სადაურსა სად წაიყვან... - კვირის პალიტრა

სადაურსა სად წაიყვან...

ვიცით, რომ ამ ამბით ვიღაცას უსათუოდ დავამწუხრებთ, მაგრამ ალბათ სიმშვიდესაც მივანიჭებთ - ქართველები ხომ ასე ვართ, საუკუნეც რომ გავიდეს, ვერასოდეს მოვისვენებთ, თუ ჩვენი სისხლისა და ხორცის საბოლოო თავშესაფარი არ ვიცით.

მინდა გიამბოთ ამბავი კაცისა, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია მისი ახლობლებისთვის.

2003 წელს სტუმრად ვიყავი რუსეთში ძმასთან. იქ გავიცანი ქართველი კაცი, როლანდი. მარტოხელა იყო. რუსეთში არავინ ჰყავდა და ძალიან უჭირდა, ხშირად ავადმყოფობდა. ჩემს ძმას იმიტომაც დაუახლოვდა, რომ ქართველი იყო. ჩემს ძმას ეცოდებოდა, ეხმარებოდა. სადაური ხარ-მეთქი. რუსთაველი ვარ, იქ მყავს ცოლ-შვილი. ოჯახმა არ იცის ჩემი ადგილსამყოფელი. რუსეთში ციხეში მოვხვდი, გათავისუფლების მერე ფული არ მქონდა და საქართველოში როგორ დავბრუნებულიყავიო.

20 რუბლით, რომელიც გათავისუფლებისას მიუციათ, კურსკის ოლქის პრიშტინის რაიონში, სოფელ ბაბრუშევოში ჩასულა და კოლმეურნეობაში დაუწყია მუშაობა. საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, ძალზე უჭირდა თურმე. ბოლოს, საავადმყოფოში მოხვედრილა, სადაც კიდეც გარდაიცვალა ისე, რომ მის ახლობლებს და ნათესავებს არაფერი გაუგიათ. ჩემმა ძმამ იქვე ქართული წესით დაასაფლავა. მისი პასპორტი კი მე წამოვიღე - ეგებ იმ საცოდავის ახლობლები ვიპოვო-მეთქი. ჩვენ მას ვიცნობდით როლანდის სახელით, პასპორტში კი უწერია:

"ვენგერ ერაძე ბაგრატის-ძე. დაბ: 19 აგვისტო, 1948 წ. ქარელის რაიონი, სოფელი აგარა; ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე:L კალაძე იულია დიმიტრის ასული; შვილები: ერაძე ხათუნა, ერაძე ნანა.

პასპორტში წერია ასევე მისი რუსთავის მისამართიც: რუსთავის მე-20 მიკრორაიონი, სახლი #1, ბინა 60.

სხვა მის შესახებ არაფერი ვიცი. იქნებ მისმა ახლობლებმა წაიკითხონ ან ვინმემ გააგებინოს ეს ამბავი. მე თვითონ არ შემწევს ძალა მათი პოვნისა, არადა გული მიკვნესის, რომ ერთი ჩემი ქართველი თავის მიწაში არ განისვენებს...