ჭკუა არ გვაქვს, ბატონებო?! - კვირის პალიტრა

ჭკუა არ გვაქვს, ბატონებო?!

ამაზე ბევრჯერ დაგვიწერია, მაგრამ გპირდებით, რაც მეტად დაემუქრება ჩვენს ენას "წახდენის" საფრთხე, მით უფრო შევებრძოლებით ამ საფრთხეს, მით უფრო

შევეცდებით, ერს შევახსენოთ, რომ "რა ენა წახდეს, ერი დაეცეს!" ისე კი, გადარჩენის ფესვი ისევ ჩვენშია - ვიდრე ხალხი ამ წერილის ავტორის, უბრალო ქობულეთელი კაცის მსგავსად წუხს და შფოთავს ენის დაბინძურების გამო, ბევრ ხიფათს ავიშორებთ!

ისტორიის სპეციალისტი არ გახლავართ, მაგრამ ჩემი ენა მიყვარს და სულ ვცდილობ, მასზე ყველაფერი გავიგო. უთუოდ უნდა შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ IV საუკუნეში, ბერძენი ფილოსოფოსი თემისტოსი აღფრთოვანებული იყო იმ რიტორიკული განათლების ცენტრით, რომელიც კოლხეთში, დღევანდელი ფოთის მახლობლად არსებობდა. აქ, ქართველებთან ერთად, საბერძნეთიდან ჩამოსული ახალგაზრდებიც იღებდნენ განათლებას. ამ სკოლაში უსწავლია თვით თემისტოსის მამას, ევგენიოსს... ამას რომ ვიხსენებ, წარსულით ტრაბახს სულაც არ ვაპირებ, მაგრამ ასეთმა წარსულმა ღირსების გრძნობა ხომ უნდა შეგმატოს, რომ შენი ენა ისეთი ერების ენით არ შერყვნა, რომლებიც სულ არ იყვნენ მაშინ, როცა კოლხეთის აკადემია გვქონდა.

გავიძახით, სამართლიან, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ და არავინ არავის ავიწროებსო, მაგრამ პირველ რიგში შესავიწროებლად ქართულ ენას მივადექით. თანაც დემოკრატიული სახელმწიფოს მამებად რომ მოაქვთ თავი, ჩვენი პარლამენტარები, აშკარად არიან გადასული ქართული ენის შევიწროებაზე და ყოველდღე "ამდიდრებენ" გაუგებარი სიტყვებით. განა თქვენც არ გატყდებათ თავს ტელევიზიით ამ გაუგებარი სიტყვების ნიაღვარი? ისეთი ტენდენცია მკვიდრდება, რომ რაც უფრო მეტ გაუგებარ სიტყვას იტყვის პარლამენტარი, მით უფრო "მაგარია". რომელი ერთი ჩამოგითვალოთ: "ემინტენტი", "იდოსამენტი", "იპოთეკა", "კონტიკორენტი", "ლიზინგი"... ამას ხომ ახალგაზრდებიც უსმენენ და დაუშალე, რამდენიც გინდა, ერთ დღეს თვითონაც ასე ჩიქორთულად ამეტყველდებიან.

რამდენიმე ათეული წლის წინ კი, მახსოვს, ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ეკატერინე ჩაჩუამ, როდესაც წერით სამუშაოში სიტყვა "კოლოსალური" ვიხმარე, ნიშანი დამაკლო. მას შემდეგ ეს აღარ გამიმეორებია. დღეს კი მგონი, ასეთი სიტყვები თუ არ იხმარე, ნიშანს, პირიქით, დაგაკლებენ.  დღეს უამრავ შენობა-ნაგებობაზე ნახავთ მხოლოდ უცხოენოვან აბრებს. რა ხდება, ვის ვაწონებთ თავს, უცხოელებს? რატომ, ჭკუა არ გვაქვს? აბა, რომელ ქვეყანაში იქცევიან ასე?

ტრისტან მდინარაძე, ქობულეთი