საშიში ქსელი, ანუ ინტერნეტმანი! - კვირის პალიტრა

საშიში ქსელი, ანუ ინტერნეტმანი!

დროს ვერაფერი შეაჩერებს, მაგრამ ადამიანს მაინც შეუძლია აჯობოს მას. შეუძლია, ყველაფერი, რასაც დრო მოიტანს, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ამისთვის საჭიროა ყოველივეს იმ გონიერებით მიუდგეს, რაც მხოლოდ ჩვენ გვიბოძა ღმერთმა და რის წინაშეც ყოველივე უძლურია.

თუმცაღა, სამწუხაროდ, ხშირად ასე არ ხდება, ადამიანები ბევრ რამეს გაუაზრებლად ვიღებთ. ასეა ტექნიკის გამაოგნებელი გამოგონების - კომპიუტერის შემთხვევაშიც. ვირტუალურმა სამყარომ იმდენად შეგვიპყრო, რომ რეალურ ცხოვრებას მოგვწყვიტა. გთავაზობთ ფსიქოლოგების წერილს.

რამდენიმე წლის წინ ლონდონში ტრაგედია დატრიალდა: 13 წლის გოგონამ, რომელსაც ინტერნეტქსელში გაცნობილმა ბიჭმა ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი უთხრა, თავი მოიკლა. მათი ურთიერთობა ვირტუალურს არ გასცდენია და ერთმანეთი არასოდეს უნახავთ. თუმცა ამ ამბის ფინალი კიდევ უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა - გამოძიებამ დაადგინა, რომ ბიჭი, რომელთანაც გოგონა მეგობრობდა, სინამდვილეში მისი მეგობრის დედა იყო(!).

ადამიანები საათობით ეკონტაქტებიან ინტერნეტში რეალურ თუ ვირტუალურ მეგობრებს, ერთიანდებიან სხვადასხვა თემატურ ჯგუფში, ათავსებენ ფოტოებს და სულმოუთქმელად ელოდებიან მათზე კომენტარებს, იძენენ და კარგავენ ვირტუალურ შეყვარებულებს და, რაც მთავარია, ამ ყველაფერს ისევე განიცდიან, როგორც რეალურს.

რატომ გახდა ასეთი ურთიერთობები პოპულარული? პირველი მიზეზი ის არის, რომ ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, ანონიმად დარჩეს და საკუთარი პიროვნების მხოლოდ ის მხარე წარმოაჩინოს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. თუ სურვილი ექნება, მას შეუძლია გამოგონილ პერსონაჟადაც იქცეს - შეიცვალოს ასაკი, სქესი, სოციალური სტატუსი და ა.შ. ანუ ვირტუალურად აღმოჩნდეს ბევრად უფრო კომფორტულ მდგომარეობაში, ვიდრე სინამდვილეშია.

მეორე მიზეზი კი ის არის, რომ მომხმარებელს შეუძლია თამამად გამოხატოს შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, იპოვოს თანამოაზრეები, გაუზიაროს გამოცდილება სხვებს და, შესაბამისად, აიმაღლოს თვითშეფასება.

მესამე მიზეზი კი მოლოდინია: ადამიანებს ყოველთვის აქვთ იმედი, რომ ვირტუალური ურთიერთობები ოდესმე ნამდვილ მეგობრობაში გადაიზრდება.

და მეოთხე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი - ინტერნეტქსელში საუბარი ბევრად გამარტივებულია, საჭირო აღარ არის ემოციების, ჟესტების გამოყენება, რითაც ბევრი უხერხულობა იხსნება.

სოციალურ ქსელებზე მიჯაჭვულობა ყველაზე სახიფათოდ შეიძლება მოზარდისთვის იქცეს. მისთვის რეალური, ადამიანური ურთიერთობები ისედაც რთულად ყალიბდება და იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა ბარიერის გადალახვა ისწავლოს, ბევრად მარტივი ურთიერთობის ფორმას ირჩევს, სადაც აღარ ხდება განცდების, შფოთის, მორცხვობის, სხვა პრობლემების ემოციური დაძლევა. ინფანტილური მოზარდისგან კი ინფანტიკური ზრდასრული ყალიბდება, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ადაპტაციას ვეღარ ახერხებს.

ბოლო დროს ყურადღების ცენტრში მოექცა წყვილების პრობლემა - როცა მათ შორის ერთ-ერთი ინტერნეტდამოკიდებული ხდება. ბევრ ქვეყანაში უკვე დადგინდა, რომ განქორწინებათა 15% სწორედ სოციალურ ქსელებში ჩართულობის მიზეზით ხდება. გახშირებულია ე.წ. "პირველი სიყვარულის პოვნის" პრეცედენტები.

რომანტიკული ურთიერთობები ქსელში ბევრად უფრო მარტივი, ამაღლებული და ყოველდღიური რუტინისგან თავისუფალია. ადამიანს ილუზია უჩნდება, რომ ასე შეიძლება გაგრძელდეს რეალურადაც. ეკრანს მოცილებული კი თავის ცხოვრებას მოსაწყენად, უამრავი პრობლემით დატვირთულად აღიქვამს. ბუნებრივია, გამოსავალს იქ ეძებს, სადაც თავს უკეთ გრძნობს.

დაბოლოს, ფსიქოლოგები თვლიან, რომ ამ პრობლემას ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც ნებისმიერ დამოკიდებულებას, იქნება ეს ალკოჰოლი, ნარკოტიკი თუ აზარტული თამაშები. თუკი მისგან თავის დაღწევა გვინდა, აუცილებლად უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი, რას გავურბივართ, რა არ გვაკმაყოფილებს რეალურად, რატომ იქცა ინტერნეტი და სოციალური ქსელები თავშესაფრად? და რა უნდა შევცვალოთ, რომ ცხოვრება საინტერესო გახდეს.

პატივისცემით ფსიქოლოგები: ირინა ტაბუცაძე,

ხათუნა ხაჟომია