"დღეს ფერმერი ყველაზე დაუცველია" - კვირის პალიტრა

"დღეს ფერმერი ყველაზე დაუცველია"

სწორედ ჩვენს ხელისუფლებაზეა ნათქვამი - "თქვენი არ იცოდეთ და სხვისი არ გაიგონოთო!", თორემ გამოსავლის მოსანახად ისევ ქართველ კაცს დაუგდებდა ყურს და უცხოეთისკენ არ გვექნებოდა ხელი სამათხოვროდ გაწვდილი.

ეს წერილი სწორედ იმ უცხოელების საპასუხოდ მოგწერეთ, რომლებიც ხშირად გვმოძღვრავენ, რა დაგემართათ ქართველებს, ასე უმოქმედოდ რომ ხართ და ამდენი ნაყოფიერი მიწა უპატრონოდ გაქვთ მიტოვებულიო! ასე სხვათა შორის, ჩვენთანაც ბევრი სჯის, განსაკუთრებით, ხელისუფლებაში.

ამ უკანასკნელს კი ფიქრიც არ უნდა იმაზე, რომ ლომის წილი სოფლის დაცლაში და მიწის უპატრონოდ მიტოვებაში მასაც უდევს, - აქამდე გაგიგიათ, რომ ხელისუფლებას რეალურად ეზრუნა სოფლის შეღავათიანი კრედიტების დაწესებისა და გლეხის წელში გამართვისათვის? თუ იცით ასეთი მაგალითები? ღმერთმა გაგიმარჯოთ, მე კი პირიქით, ხელის შეშლის ამბავი ვიცი და ეს სიმწარე საკუთარ თავზე გამოვცადე, როცა საგარეჯოში მოსულმა ერთ-ერთმა გამგებელმა ჩემს ოფლად ქცეულ საქმეს "ტუფტა" დაარქვა და მასზე ხელი ამაღებინა.

არ იკითხავთ, რას ვსაქმიანობდი? სოფლის მეურნეობის მეცხოველე სპეციალისტი გახლდით და  კვალიფიციურ სხვა თანამშრომლებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებდი, რომ სოფელს რაიმე შველებოდა. თუმცა ვინ დაგაცალა, - 2005 წლის ერთ მშვენიერ დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან კაცი ჩამოვიდა  და ყველას გამოგვიცხადა, - სამსახურიდან წასვლაზე განცხადებები დაწერეთო. ამით დაუსვა წერტილი ჩვენს სამსახურს. არადა,  საგარეჯოში უკვე აღწერილი მყავდა ყველა სახის პირუტყვი, ფუტკარი, ბოცვერი, ფრინველი, სავარგულები, შენობები და ტექნიკა, რომ სიახლეების შეტანა დაგვეწყო.

პირველ რიგში რამდენიმე სანაშენე ფერმერული მეურნეობა შევქმენი, ავამუშავე ცხოველთა ხელოვნური მოშენების სამსახური, სადაც მსოფლიოს ჯიშიანი პირუტყვის ჩვენს პირუტყვთან შეჯვარება დავიწყეთ. სხვათა შორის, ამაში პირუტყვის პატრონები მხოლოდ ხუთ ლარს იხდიდნენ. დახმარებისათვის ორჯერ გავიტანე საკითხი რაიონის გამგეობის სხდომაზე, მაგრამ უშედეგოდ. ვიყავი თითქმის ყველა ბანკში, მაგრამ აღნიშნული საქმისთვის კრედიტი არავინ მოგვცა.

მერე წავედი გუბერნატორ პეტრე ცისკარიშვილთან, იქიდან კი ჩემი თანდასწრებით დარეკეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საიდანაც გვიპასუხეს, - ამ ეტაპზე აღნიშნული საქმიანობის დახმარება არ შეგვიძლიაო.

არადა, ჩემი გათვლებით, ჯიშიანი პირუტყვის ხელოვნური გამრავლების პუნქტების ყველა სოფელში გასახსნელად საჭირო იყო მხოლოდ 17.000 ლარი, სამაგიეროდ, გლეხს და სახელმწიფოს წელს უკვე ამ ჯიშიანი პირუტყვის რძეც ბევრი ექნებოდა და ხორციც.  დასაქმდებოდა ათეულობით მეცხოველე სპეციალისტი.

სხვათა შორის, ეს საქმიანობა მე ჰაერზე არ დამიწყია, ისრაელში მქონდა სტაჟირება გავლილი და თავად მათ შემომთავაზეს კახეთში ფერმერთა კავშირის გახსნა და მხარში ამოდგომა.

ორგანიზაციის დაფუძნებას საგარეჯოს მევენახის სახლში 200-ზე მეტი ფერმერი ესწრებოდა.   ჩამოვაყალიბეთ მეფუტკრეობის საზოგადოება. მონაწილეობა მივიღეთ დანიურ პროექტში, რომლის მეშვეობითაც ახალქალაქის რაიონიდან შემოვიყვანეთ 200 სული დეკეული, რომელიც თავად დავარიგე პატარძეულის, ნინოწმინდისა და წყაროსთავის მოსახლეობაში.

დღეს ფერმერი საერთოდ დაუცველია, მაგალითად, ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა საგადასახადო სამსახური, ფერმერს ხელში უჭირავს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადასახადის გადახდის ქვითარი (გადახდილია სახალხო ბანკში 2007 წელს), რომელიც სადღაც სხვაგანაა გადარიცხული.

საგადასახადო სამსახური კი მიწის გადასახადის გადაუხდელობის მოტივით  ფერმერს უყადაღებს მთელ ქონებას, მათ შორის საცხოვრებელ სახლსაც კი. შემოსავლების სამსახური ფერმერის განცხადებაზე ან დუმს, ან განცხადებას ისევ დამყადაღებელს უგზავნის. ფერმერმა ვის მიმართოს, არ იცის.

აი, რატომ ვართ გაჩერებული, რატომ ცდება ფერმერი და აცდენს მიწას.

საგარეჯო, თეზიკო შაქარაშვილი