მაპატიეთ! კოშმარი უნდა აღვწერო... - კვირის პალიტრა

მაპატიეთ! კოშმარი უნდა აღვწერო...

ჩემო "კვირის პალიტრავ" ძალიან მიყვარხარ. მტერს გაუჭირდა ისე, მე რომ მიჭირს, მაინც ვახერხებ თქვენი გაზეთი ვიყიდო. მაპატიეთ, რომ მეც იმ ხალხში შემოგემატეთ, ვისაც მხარში დადგომა სჭირდება, თუმცა ჩვენნაირების პატრონი რომ ხართ, ხალხის სიყვარული იმიტომაც გაქვთ მონიჭებული.

იქნებ ჩვენთანაც მოხვიდეთ, მე და ჩემს საცოდავ შვილს დაგვხედოთ თავშესაფარში... ამ ღვთისა და ადამიანისაგან მიტოვებულ ადგილს ჩვენსავით სხვა უბედურებიც აფარებენ თავს, მაგრამ მათ შორის ჩვენ ალბათ ყველაზე უბედურები ვართ, - ნესტისა და სიცივისაგან ჩამპალ ოთახში რამდენი წელიწადია ავადმყოფი შვილი მყავს შეხიზნული და ვერაფერს ვშველი. გთხოვთ დაგვეხმაროთ.

რუსუდან კობახიძე

თავშესაფარი თავშესაფარია, - კაცი სულაც ნორმალურ პირობებში რომ ცხოვრობდეს, მაინც შეგეცოდება, - საბრალომ ასე სანამდე უნდა გაძლოსო. მაგრამ რაც საბურთალოზე, ჯიქიას ქუჩის თავში მდებარე თავშესაფრის მცხოვრებლებს სჭირთ, საბრალოსაც აღარ შეეფერება, - უარესია. მაპატიეთ, რომ კოშმარი უნდა აღვწერო, მაგრამ ადამიანი უფალმა იმიტომ შექმნა, მოყვასი კი არა, მტერიც შეეცოდოს. თბილისში საბურთალოს სასაფლაოსთან მდებარე თავშესაფარში ღმერთმა მტერიც არ აცხოვროს, - იქ არც სინათლეა, არც სითბო, ხშირად არც სასმელ-საჭმელი, ხოლო ჭერიდან ისე წვიმს, როგორც გარეთ. ფიცარაკრული ფანჯრებიდან კი ზამთარში სიცივე, ხოლო ზაფხულში პაპანაქება შემოდის... უფრო უარესი კი ის არის, რომ ამას ბევრი იქ მყოფი შეგუებულია. თუმცა არა ქალბატონი რუსუდანი. მან თერთმეტი წლის წინ, ნიკას დაბადებასთან ერთად დაკარგა სახლ-კარი და ყველაფერი, რაც უხაროდა. ხელთ კი ავადმყოფი შვილი შერჩა. აი, ასეთ დღეში მყოფმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, შვილი თავად გაეზარდა.

ზრდის, მაგრამ ვაი ამ გაზრდას, - ნიკას ნესტისგან დამბალ საწოლზე სძინავს და თითქმის არასოდეს ჰყოფნის საჭმელი. ბიჭი ზოგჯერ ვერც კი ხვდება მათ თავს რა უბედურებაა, მაგრამ მაშინ, როცა გონება უნათდება (ასეთი რამ მისი დაავადებისთვის არის დამახასიათებელი - ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევა აქვს), ძალიანაც განიცდის, რომ მამამ დაბადებისთანავე მიატოვა, რომ არ ცხოვრობს ისე, როგორც იმ სახლებში ცხოვრობენ, სადაც ის და დედა სტუმრად დადიან.

ამიტომაც არ უნდა ხოლმე დედის მეგობრების სახლიდან წამოსვლა, ტირის და ისევ შიგნით იწევს, - იქ ხომ მულტფილმების ნახვაც შეიძლება და პიანინოც დგას, ნიკას კი მართლა უნიკალური მუსიკალური ნიჭი აქვს. "სახლში" კი, გომურივით ოთახში, ერთი კუთხე საწერი მაგიდის არის, მეორე - საწოლის, მესამე კი სულაც "სამზარეულოა". "სამზარეულოში" დედას გაზის ბალონი უდგას (რომელსაც სახლიდან რომ გადის, ნიკას უმალავს). ერთ კუთხეში კი მათი დამტვრეული გარდერობია, რომელიც დედამ საკუთარი ხელით შეაკოწიწა, - მაშ, რა ქნას, ხომ უნდა იარსებოს... ხომ უნდა გაზარდოს შვილი, წაიყვანოს ექიმებთან, გაუკეთოს ტომოგრაფია თავის ტვინზე. ნიკასნაირი ბავშვების ერთ ადგილზე გაჩერება შეუძლებელია, ანესთეზიაა საჭირო, ამას კი შეიძლება ბიჭის გულმა ვერც გაუძლოს. აი სულ ეს არის თავშესაფარში ცხოვრების ქრონიკა და კიდევ მუდმივი მოლოდინი, რომ ოდესმე ექნებათ თავისი თუნდაც უსახური ოთახი და ნიკა ისწავლის გალობას, რასაც საპატრიარქოში ჰპირდებიან.

რუსუდან კობახიძე, ნიკას დედა: - როცა აღარ ვიქნები, მინდა ნიკამ რაიმე საქმე იცოდეს და სხვის გვერდით, მაგრამ თავისით, ლუკმაპური იშოვოს. თუ არადა, მე რომ აღარ ვიქნები, შვილი გამიგიჟდება და სად წაიყვანენ?.. სულ 126 ლარი მაქვს პენსია, ამით რა უნდა იყიდო, წამალი თუ საჭმელი? ამ თავშესაფარში დენი არ არის, ახლოს ერთი საწარმოა, იქ შევეცოდე და 200 მეტრი მანძილიდან გადმომიჭიმეს კაბელი, რომ პატარა ტელევიზორი დამედგა და ნიკას მულტფილმები მაინც ენახა... მაგრამ იმ ფულს გადახდა ხომ უნდა? ჩემს თავს ხშირად ვეკითხები, როგორ ვარსებობთ-მეთქი და მადლობას ვუხდი უფალს იმისთვის, რომ კეთილი ხალხი შექმნა, ასეთი ხალხი მიწვდის დროდადრო ხელს.

მაგრამ ამ ჭუჭყსა და დამპალ კედლებში ჩემი შვილი დიდხანს ვეღარ გაძლებს. მერე რა, რომ ინვალიდია, ის ჩემთვის მთელი ქვეყნიერების ფასია. აგვიკლო ჩვენმა ხელისუფლებამ ტელევიზიებით, სახელმწიფო ინვალიდებს ეხმარებაო! - ეს არის?!

ჩვენ რა ვქნათ, ინვალიდების დედებმა ან ამ ბავშვებმა, ესენიც ხომ მიტინგებს ვერ მოაწყობენ მთავრობის სახლთან, მოგვხედეთო...

- ახლა ჩვენც თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ, ქალბატონო რუსუდან, ეგებ ნიკას მშველელი გამოუჩნდეს...

- იმედი ყველაზე ბოლოს კვდება. თქვენი იმედი იცით, რატომ მაქვს? სადაც დახმარების სათხოვნელად მივედი, ყველგან "კვირის პალიტრა" ჰქონდათ გაშლილი და კითხულობდნენ. და თუ დედის მუდარამ არ გაჭრა, ეგებ თქვენმა ხათრმა გაჭრას... თქვენ ადამიანის დასახმარებლად ბრძოლა არ გეზარებათ. გემუდარებით, ჩემთვისაც იბრძოლეთ, სხვა ნუგეში არ მაქვს...

ჩვენი ბრძოლა ის არის, რომ ვთხოვოთ ყველას, ვისაც ამ უბედური დედა-შვილის დახმარება ევალება, ამ მივიწყებულ თავშესაფარში ავიდნენ და დედა-შვილი ნახონ. მერე თუ მათი დახმარების სურვილი არ გაუჩნდებათ, თავად ნახავენ... ჩვენ კი მანამდე მათ ამ ანგარიშს მივაწვდით.

"საქართველოს ბანკი", კოდი 220101502

ანგარიში 190175500 მიმღები რუსუდან კობახიძე.