ მე საცოდავსა.

- კარგად შეგისწავლიათ საქმე.

- მე რა შემისწავლია, შვილო, ამასა კაცი, გონებაჩლუნგი თუ არ არის, ხელად მიხვდება. პოლიციიდან რომ მოვიდნენ და ძაღლი მაიყვანეს, ისეთ გულზე იყვნენ, ხელად ვიპოვით დამნაშავესო, მეც გული მომეცა. თანაც, იმ ძაღლმაც საითკენაც გაქუსლა, მეც იქეთკენ მქონდა ეჭვი, - ქურდი იმ მხარისა უნდა ყოფილიყო. მაგრამ მაინც ვკითხე პოლიციელებს, ეგ ძაღლი ხო სწორად იღებს კვალს-მეთქი. ეწყინათ, - რას ქვია იღებსო! მერე სად არის ქურდი? იმას რა მიხვედრა უნდა, რო ჩვენ ძროხებს აქაური კაცი იპარავს, განა ტრაპიზონიდან ჩამოსული! მე თუ ვიცი ეგ ამბავი, პოლიციამ არ უნდა იცოდეს? ხალხში რო გაიკითხონ, ხალხი ეტყვის, ეჭვი ვისზეც უნდა აიღონ. მაგრამა ალბათ არ აინტერესებთ ეგ ამბები.

- მე მგონი, ასე ხელაღებით არ შეიძლება მაგის თქმა, იქნებ იძიებენ საქმეს.

- როდემდე, შვილო? ვინემ პეტრეს მოსვლამდე პავლეს ტყავს გააძრობენ! ჩვენ ხომ დავიხოცეთ შიმშილითა, მარტო მე კი არ დამიკარგავს ძროხა, სხვებიც კარგავენ! ამიტომ ეგება სიტყვა შეგვაწიოთ საგარეჯოს პოლიციასთან, თქვენა სთხოვოთ, რომ ჩვენ საქმესაც მიხედონ, თქვენი დიდი ხათრი ექნებათ!

ხათრისა რა მოგახსენოთ, მაგრამ როდესაც საგარეჯოს პოლიციაში დავრეკეთ და მორიგემ გვიპასუხა, აუცილებლად შეგეხმაურებიანო, მართალი აღმოჩნდა. შეგვეხმაურნენ:

- ქალბატონ ეკატერინეს საქმეზე რეკავთ? თქვენ რატომ შეგაწუხათ, ეს საქმე ძიებაშია, სხვა რა ვქნათ, მგონი, ჩვენი უკმაყოფილო არ უნდა იყოს!

- უკმაყოფილო როგორ არ იქნება, ოთხი თვეა მარჩენალი გამოეცალა ხელიდან, ამბობს, სოფელმა იცის, ეჭვი საქონლის ქურდობაზე ვისზე აიღოსო. ნუთუ ასე ძნელია სოფელში ასეთი ხალხის პოვნა?

- შეუძლებელი არაფერია, ქალბატონო, ქურდები ვერსად დაგვემალებიან!

P.შ. ღმერთმა ქნას! არც ჩვენ დაგვეზარება, სხვა დროსაც დავურეკავთ ქალბატონ ეკატერინეს, იპოვეს თუ არა მისი მარჩენალი "ლურჯას" კვალი, - ჩვენ ხომ კარგა ხანია იმით ვტრაბახობთ, ის დრო წავიდა, საწყალი ხალხი რომ იჩაგრებოდაო. ვნახოთ, - ეგებ, როგორც მაგდანასთან, ქალბატონ ეკატერინეს კერაზეც ამოვიდეს სამართლიანი მსაჯულების შემდეგ დანთებული ბედნიერი ბუხრის კვამლი (ასე წერია ეკატერინე გაბაშვილის შექმნილ "მაგდანას ლურჯაში")...