ვაი რეკლამისგან!.. - კვირის პალიტრა

ვაი რეკლამისგან!..

რეკლამა ყოფის "მეფეა", შინ და გარეთ ბატონობს და იმგვარად გვაბნევს, რას ვენდოთ, ვეღარც ვარჩევთ. თუმცა, თურმე მაინც შეიძლება იმის გარჩევა, როდის გვატყუებენ და როდის, არა. როგორ? წაიკითხეთ!

მე მეცნიერი ვარ, ნივთიერებათა შემადგენლობაში კარგად ვერკვევი და ძალზე მოქმედებს, როცა ვხედავ რამხელა რეკლამა უკეთდება უვარგის პროდუქციას და  ხალხს ატყუებენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ  ფირმებს ეს საქმე ხელოვნების  დონეზე აქვთ აყვანილი, შემიძლია მაინც ვთქვა, რომ  რეკლამის გარჩევაში კანონზომიერებები მაინც არის. ამ კანონზომიერების აღმოსაჩენად პირველ რიგში საჭიროა გავიხსენოთ ლოგიკური აზრის დამტკიცებისთვის აუცილებელი, გამორიცხვის მეთოდი,  ანუ დავუშვათ პირიქით, - ჩამოვთვალოთ უმეტესად გავრცელებული პროდუქციის რეკლამის  დამახასიათებელი ნიშან-თვისებები:

ისინი აუცილებლად შემკულია სიტყვებით: "უნიკალური", "შეუდარებელი", "ეფექტიანი", "ახალი სიტყვა", "იშვიათი" და ასე შემდეგ. ასეთივე "ლოგოები" ამკობს წამლებსაც, ოღონდ მათი მწარმოებლები ბოლოში იმასაც ამატებენ, რომ წამალი "უნიკალურ შედეგებს" იძლევა ნებისმიერი დაავადების დროს და გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. რას იტყვით? განა არსებობს ბუნებაში ასეთი უნიკალური რამ, რაც ნებისმიერ დაავადებას განკურნავს? რასაკვირველია, არა.

ანუ რაც უფრო ამტკიცებს პროდუქციის უნიკალურობას, რეკლამა მით უფრო ყალბია და თუ თავის მოტყუება არ გინდა, ასეთ პროდუქციას არ უნდა გაეკარო. ასეთივე სატყუარა სიტყვებში შედის სიტყვა "ასპროცენტიანიც". მაგალითად, ქაღალდის პარკებში ჩასხმულ წვენებს ხშირად აწერია "100%-იანი ნატურალური წვენი კონსერვანტების გარეშე", მაგრამ ყველამ ხომ არ ვიცით, რომ ნატურალური წვენი მაცივარშიც არ ინახება დიდხანს და მაშ, კონსერვანტების გარეშე, ქაღალდის პარკში როგორღა შეინახება?

ასეთი რამ ხდება ზეთებთან დაკავშირებითაც: მათ უმრავლესობას აწერია "არ შეიცავს ქოლესტერინს (ან "ქოლესტერინის გარეშე"), ჩვეულებრივ მოკვდავს ჰგონია, რომ ეს არის მაღალხარისხოვანი პროდუქცია და ცდილობს სასწრაფოდ შეიძინოს. საქმე კი მარტივადაა, - ნებისმიერი მცენარეული წარმოშობის ზეთი არ შეიცავს ქოლესტერინს, რადგან ქოლესტერინი ცხოველური წარმოშობისაა! საქმე აქ პრინციპშია, - ზეთს, რასაკვირველია, მაინც ვიყიდით, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იმიტომ ვყიდულობთ, რომ გვატყუებენ, ჩვენც თავს ვიტყუებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ რეკლამას ბრმად ვემორჩილებით.

ახლა რაც შეეხება "შლაკებისგან" გამწმენდი პროდუქციის რეკლამებს, მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, "შლაკების გამწმენდი ტექნიკის" რეკლამებს:

სკოლის ბიოლოგიის სახელმძღვანელოსაც რომ ჩავხედოთ, იქ წერია, რომ "შლაკები" ორგანიზმისთვის ზედმეტი და მავნე წარმონაქმნებია. მათ ორგანიზმი თავადვე იცილებს. თირკმლები გამოდევნიან წყალსა და მარილებს, ღვიძლში ხდება ცხიმოვან ნაერთთა გადამუშავება-დაშლა. ფერმენტები შლიან ცილებს, ნახშირწყლებს, ანუ ყველაფერი გაწონასწორებული და დაბალანსებულია.

ანუ როცა ორგანიზმი ნორმალურად ფუნქციონირებს, მასში ზედმეტი არაფერი უნდა გროვდებოდეს და არც გროვდება. და თუ დაგროვდება, ორგანიზმი ავადდება. თუ ადამიანი ავად არის, მას ვერავითარი საკვები დანამატი და "შლაკებისგან გაწმენდილი პროდუქცია" ვერ უშველის, გარდა სერიოზული მედიკამენტური მკურნალობისა.

აი, ასეთია დღეს ზოგადად გავრცელებული რეკლამების სახე და თუ დააკვირდებით, აუცილებლად განასხვავებთ იმ რეკლამებისგან, რომელიც ნამდვილად სასარგებლოა. საბოლოოდ კი შეიძლება დავასკვნათ, რომ "ჰომო საპიენსს", სასიცოცხლოდ და საარსებოდ, "ტვინის ჭყლეტა" ისე სჭირდება, როგორც არასდროს.

მედეა თავდიშვილი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი