გვაქვს, მაგრამ რად გინდა!.. - კვირის პალიტრა

გვაქვს, მაგრამ რად გინდა!..

რატომ არ შეიძლება ხალხისთვის სასარგებლო საქმე გააკეთო

ხანდაზმული მეცნიერი ისეთ საკითხზე გვწერს, ჩვენში ბავშვსაც ვერ იპოვი, მისთვის გამოსადეგი და სასარგებლო რომ არ იყოს... საქართველოში ღვთისგან მოცემული ხომ ყველაფერი გვაქვს (რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიყენებთ...) და თურმე ისეთი წყლებიც გვქონია, რომლებსაც თუ დავლევთ, ასი წელიწადი ლამაზები ვიქნებით...

ძვირფასო რედაქციავ, მე გეოლოგიურ და მინერალურ მეცნიერებათა დოქტორი გახლავართ, ნება მიბოძეთ ჩემი გულისტკივილი გაგიზიაროთ და დახმარება გთხოვოთ იმ საკითხში, რისი მოგვარებისათვის დიდი ხანია ვიბრძვი. არ მეგულება ქვეყანა, რომლისთვისაც ასეთი თემა შეეთავაზებინათ და ვერ გამოეყენებინათ. საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოში მოიპოვება წყლები, რომლებიც მომატებული რაოდენობით შეიცავენ იმ ნივთიერებას, ბევრი ქვეყნისთვის სანატრელი რომ გახლავთ.

ეს არის ფთორი, რომელსაც რამდენიმე ქვეყანა უფრო დიდი წარმატებით იყენებს კარიესის თავიდან ასაცილებლად, ვიდრე კბილის პასტებს. სხვათა შორის, ერთი ასეთი ქვეყანაა აშშ. ჩვენ, მეცნიერებს, უკვე გამოკვლეული გვაქვს ასეთი წყლები და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ მისი ჩამოსხმა ისევე დაიწყოს, როგორც სხვა წყაროებისა, - ეს თემა ისეთი აუღებელი გახდა, გეგონება დიდ რამეს მოვითხოვდეთ. მეცნიერებს ნამდვილად ვერ გაგვიგია, რატომ არ შეიძლება ხალხისთვის სასარგებლო საქმე გააკეთო, - ფთორის შემცველი წყაროებიც ბოთლებში ისევე ჩაასხა და გაყიდო, როგორც სხვა წყარო - ის ხომ სუფთაც არის, გემრიელიც და სასარგებლოც!

ბერდო ზაუტაშვილი

- ბატონო ბერდო, დიდი ხანია იკვლევთ ჩვენს წყლებს?

- დიახ. და არა მარტო მე. თავადაც იცით, ქართული წყლები რა მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, მაგრამ მხოლოდ ფთორის შესახებ მოგწერეთ, რადგან ეს საკითხი ძალზე აქტუალურია. ბევრ ქვეყანაში და მათ შორის ჩვენთან ასე პროპაგანდირებულ ამერიკაში წყალს ხელოვნურად ქლორავენ, მაგრამ ამას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, - წყალში ხელოვნურად შეყვანილი ქლორი თავის მხრივ წარმოქმნის მუტოგენურ ნივთიერებებს. სწორედ ამიტომაა დიდი სიმდიდრე ის წყაროები, რომლებიც ფთორს შეიცავენ.

- ბევრი გვაქვს ასეთი წყაროები?

- რა მოგახსენოთ, არცთუ ისე ბევრი და არცთუ ყველა კუთხეში. სწორედ ამიტომ გავიძახი, რომ ფთორის შემცველი წყაროები ჩამოისხას იქ, სადაც ისინი შედარებით ბევრია და მერე გაიყიდოს, რომ ხალხს დავეხმაროთ. ამაზე კარგს რას გავაკეთებთ! აბა, ვის სიამოვნებს სტომატოლოგთან სირბილი და კბილების დაკარგვის შიში?!

- მე მასეთი არავინ მინახავს, ბატონო ბერდო. სად არის ჩვენში ასეთი სასარგებლო წყაროები?

ახლავე მოგახსენებთ... ფთორის შედარებით გაზრდილი შემცველობით გამოირჩევა აჭარა-თრიალეთის დაბალმინერალიზებული აზოტიანი სუბთერმული წყლები. მათი თითქმის ყველა წარმომადგენელი შეიცავს ფთორს, თუმცა მისი შემცველობა ხასიათდება მერყეობით. ფთორის მცირე შემცველობით (0.25 მგ/ლ-მდე) ხასიათდება აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის დასავლეთი ნაწილი (მახინჯაური, შუბანი, ტომაშეთი, აბასთუმანი, ზეკარი, საირმე, წყალთბილა, გურკელი).

საშუალო (0.5-4.0 მგ/ლ) შემცველობით - ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილები (დვირი, წყალთბილა, ტაშისკარი, ახალდაბა, ციხისჯვარი, ხოვლე, ლისი, საბურთალო), ხოლო გაზრდილი (4/28 მგ/ლ) შემცველობით - ამ ზონის ცენტრალური ნაწილის ზოგიერთი უბანი (ბიისი, ზემო ბოშური, მიწობი, წრომი); ასევე, - ბორჯომისა და ახალციხის რაიონები.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა უნდა შეფასდეს ამ რაიონების წყლების საექსპლუატაციო მარაგები და აუცილებლად განვიხილოთ ის თემა, რომ იქვე, ამ ადგილებშივე ჩამოვასხათ ბოთლებში. არა მგონია, რომ ეს მომგებიანი და მით უფრო სასარგებლო არ იყოს. თუ ამას მივაღწიეთ, მაშინ საქართველოში გვექნება ეკოლოგიურად სუფთა ნატურალური,  დაბინძურებისგან დაცული, ბიოლოგიურად აქტიური ელემენტის ფთორშემცველი ნატურალური სასმელი წყალი.