ქალბატონო ლალი, დაითვალე ვალი! - კვირის პალიტრა

ქალბატონო ლალი, დაითვალე ვალი!

"გამარჯობა, პატივცემულო რედაქციავ. თქვენ ჩვენი გაზეთი ხართ. ამიტომაც გწერთ. გურჯაანის სამ სოფელში: ქოდალოში, დარჩიეთსა და არაშენდაში ქალბატონი

ლალი გვირიგებს პენსიებს და მისმა საქციელმა ძალზე შეგვაღონა. ეგ დალოცვილი, რა პენსია გვაქვს და რო ჩამოგვირიგებს, იქიდან ერთ ლარს ისე იჩუქებს, გეგონება, მაგის სახელზე მოჭრა მთავრობამ. პენსიას კი სრულად გვიწერს, მაგრამ ლარით ნაკლებს გვაძლევს. განა არ მივანიშნეთ, პირდაპირაც უთხრა ხალხმა, - ამას ნუ შვრებიო, მაგრამ ვითომც არაფერი. ეგა ჩვენი პენსიიდან ინიშნავს ხელფასსა. ახლა აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ამ ქალბატონს საქვეყნოდ ხომ არ წავეკიდებით, არადა, თავისას არ იშლის. მაგას ეგ ერთი ლარი არაფრად მიაჩნია, მაგრამ აბა, დაითვალოს ჩვენი ვალი რამდენი გამოუდის. მაგ ერთლარიანებით ჩვენს შვილიშვილებს იმდენ კანფეტს ვუყიდდით, იქნება ვერც დაეთვალა. მაგრამ მაგის კანფეტების თვლა რად გვინდა, გააფრთხილეთ, აწი მაინც პენსია გადმოგვითვალოს წესივრადა...

რამე მაინც უჭირდეს მაგ ოჯახაშენებულს, მთელ პენსიას ვაჩუქებდით. ერთი აქაური სახელმწიფო კაცის რძალია და რა გინდა, სულო და გულო, ყველაფერიც აქვს.

აი, ასეა ჩვენი საქმე. გთხოვთ დაგვეხმაროთ, მაგრამ სახელებს არ დაგიწერთ, მიხვდებით, რატომაცა".

p.s. ქალბატონო ლალი, დაითვალე ვალი! ასე თუ მოიქცევით, ყოფაგამწარებული ხალხი ტკბილად დაგაბერებთ კანფეტებით.