როგორ მოვუაროთ წყალს - კვირის პალიტრა

როგორ მოვუაროთ წყალს

როგორ შეიძლება გულმშვიდად უყურო იმას, როგორ ვნებს წყალდიდობები ჩვენს ქვეყანას - მოვარდება გავეშებული ღვართქაფი და კაცის ნაშრომ-ნაჯაფარს წამში წაიღებს. ხელისუფლება, მართალია, ხალხს ეხმარება, მაგრამ თავსაც იწონებს, - ნახეთ, რა მაგარი ბიჭები ვართ, როგორ დავტრიალდითო, ავიწყდება, რომ დიდი ვერაფერი ბიჭობაა თავისი დანაშაულის გამოსწორებით ტრაბახი...

ბოლო დროს გახშირდა ღელე-მდინარეების ადიდება. შემზარავია დატბორილი სახლების, წალეკილი სარჩო-საბადებლისა და დახოცილი პირუტყვის ნახვა. უარესი კი ფსიქოლოგიური სტრესი გახლავთ - ბუნებამაც ჩვენთვის მოიცალა და შემოგვიტიაო. მაგრამ, ბატონებო, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, - ბუნება აქ არაფერ შუაშია, თუმცა ბევრ ზიანს ვაყენებთ და ნამდვილად გვეკუთვნის მისგან შურისძიება. ვინ არის შუაში? ვინ და ისინი, ვისაც ხალხმა ქვეყანა იმ იმედით ჩააბარა, ჩვენზე იზრუნებენო. ხელისუფლებას ცოტა ხალხზეც რომ ეფიქრა, გაეწმინდა მდინარეების სანაპიროები და ტბები, ყოველი წვიმისას წყალი სახლში აღარ შეუვარდებოდა. განა თვითონ არ იციან, რომ ასე უნდა ექნათ, მაგრამ პირში წყალს იგუბებენ.

მაგ დალოცვილებს, თუ მაინცდამაინც გაჭირვებული ხალხის დახმარებით უნდათ გმირობის მიწერა, ძალით რას უჭირვებენ, გაჭირვებულის მეტი რაა, მივიდნენ და დაეხმარონ. თუ არადა, აგერ ვართ გამოცდილი ხალხი და გვკითხონ, რა კეთდებოდა წინათ და მათაც რა უნდა გააკეთონ, რომ ხალხი ასეთ დღეში აღარ აღმოჩნდეს!

ალექსი მიმინოშვილი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, რესპუბლიკის დამსახურებული მელიორატორი

ბატონი ალექსისთანა პროფესიონალი ჩვენში ბევრია და ხელისუფლებას რაიმის შეკითხვა რომ ნდომოდა, ჰკითხავდა. ბატონ ალექსის კი თავად დავუკავშირდით.

- ახალგაზრდა აღარ გახლავართ, გამოცდილებაც მაქვს და ვიცი, რა დავაბრალო ბუნებას და რა - ადამიანს. ბუნება ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია, ის თავის კეთილ საქმეს აკეთებს, მდინარესა და ტბას გვაძლევს, რომ ვიარსებოთ. მაგრამ ჩვენ გულხელი ხომ არ უნდა დავიკრიფოთ - ყველაფერს მოვლა უნდა.

არსად ტოვებენ მდინარეებს და ტბებს ისე ღვთის ანაბარად, როგორც ჩვენში, თუმცა ადრე ასე არ იყო. წლები გადის, ფული ყველაფერში იხარჯება, წყლისკენ კი ერთხელაც არავინ მიიხედავს - ვნახოთ, რა დღეშიაო. წყალი კი, მდინარეც და ტბაც, ყოველ წელიწადს საჭიროებს მოვლას. ადრე ამისთვის საქართველოში სამინისტროც არსებობდა და მინისტრთა საბჭოსთან საგანგებო კომისიაც იყო გამოყოფილი. მეც ერთ ასეთ სამინისტროში ასეულობით სხვა თანამშრომელთან ერთად ვემსახურებოდი ჩვენს წყლებს, რომ გაზაფხულზე რაც შეიძლება იშვიათად ყოფილიყო ისეთი წყალდიდობები, რაც ხალხს სარჩო-საბადებელს წაართმევდა.

- კერძოდ რას აკეთებდით?

- ჯერ გეტყვით, რა მიზეზით დიდდება მდინარეები და ხევები, - მათში ნალექები ელვისსისწრაფით აჩენენ პატარა თუ დიდ მიწის შლამიან კუნძულებს. მერე და მერე ფსკერი მაღლდება, წყალი ძველ კალაპოტში ვეღარ ეტევა და ნაპირებიდან გადმოდის. ჩვენ სწორედ ამ კუნძულებისგან ვწმენდდით მდინარეებსა და ხევებს, ტბებსაც, რომ კატასტროფები არ გამოეწვია. ამისთვის თითქმის ყველა რაიონში საგანგებო შტაბები იყო. კატასტროფის გამოწვევის კოეფიციენტი ყველა წყალსაცავში იყო ნაგულისხმევი, ანუ გარკვეული რაოდენობის დანალექები საფრთხეს არ ქმნიდა, მაგრამ ახლა იმდენი დაგროვდა, ლამის კალაპოტები ამოავსო. ამას გადაუღებელი წვიმები ემატება. წყალი სადმე ხომ უნდა წავიდეს?

- კალაპოტების გაწმენდას როდის იწყებდით?

- ამ საქმეში "როდის" არ მოქმედებს, სამუშაო წლის ყოველ დროს არის, რომ გაზაფხულის წვიმებმა უბედურება არ გამოიწვიოს. ველისციხეში წყალსაცავი რომ არ გადმოდინებულიყო, ლამის მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო იქ გადასახლდა. მაგ დალოცვილებმა საქმე აქამდე რატომ მიიყვანეს? აგერ თითქმის ოცი წელიწადია, წყლები არ გაწმენდილა. ძალით აგდებენ ხალხს განსაცდელში? გამობრძანდნენ თანამდებობის პირები და ვიფიქრე, მომესმა-მეთქი, ველისციხის წყალსაცავი რომ არ გადმოდინებულიყო და სოფელი არ წაელეკა, ჯერ ხალხი გავხიზნეთ და მერე წყალსაცავში ბომბი ავაფეთქეთ, რომ ამოქოლილი წყალსაცავები გასუფთავებულიყოო. გაგიჟდნენ, თუ რა ხდება? სად გაგონილა წყალსაცავში ბომბის აფეთქება, კაშხალს ხომ დაბზარავს და მერე ყველაფერს დაღუპავს! სად არის ჭკუა?