ნოტების საბეჭდი მანქანა ქართველმა გამოიგონა - კვირის პალიტრა

ნოტების საბეჭდი მანქანა ქართველმა გამოიგონა

დღიდან გაზეთის გამოსვლისა, თქვენი ერთგული მკითხველი ვარ. განსაკუთრებით გემადლიერებით იმის გამო, რომ ბევრ ეროვნულ მოღვაწეს, საინტერესო ქართველს თქვენს გაზეთში გავეცანი. წლების წინ უცხოელი სტუმრები მეწვივნენ, მათ შორის ერთი - დედით რუსი გერმანელი მუსიკოსი გახლდათ.

მან მიამბო: ჩემი ბაბუა ლიგოვოში ქარხანაში მუშაობდა და აღფრთოვანებული იყო ვიღაც ნიჭიერი ქართველით, რომლის გამოგონილ საბეჭდ მანქანასაც ქარხანა ელოდებოდა. ეს მანქანა ნოტების საბეჭდად იყო განკუთვნილიო. ვინც არ იცის, ვეტყვი, ადრე ნოტებს ხელით წერდნენ, როცა ოპერის ან პიესის რამდენიმე ეგზემპლარი სჭირდებოდათ, ხელით ამრავლებდნენ, რაც რუტინული შრომის ფასად უჯდებოდათ.

ძალიან მაინტერესებს, მართლა ქართველმა გამოიგონა თუ არა ნოტების საბეჭდი მანქანა? ვინ იყო გამომგონებელი? იქნებ ვრცლად მოგვაწოდოთ ინფორმაცია ამ ადამიანზე.

პატივისცემით ანდრო კაიშაური".

საზოგადოება კარგად იცნობს მიხეილ თამარაშვილს - იტალიაში მოღვაწე ისტორიკოსსა და მკვლევარს. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მისი ძმისწული - ვასილ თამარაშვილი საინტერესო და ნიჭიერი მუსიკოსი იყო. მის სახელს უკავშირდება გამოგონებაც, რომელიც მაშინდელ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გახლდათ.

ვასილ თამარაშვილმა პირველმა შექმნა ნოტების საბეჭდი მექანიკური მანქანა, რომელიც სანოტო ნიშნებთან ერთად ბეჭდავდა ლიტერატურულ ტექსტსაც. იდეა ბავშვობიდან აწვალებდა. 30-იანი წლების დასაწყისში მიაღწია იმას, რომ საკავშირო სახალხო კომისარიატმა გამოყო შესაბამისი თანხები ნოტების საბეჭდი მანქანის დასამზადებლად. 1936 წლისთვის ამ აპარატის საცდელი ეგზემპლარი უკვე მზად იყო. გამოგონებამ მოსკოვშიც მოწონება დაიმსახურა. გადაეცა კიდეც ლიგოვოს ქარხანას სერიული წარმოებისათვის, მაგრამ დაიწყო ომი და მანქანა ქარხანასთან ერთად დაიბომბა...

ვასილ თამარაშვილი 1908-11 წლებში სწავლობდა რუსული საიმპერატორო საზოგადოების თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში მუსიკის თეორიის სპეციალურ კურსზე, სამხედრო ორკესტრის დირიჟორ-კაპელმაისტერის განხრით. თეორიას ზაქარია ფალიაშვილი ასწავლიდა, რომელიც აღნიშნავდა, ბეჯითი, მუყაითი და თავისი დარგის კარგი სპეციალისტიაო.

ბეჯითმა და ნიჭიერმა ვასილმა შეისწავლა ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტები. ოცნებობდა, შეექმნა ქართული ხალხური ინსტრუმენტების ორკესტრი. ამისთვის საჭირო იყო სხვადასხვა ინსტრუმენტის მუსიკალური წყობის შეცვლა და ვასილ თამარაშვილმა დაიწყო ინსტრუმენტების კონსტრუირება.

ქართული ხალხური ინსტრუმენტების პროფესიული ორკესტრის შექმნისათვის მარტო ეს საკმარისი არ იყო. გააერთიანა საყვირი, ხის დოლი, სამკუთხედი (ფრანგული), სატკაცუნო, კასტანეტი და სხვა... ვასილ თამარაშვილის  რეკონსტრუირებული ინსტრუმენტებით დაინტერესდა საკავშირო მუსიკალური საზოგადოება, საკავშირო კულტურის სამინისტროს დაკვეთით  ინსტრუმენტის 11 სხვადასხვა სახეობა დაამზადა, რომლებიც  1937 წელს გადაეცა საკავშირო ხალხური შემოქმედების სახლს და ახლა დაცულია მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმში პეტერბურგში.

ვასილ თამარაშვილს ჰყავდა მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ზოგნი აკრიტიკებდნენ, ორკესტრი სრულად ქართული ხალხური ინსტრუმენტებით რატომ არ დააკომპლექტეო, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ მსგავსი შეთანხმება სულაც არ იყო უარსაყოფი. პირიქით... ვასილ თამარაშვილის მოწაფემ - კირილე ვაშაკიძემ კიდევ უფრო დახვეწა ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების ორკესტრი, რომელიც წარმატებით მოღვაწეობდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

ვასილ თამარაშვილი გარდაიცვალა 1957 წლის 7 აპრილს. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოს პანთეონში. მისი დიდუბის პანთეონში გადმოსვენების და მიხეილ თამარაშვილის გვერდით დაკრძალვის შესახებ მერიამ ნებართვა გასცა, თუმცა ოჯახს ვასილ თამარაშვილის გადასვენებისათვის საჭირო  მატერიალური სახსრები არ გააჩნია.