ესეც ჩვენია, ჩვენი! - კვირის პალიტრა

ესეც ჩვენია, ჩვენი!

თვითონვე ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზისო, - ეს გამოთქმა ალბათ იმიტომ გაჩნდა, რომ როგორც ახლა ვართ, ადრეც ისე ვიყავით საკუთარ ტოტებს შერჩენილნი.

სამაგიეროდ, ტოტმოჭრილებმა მიწაზე იმდენჯერ მოვადინეთ ზღართანი, ვერ იქნა და ხეირიანად მუხლი ვეღარ გავშალეთ. ამ წერილში მოთხრობილი ამბავიც ეს არის. თუმცა კითხვა მაინც ჩნდება, - ნუთუ დაცემისას გვერდები თუ არა, გული მაინც არ გვტკივა?

პატივცემულო რედაქციავ, ძალიან გთხოვთ, ეს წერილი დამიბეჭდოთ, რომ ჩვენი ხმა იმათ მისწვდეთ, ვისაც ასეთი უგუნურობის შეჩერება შეუძლია. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი რუსთავი დღითი დღე მშვენდება. მეამაყება, რომ ამ ქალაქში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრებაც ამ ქალაქთანაა დაკავშირებული. გული იმიტომ მტკივა, რომ ვხედავ, ჩემი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ზოგიერთები უგუნურად ექცევიან, ოღონდ კი საკუთარი საქმე მოიგვარონ. ამ მართლაც ხრიოკზე აშენებულ ქალაქში ერთ-ერთი უნიკალური ნაგებობა თეატრის შენობაა და ახლა ის არის ცუდ დღეში.

რუსთავში დამთავრდა ფესტივალი "ჰერიო", რომელიც დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა ცენტრალურ მოედანზე. ზეიმმა მერე თეატრის შენობაში გადაინაცვლა. იქ რაც ხდებოდა, სრული განუკითხაობა გახლდათ: დარბაზში რომ ვერ დაეტივნენ, ახალგაზრდები კალიებივით მოედვნენ მთელ შენობას. ჩაამსხვრიეს ფანჯრები, კარები, მაყურებელთა დარბაზში დაჭრეს და დალეწეს სკამები, ტუალეტები. ერთ თვეში თეატრი სანაგვე ყუთს დაემსგავსა(!).

თვალცრემლიანი მსახიობები შორიდან უცქერდნენ ამ ვანდალიზმს და შიგ შესვლასაც ვერ ბედავდნენ. არადა, წესით და რიგით, თეატრში სპექტაკლები უნდა იდგმებოდეს და არა ამგვარი ღონისძიებები. მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართო მას, ვისაც ამ ქვეყანაში მართლა კულტურის და სულიერების ბედი აბარია:

ბატონებო, როგორ დაუშვით ასეთი განუკითხაობა, ანდა რას გრძნობდით, რას გრძნობთ ამგვარ ღონისძიებებზე ჟიურის წევრად ყოფნის დროს, როცა იარუსიდან თავზე ნაგავს გაყრიან? რა ჰქვია ამას? ერის კულტურა როგორ აძლევს ამ ბარბაროსობის ჩადენის საშუალებას ვინმეს, ნუთუ არ შეიძლება ასეთ დროს კონტროლი დააწესოთ და ქალაქის სულიერების კერა გადაარჩინოთ?

გთხოვთ ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ თეატრი საეჭვო ღონისძიებების (ახლა ბოლო ზარებიც მიემატა) ასპარეზად არ გადაიქცეს!

პატივისცემით, ჟუჟუნა კალმახელიძე