"ჭუჭყმა წაგვიღო, მოგვხედეთ, ხალხო!" - კვირის პალიტრა

"ჭუჭყმა წაგვიღო, მოგვხედეთ, ხალხო!"

მსოფლიოს რომელიმე საპორტო ქალაქში პირველსავე ქუჩაზე ბუდრუგანები და ქოხმახები რომ დაგხვდეთ, არ იფიქრებთ, ეს რა უბედურებაა, აქ რა მინდოდაო? რაღა თქმა უნდა, იფიქრებთ.

ის უცხოელებიც ამრეზილნი შემოგხედავენ, რომლებიც ქალაქ ფოთში დადიან სავაჭროდ. ფოთის პორტს დიდი პერსპექტივა აქვს - ევროპა-აზიის დამაკავშირებელი კვანძი უნდა გახდეს. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი თვითონვე მოვინდომებთ და ამ უძველესი საზღვაო ქალაქის ქუჩებში გავლა აღარ შეგვრცხვება.

"ამ წერილს ფოთელები გწერთ. გვინდა ჩვენი გულისტკივილი გამოვთქვათ ჩვენს ქალაქში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაზრის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე.

აქ ოთხრიგად არის ჩამწკრივებული ათობით უშნო, ცარიელი თუ ჯერ კიდევ მოქმედი ჯიხურ-კონტეინერი. ისინი ხერგავენ და იკავებენ ფოთის არქიტექტურის სამსახურის მიერ პროექტით გათვალისწინებულ სამანქანო გზას.

KvirisPalitra.Geაქაურობა სიბინძურის ბუდეა, იქმნება ხანძრის საშიშროება (ხანძარი აქ არაერთხელ მომხდარა), ირღვევა სანიტარიული წესები (აქაურობა სავსეა მღრღნელებით). წარმოიდგინეთ, როგორი შთაბეჭდილება დარჩებათ ჩვენს ქვეყანაზე ასეთი უმსგავსობის მნახველ სავაჭროდ მოსულ უცხოელ მეზღვაურებს.

ბოლო წლინახევრის განმავლობაში არაერთხელ მივმართეთ ქალაქის ხელმძღვანელობას წერილობით, რომ გაეთავისუფლებინა გზა კონტეინერებისგან და დაებრუნებინა აქაურობისთვის ნორმალური იერსახე. სამწუხაროდ, ამაოდ გავისარჯეთ.

ძვირფასო "კვირის პალიტრა", ჭუჭყმა წაგვიღო, მოგვხედეთ, უმორჩილესად გთხოვთ, დაგვეხმაროთ ამ პრობლემის მოგვარებაში, გამოაქვეყნეთ ეს წერილი, იქნებ შერცხვეს ქალაქის ხელმძღვანელობას და მიიღოს შესაბამისი ზომები.

კეთილი სურვილებით, თქვენი მუდმივი მკითხველები: დ. ბიგვავა; ც. ბუკია;

მ. თოფურია; ნ. ტაბაღუა;

ტ. მიქაძე; ბ. ცომაია;

ლ. შეროზია; მ. გულორდავა;

ვ. თოდუა;' რ. ბებია.

KvirisPalitra.Geცხადია, გავიზიარეთ ფოთელების ეს გულისტკივილი და ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროს ბატონ ირაკლი ნაჭყებიას დავუკავშირდით. თუმცა ფოთელებს და მსგავსი წერილების ავტორებს გვინდა მოკრძალებითა და პატივისცემით ვუთხრათ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და როგორი წინააღმდეგობაც უნდა შეგხვდეთ სამთავრობო მოხელეებისგან, სჯობს, ბრძოლა გააგრძელოთ. ბატონმა ირაკლი ნაჭყებიამ კი ის გვითხრა, რაც ჩვენი აზრით, არა მარტო ამ წერილის ავტორებს, არამედ საერთოდ ფოთელებსა და მათთან ერთად ჩვენც გაგვახარებს, თუკი, რაღა თქმა უნდა, პირობა შესრულდება:

- აქამდე ეს ჯიხურები რომ აგვეღო, აქ დასაქმებულნი უმუშევრად დარჩებოდნენ. მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა და სასექტემბროდ აქაურობის გასუფთავებას ვაპირებთ. აქვე შეიქმნა ათეულობით სავაჭრო ადგილი კონტეინერებში მოვაჭრეთათვის. ეს ტერიტორია კეთილმოეწყობა. ასე რომ, არც მოვაჭრეებს ვატკენთ გულს და არც თქვენი წერილის ავტორებს. მომავალში, თუკი ფოთში ჩამობრძანდებით, ქალაქი გალამაზებული დაგხვდებათ!