ბასკი დავით კლდიაშვილი - კვირის პალიტრა

ბასკი დავით კლდიაშვილი

ერთი 1862 წლის 11 სექტემბერს დაიბადა სოფელ სიმონეთში, მეორე - 1864 წლის 29 სექტემბერს ბასკეთში; პირველი - დიდი ქართველი რეალისტი მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე და ოფიცერი გახლდათ, მეორე - ბასკი ესეისტი, ნოველისტი, პოეტი, დრამატურგი და ფილოსოფოსი; ქართველი მწერალი 1931 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა, ესპანელიც მალევე - 1936 წლის 31 დეკემბერს; ორივეს ძალიან უყვარდა საკუთარი ერი და სამშობლო, შეძლებისდაგვარად ემსახურა მას და დიდი შემოქმედებაც დაუტოვა შთამომავლობას.

ცოტა ხნის წინ ამ ორმა დიდმა მწერალმა დიდი თავსატეხი გაგვიჩინა: ესპანელებს - არა, - ქართველებს. ინტერნეტში სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ლამის ქუდზე კაცს მოუხმეს მათი ვინაობის საიდენტიფიკაციოდ. ამ ხალხის აღელვება კი გამოიწვია მედიასახლ "პალიტრის" ძალიან გახმაურებული პროექტის, ჟურნალ "გზასთან" ერთად "ქართული პროზის საგანძურის" მრავალტომეულმა, რომლის უკვე მე-14 ტომი მიიღო მკითხველმა. რამდენიმე დღის წინ მე-10 ტომის - დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების კრებულის გარეკანზე მახვილმა თვალმა აღმოაჩინა, რომ "საგანძურს" დიდი ქართველი მწერლის, დავით კლდიაშვილის პორტრეტის ნაცვლად დიდი ესპანელი მწერალი, მიგელ დე უნამუნო ამშვენებდა.

მიზეზის მიზეზს რა დალევს და... ძალიან თვალსაჩინო იყო ორი მწერლის არა მხოლოდ რამდენიმე ბიოგრაფიული დამთხვევის არსებობა, არამედ მათი გასაოცარი გარეგნული მსგავსებაც, - ეს მიზეზი, ცხადია, არც პასუხისმგებლობას გვაცილებს და არც შეცდომის გამოსწორების შანსს გვართმევს. სწორედ ამიტომ, ჩვენი საქმისა და მკითხველისადმი დიდი პატივისცემის ნიშნად, მედიასახლი "პალიტრა" თითოეულ თქვენგანს მოგმართავთ, - ეს განცხადება სოციალურ ქსელშიც გავრცელდა:

მეგობრებო! "ქართული პროზის საგანძური" ჟურნალ "გზასთან" ერთად, ძალიან დიდი და სოციალურად ორიენტირებული პროექტია. ყოველკვირა მკითხველისათვის ერთი წიგნის მიწოდება მეტისმეტად დაძაბულ და უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში მუშაობას ითვალისწინებს - არადა, დღითი დღე იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც მთელი საგანძურის შეგროვება გადაუწყვეტიათ. ამის შედეგად ტირაჟიც განუხრელად იზრდება.

ახლა შესაძლოა, მავანმა იკითხოს - ეს შეცდომის უფლებას ხომ არ განიჭებთო?

ცხადია, - არა. მაგრამ არც შეცდომის თავიდან ასაცილებელი აცრა გამოუგონია ვინმეს, ამიტომ უბრალოდ გვსურს, დაგანახოთ - რაიმეს შექმნას ყოველთვის ახლავს შეცდომის (მეტადრე ტექნიკურის) დაშვების ალბათობა. "საგანძურის" X ტომის ყდაზე დავით კლდიაშვილის ნაცვლად მიგელ დე უნამუნოს ფოტო დაიბეჭდა.

იმედია, დაგვეთანხმებით, რომ გამოჩენილი ბასკი მწერალი და ფილოსოფოსი მიგელ დე უნამუნო მართლაც, საოცრად ჰგავს გამოჩენილ ქართველ მწერალს, დავით კლდიაშვილს (ისევე, როგორც ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს ქართველები და ბასკები), აკი ერთ-ერთ საიტზე მის პორტრეტს ასეთი წარწერაც ახლავს - "ბასკი დავით კლდიაშვილი"...

დაბოლოს: როგორც თავშივე აღვნიშნეთ, არც შეცდომის აღიარება გვიჭირს და მისი გამოსწორებაც შეგვიძლია.

უკვე კვირაზე მეტია, დავით კლდიაშვილის ტომი "ნამდვილი დავით კლდიაშვილის" ფოტოთი ჩაშვებულია წარმოებაში და, სავარაუდოდ, ერთ კვირაში თბილისში იქნება. ყველა მსურველს შეეძლება "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიებში გამოცვალოს "უნამუნო - კლდიაშვილიანი" წიგნი "ნამდვილ კლდიაშვილიანში". რა თქმა უნდა, უფასოდ...

P.S. ყურადღებიან მკითხველს, ბატონ მალხაზ ხარბედიას, რომელმაც ამ ხარვეზზე პირველმა მიგვითითა (თუმცა თავად გამომცემლობაც უკვე მოქმედებდა მის აღმოსაფხვრელად), ყურადღებისა და აქტიურობისთვის, "ქართული პროზის საგანძურის" აქამდე გამოსული ყველა ტომით ვასაჩუქრებთ.

პატივისცემით,

გამომცემლობა "პალიტრა L"

KvirisPalitra.Geერთი ტყვიაც არ გაუსვრია...

1902 წელი. ბათუმი. მუშათა პირველი სისხლიანი მიტინგი... პოდპოლკოვნიკი დავით კლდიაშვილი თვალცრემლიანი შესცქერის უიარაღო ადამიანების დარბევას - მისი რაზმი ამ სისასტიკეში მონაწილეობას არ მიიღებს...

სანაცვლოდ მას სამშობლოდან ჩრდილოეთის დედაქალაქში გადაიყვანენ. მე-20 საუკუნის უბრწყინვალესმა ვექილმა ლუარსაბ ანდრონიკაშვილმა პროგრესულად მოაზროვნე რუს ინტელიგენციას ასე წარუდგინა ქართველი ოფიცერი დავით კლდიაშვილი: "ჩვენ შორის იმყოფება პირი, რომელიც იმ უბედურ დღეს, ბათუმში რომ ჰქონდა ადგილი, თავისი გუნდით პუნქტზე იდგა და ერთი ტყვიაც არ გაუსვრია"...