მინდა, იცოდნენ, ავტორი - კვირის პალიტრა

მინდა, იცოდნენ, ავტორი

"პატივცემულო რედაქციავ, წერილს გწერთ იმიტომ, რომ თქვენს გაზეთს იმ იშვიათ გამონაკლისად მივიჩნევ, ვისაც ქვეყნის მომავალზე გული შესტკივა. გამომგონებელი

ვარ, "საქპატენტმა" ჩემს ოთხ გამოგონებას მიანიჭა ლიცენზია და დღემდე ვერც ერთი ვერ ამუშავდა. მეხუთე გამოგონებაც უკვე მზად მაქვს. ჩემი აზრით, მათ შორის ორი ძალზე  მნიშვნელოვნია. პირველი, - ჩვენს ზღვაში დიდი რაოდენობით გოგირდწყალბადია. ამ გამოგონებით მისი ამოღება და წყალბადად და გოგირდად დაშლა შეიძლება; მეორე კი, ზღვის ტრანსპორტისთვის ალტერნატიული საწვავის მოპოვებას გულისხმობს.  იქნებ თქვენს გაზეთში ამის დაბეჭდვის შემდეგ მაინც დაინტერესდეს ვინმე. ერთიც არის: ამ გამოგონებებს, ვინმე ოდესმე მაინც მიადგება და თუ თქვენ დაბეჭდავთ, მაშინ ყველას ეცოდინება, რომ მისი ავტორი ქართველია.

პატივისცემით, ილია ედიშერაშვილი".

ეს გახლავთ წერილი, რომელმაც კიდევ ერთხელ მოგვგვარა სინანული, ლოდინით ხელჩაქნეული ნიჭიერი ქართველების გამო. მერე კი ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი გაგვახსენა, რომელიც მოვიდა თუ არა, მეცნიერებს სთხოვა, ოღონდ იმუშავეთ და ამერიკის ბიუჯეტის 3% თქვენი იყოსო... ეს კი დაახლოებით ნახევარი ტრილიონი დოლარია!

- ბატონო ილია, თქვენი გამოგონებებით ნუთუ მართლა არავინ დაინტერესდა?

- როგორ არა, გლეხები დაინტერესდნენ, თუმცა... ერთი მარტივი მოწყობილობა გამოვიგონე - დენს მდინარის ტალღების ნებისმიერი სიჩქარე ნებისმიერ ადგილზე გამოიმუშავებს. ეს რადიოთი გადაიცა და გლეხები მოვიდნენ - გაგვაკეთებინეო. წავყევი ტექნიკოსებთან და 30.000 ლარი მოითხოვეს... ჩვენს გლეხს ამდენი ფული ვინ მისცა!

- ზღვიდან გოგირდწყალბადის ამოღება და დაშლაც ასე შეიძლება?..

- კი, ბატონო. შავი ზღვა 200 მეტრის სიღრმიდან მკვდარ ზღვად მიიჩნევა, სიღრმეში იმდენი გოგირდწყალბადია, ვერც ერთი ორგანიზმი ვერ ცოცხლობს. ჩემი შექმნილი მექანიზმი მას კიდეც ამოიღებს და კიდეც დაშლის. ესეც ძალზე მარტივი მოწყობილობა გახლავთ.

- ბატონო ილია, ზღვის ტრანსპორტის ალტერნატიული საწვავის მიღებაზეც გვწერდით. დღეს ამაზე მთელი მსოფლიო მუშაობს.

- სწორედაც. წიაღისეული სამუდამოდ არ იარსებებს... ზემოთ რომ ვამბობდი, ამ გამოგონებებს ვინმე მიადგება-მეთქი, სწორედ ამას ვგულისხმობდი, - მსოფლიო მოძებნის ალტერნატიულ საწვავს. ზღვებში კი 800 მეტრის სიმაღლეზე იმხელა წნევაა, წყალქვეშა ნავების კორპუსებს ხეთქავს. ჩემს გამოგონებაში წნევა გემების ტრიუმზე დამაგრებულ მოძრავცილინდრიან მილებში უნდა ამოვიდეს და გემი აამოძრაოს. ამ ენერგიით გემის აკუმულატორების დატენაც შეიძლება... ნახაზები უკვე მზად მაქვს და შევეცდები, იმ ქვეყნის საელჩოებს მივაწოდო, ვისაც ჩვენში სამხედრო ატაშე ჰყავთ.

P.შ. წარმატებას ვუსურვებთ ბატონ ილიას. გაგვიხარდება, თუ მის ნიჭს გზას გავუკვალავთ, ამით ხომ ქვეყანასაც დავეხმარებით.