ღვთისა და მამულის სიყვარულით - კვირის პალიტრა

ღვთისა და მამულის სიყვარულით

როგორც უწმინდესი და უნეტარესი ბრძანებს: "კულტურა და ხელოვნება არის მუდმივი მზადყოფნა სხვისთვის სიხარულის მისანიჭებლად..." პოეტ მირზა გელოვანის

სახლ-მუზეუმი (დირექტორი ციცინო გაბიდაური) და ახალგაზრდა ხელოვანები (თიანეთის სკოლების მოსწავლეები), რომლებიც ჩართულნი არიან სამუზეუმო ცხოვრებაში, ცდილობენ სიხარული და სიყვარული არ მოაკლონ პოეზიის მოყვარულთ. ისინი თვითონ ქმნიან და აგროვებენ კიდეც მთაში გაბნეულ მარგალიტებს. იცავენ, ინახავენ და საზოგადოებაში ამრავლებენ იმ სიწმინდეებს. ამჟამად ისინი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს მეუფე თადეოზის (მირიან იორამაშვილი) პოეზიით არიან დაინტერესებულნი.

ამ რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა ლიტერატურული საღამო: "ღვთისა და მამულის სიყვარულით", რომელიც მიეძღვნა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსს, მეუფე თადეოზს.

საღამო საგალობელით გაიხსნა და დარბაზი ფეხზე ადგომით და მოკრძალებული ოვაციით შეეგება მეუფეს.

ღონისძიების წამყვანებმა აღნიშნეს, რომ დიდი ბედნიერებაა გყავდეს ისეთი სულიერი წინამძღოლი, როგორიც მამა თადეოზია, რომელმაც იცის შენი კუთხის ისტორია, ამიტომაც მოძღვარს შეუძლია ლექსად ლოცვა-ქადაგების დროს, სამყაროს სრულყოფილად აღქმის საშუალება მოგვცეს.

საგალობლის ფონზე თიანელმა მხატვრული კითხვის პატარა ოსტატებმა ჩვეული სინაზით და ემოციით შეძლეს მსმენელამდე მიეტანათ მეუფე თადეოზის მდიდარი, ძარღვიანი და ამაღლებული პოეზია.

მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა, პოეტებმა ტარიელ ხარხელაურმა, მარიამ ხუცურაულმა, ერეკლე საღლიანმა, პედაგოგმა მერი ბოდაველმა აღნიშნეს მეუფე თადეოზის მოკრძალებულობა, თავმდაბლობა, მისი დიდი სიყვარული ღვთის, მამულისა და თავისი ხალხის მიმართ, რომ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული მეუფის ლექსები ამაღლებული და გულისამაჩუყებელია.

მთის ყვავილებით მორთულ სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ანსამბლები: "თეატრალური კვარტეტი", ანსამბლი "დები გოგოჭურები", მოსწავლე გოგონათა ანსამბლი "დები ნაყეურები" სოფელ მაღაროსკარიდან და თიანეთიდან "დები ზვიადაურები".

თეონა ქუმსიაშვილის, როგორც მას მთაში ეძახიან "მთის ბულბულის" გამოჩენამ გაახარა და აღაფრთოვანა მეუფე და დამსწრე საზოგადოება.

დასასრულ, თეთრი ნაბდით შემოსეს მეუფე თადეოზი და ქალაქში გაბნეულმა ფშავ-ხევსურებმა სულიერი წინამძღოლობა სთხოვეს ჩინებულ პოეტსა და სულიერ მამას...

სოფიკო ზვიადაური