ალვანში რა ამბავია? - კვირის პალიტრა

ალვანში რა ამბავია?

ალვანი გაგიგიათ ალბათ, - ჩვენს ქვეყანას იქიდან მადლიანი ცხვრის სიმდიდრე შემოდიოდა. სოფელიც თვალისჩინივით იყო მოვლილი, ხოლო ცხვრის ფარა თვალუწვდენელ მწვანე მინდვრებს ზაფხულშიც თეთრი თოვლივით ედო - მტრის გულის გასახეთქად და მოყვრის გულის გასახარად.

ახლა რა ამბავია ალვანში? რა გითხრათ, - მინდვრებიდან ნელ-ნელა აიკრიბა ცხვრის თეთრი ღრუბელი, ალვანელებს კი წუხილი დარჩათ, - ცხვარი რომ გყავდეს, ქვეყანა უნდა გედგეს გვერდში, მარტო მეცხვარე ვერას გახდება, ქვეყანას კი ამისთვის არ სცალია.

ამ წერილს ქვემოალვანელები გწერთ. ველოდეთ ჩვენს მთავრობას და საშველი რომ აღარ დაგვაყენა, ესღა მოვიფიქრეთ, დარდი თქვენთვის მოგვეწერა. ამ წერილს გვერდზე ნუ გადაგვიდებთ, - ალვანში 1500 კაცი მაინც ცხოვრობს და იმათი სახელით გწერთ. გთხოვთ, თქვენც ჩვენი გამგებლებივით არა თქვათ, - ხელს ვინ გიშლით, რომ ცხვარი გაიჩინოთო. ეგენი იმიტომ ამბობენ ასე, რომ სოფელი არ იციან რა არის.

ახლანდელმა გამგებელმაც ეგ გვითხრა, - რატომ უნდა დაგეხმაროთ ალვანელებს, ცხვრის მოვლა აღარ გინდათო. განა გლეხობაში ჩამოიარა და იკითხა რატომაც ხდება ასე, - ცხვარი თავის მატყლიან-ყველიანად გლეხს რომ შეატოვეს ხელში და ისიც ამ ყველსა და მატყლს რომ ვერ ასაღებს, აღარც ცხვარი უნდა და აღარც სიცოცხლე, იმას რატომღა არ კითხულობენ? გინდა თუ არა, ინვესტორი თქვენ მოძებნეთო.

ჩვენმა გლეხმა ცხვრის საქმე იცის და არა ინვესტორისა, სად დაიჭიროს კომბალი და ინვესტორი სად ეძებოს ქანცგაწყვეტილმა? მე შენ გეტყვი, საძოვრიდან სახლში დაბრუნდება და რამე პირობები დახვდება, - წყალი რაა, ალვანელების უმეტესობას ისიც არა გვაქვს თხუთმეტი წელიწადია. წყალიც ინვესტორი ხომ არ არის, რომ მისი შემოყვანა გაუჭირდათ. წელიწადი ერთია და ათჯერ მაინც მოგვატყუებენ, თქვენი წყლის საკითხი უკვე განვიხილეთო.

თუ განიხილეს, რომელი ალვანელი დაისწრეს და რატომ არ შემოგვიყვანეს?.. მოკლედ, რაღა ბევრი მოგწეროთ, ალვანში ყველაფერი ამ წყალივითაა, მწყურვალს პირთან რომ მიუტანენ და მერე ისევ გამოაცლიან...

ჩვენ ალვანელებს დავუკავშირდით და ყველა მათგანისგან თითქმის ერთი და იგივე პასუხი მივიღეთ:

- მტერს გაუჭირდა ისე, ჩვენ რომ გაგვიჭირდა. განა ალვანი ასე  უყურადღებოდ უნდა იყოს მიგდებული? სოფლები დაცარიელდაო, რომ გაიძახიან, აბა, რა მოუვა, გლეხი რომ საკუთარ ნაშრომს ვერ გამოიყენებს! თუშებს მატყლიც ოხრად გვაქვს და ყველიც, მაგრამ რა თავში ვიხლით, არც მატყლი უნდა არავის და არც ყველი. ზოგიერთმა ჩვენმა მეცხვარემ ისიც კი თქვა, აწი ყველს აღარ ამოვიყვანთ, ცხვარს ეგრე გავაშრობთო. რომ ამოიყვანონ, სად წაიღონ, ქალაქს ჩასვლა და ამ ყველის ჩატანა იმდენი ჯდება, გლეხმა, ყველს რომ გაყიდის, ზედ ფული უნდა დაამატოს.

ეს არის ცხოვრება? არადა, ძალიან კარგად ვიცით, რომ ქალაქს ნამდვილი გუდის ყველი მოენატრა, ამბობენ, ფალსიფიკაცია თუ რაც ჰქვია, ქალაქში ისეთი გუდის ყველი იყიდებაო. ახლა მატყლი ვთქვათ: ვიღას უნდა, -  ვწვალობთ, ვწვალობთ და თუ გაიყიდა, ისიც გროშებად გააქვთ თურქეთში. ღირს ამისთანა წვალება? ცხვარი განა წიწილაა, ეზოში რომ გაზარდო და დაკლა? ცხვარს ზედ უნდა დააკვდე, მთელი ცხოვრება ღია ცის ქვეშ უნდა გეძინოს და რისთვის? ახლა თაფლი თქვი, - ვიწვალებთ, თან გადავყვებით ფუტკარს და ნამდვილ ნატურალურ თაფლს ვეღარ ვყიდით, - ისიც ეგრეა, როგორც ყველი, - ქალაქში რომ ჩაიტანო, მგონი, სამი იმდენის დამატება დაგჭირდეს, ალვანში რომ პატარა ნავაჭრი წამოიღო, - ოჯახს რაც სჭირდება.

- წყალიც არ გქონიათ...

- რომ გვქონდეს, ხომ არ შემოგჩივლებდით? მაგის გარდა, ბევრი რამ არ გვაქვს, ქარსაცავი ზოლი გაჩეხილია. რაიონის ხელმძღვანელობამ, - თქვენ გაჩეხეთო. შეიძლება, გაჭირვებამ გააჩეხინა ხალხს, მაგრამ  დიდი ნაწილი მოუვლელობით გაოხრდა. ხალხი თავად სთხოვს ახმეტის ხელმძღვანელობას, - როგორღაც მოვაბათ ქარსაცავი ზოლის აღდგენას თავი, ქარი ყველაფერს გლეჯსო, მაგრამ გინდა ხალხს უთქვამს, გინდა კიდევ ცხვარს უბღავლია, ის უფრო შეეცოდება პატრონს.

ყველაზე მეტად კი უწყლობა გვიჭირს, ვითომ ჩვენს რაიონს - ახმეტას აქვს საცავი და იქიდან უნდა ვიღებდეთ გრაფიკით წყალს, მაგრამ კვირები ისე გადის, უბნები რჩება უწყლოდ. არადა, 4-5 წელიწადია გაიძახიან, ვაკეთებთ, ვაკეთებთო, მერე, სად არის? რამდენჯერ იყო მაგისთვის ფული გამოყოფილი, რაში დაიხარჯა?! წყალს მტერს არ უკავებენ და ნუთუ ჩვენი ლამაზი სოფელი მტერზე უარესია  ხელისუფალთათვის? მაგათ რომ ჰკითხო, ხალხი გაზარმაცდა და სოფლიდან გარბისო. რატომ გარბის, მშვენივრად იციან, მაგრამ ამას ხომ არ იტყვიან, - ჩვენი სოფლის მეოთხედიც უცხოეთში სამოჯამაგიროდ არის გაკრეფილი, სირცხვილი არ არის?

P.S სოფლის ტკივილი იმდენი ხანია, ჩვენთვის ისე "მშობლიურად" იქცა, უკვე აღარაფერი გვიკვირს. ეს ტკივილი რომ მარადიულად გაგრძელდეს, ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს, - რამდენჯერ გვითქვამს, რომ საქართველო სოფელზე დგას. ჩვენ დავუკავშირდით ახმეტის რაიონის გამგებელ კობა მაისურაძეს:

- ჩვენ წყლის საქმეზე თითქმის ორი მილიონი ლარი დავხარჯეთ, მაგრამ ყველაფერს ერთად ვერავინ გააკეთებს, თუ ქვემო ალვანში მძიმე მდგომარეობაა, გპირდებით, გამოვიკვლევთ და აუცილებლად დავეხმარებით. რაც შეეხება ცხვრის საქმეს, ბატონმა კობამ დაგვაიმედა, - მომავალში საქმე უკეთესად წავა, ახლა უკვე ყველაფერს ვცდილობთ, რომ ცხვარმა და მისმა პატრონმა ამოისუნთქოს, ამისთვის ახმეტაში ყველის ფესტივალიც კი ტარდება და ჩამობრძანდითო. მაგრამ ჩვენი ჩასვლა კი არა, მთავარი საქმის გაკეთებაა, ჩვენ ალვანელებს არ ვუღალატებთ და ვპირდებით, მუდამ მხარში დავუდგებით.