ახლა მშობლიურ მიწას მიაბარებენ... - კვირის პალიტრა

ახლა მშობლიურ მიწას მიაბარებენ...

ალბათ ძნელია იპოვო ქართველი კაცი, რომელსაც თავისიანი სხვის მიწას მიბარებული ეგულება და გული არ ეღრღნება. ასე ალბათ იმიტომ არის, რომ ჩვენთვის

ყოველივე მშობლიური თბილია, მათ შორის მიწაც.

ამიტომაც დავბეჭდეთ იმ ქართველი კაცის წერილი "სადაურსა სად წაიყვან", რომელსაც  რუსულ მიწაზე მიბარებული მეორე ქართველის დარდი მოსვენებას არ აძლევდა, - მხოლოდ ამ ამბის შემსწრეებმა ვიცით, როგორ უნდოდა ოჯახში დაბრუნება, მაგრამ უკვე ავადმყოფიც ვეღარ ბედავდა, - სად წავიდე, ფული არ მაქვს, შვილებს რა მივუტანოო.

ჩვენ კი ეს დარდი ამ ამბის გახმაურებით, თითქოს ყველას გადავდეთ. რაც მთავარია, ჩვენი წერილი იმას მისწვდა, ვისაც უნდა მისწვდომოდა, - რუსეთში ოჯახის სარჩენად წასული უბედური კაცის, როლანდ ერაძის ოჯახს. პირველად მისი  ნაცნობი შეგვეხმიანა, - ხმაში იმდენი დარდი ჰქონდა, თითქოს ტელეფონს  იქიდან გწვდებაო, - ჩვენც გული დაგვიდარდიანა: - ეგ კაცი ისეთი მორიდებული იყო, იმ ცივ ქვეყანაში დანის პირზე სიარულს როგორ გაუძლებდაო.

მერე შეგვპირდა, მის ახლობლებს მაგ ამბავს აუცილებლად გავაგებინებო. გააგებინა, - ცოტა ხანში უგზო-უკვლოდ გამქრალი და რუსეთში გარდაცვლილი როლანდ ერაძის დისშვილმა  დაგვირეკა, მერე მისმა მეუღლემ, - იმათი მისამართი მოგვეცით, ვინც როლანდი მიწას მიაბარა და უკანასკნელ დღეებში მის გვერდით იყოო. რა თქმა უნდა, მივეცით და აქეთ ჩვენ ამოვისუნთქეთ და იქით იმ ხალხმა, ვისაც გულზე ლოდად აწვა, რომ ქართველი კაცი უცხო მიწაში დატოვა... ახლა მისი სხეული მშობლიურ მიწას დაუბრუნდება და ჩვენც იმას ვიტყვით, როგორც ასეთ დროს ვამბობთ საქართველოში, - მსუბუქი ყოფილიყოს მშობლიური მიწა ამ გაწამებული ქართველისთვის.