რატომ ვღვრით სასმელ წყალს?! - კვირის პალიტრა

რატომ ვღვრით სასმელ წყალს?!

ვშიშობ, რომ ამ წერილით თქვენამდე სათქმელს ვერ მოვიტან - მე ხომ ტრაქტორისტი ვარ და არა ჟურნალისტი, მაგრამ მაინც გთხოვთ დაბეჭდოთ - ეს ყველას საფიქრალი უნდა იყოს.

თქვენ კი მადლობას გეუბნებით, რომ ჩვენი ქვეყნის ნამდვილი სიმდიდრით - საქართველოს წყლების ბედით ინტერესდებით. თუ მართლა მსოფლიო კრიზისი სასმელ წყალზე 15-20 წლის შემდეგ უნდა დაიწყოს და ეს უბედურება ჩვენც გვერდს არ აგვივლის, რატომღა ვანიავებთ ამ სიმდიდრეს, გიჟები ვართ?! თქვენ არ იცით, რა მდგომარეობაშია ამ მხრივ დასავლეთ საქართველო. ხომ ცნობილია, რომ წყლის დეფიციტს, განსაკუთრებით კი სარწყავი წყლისას, უფრო აღმოსავლეთ საქართველო განიცდის, ვიდრე დასავლეთი, მაგრამ არც ასეა საქმე, თუ სიმართლე გინდათ, მოსავლის მორწყვის საქმე ქართლ-კახეთში უფროა მოგვარებული, რადგან იქ ახლაცაა შემორჩენილი სარწყავი სისტემა, ურომლისოდაც მოსავალს ვერ მიიღებ.

დასავლეთ საქართველოში, ვგულისხმობ ქუთაისი-წყალტუბოს ზონების ვაკე სავარგულებს, დღეისათვის მწვანილი მოჰყავთ და ამით ცოცხლობენ. მწვანილისთვის კი მორწყვა აუცილებელია. რიონიდან გაყვანილი წყალი კი არცთუ შორეულ წარსულში მთელი წელიწადი მოწანწკარებდა სოფლებში გაყვანილ არხებში. მეტიც, 20-იან წლებში თურმე სავალდებულოც იყო სარწყავი წყალი ყველა ოჯახს ჰქონოდა.

საბჭოთა სარწყავ არხებზე წისქვილებიც კი მუშაობდნენ. გასული საუკუნის 80-90-იანი წლებიდან  მოსახლეობამ ნელ-ნელა ზურგი აქცია სარწყავი არხების მოვლა-პატრონობას და ეს სიმწრით გაყვანილი სისტემა განადგურდა. როცა მიხვდნენ, რომ უნდა ეშრომათ და ბაღჩეულის მოყვანაც დაიწყეს, სარწყავი წყალი აღარ იყო (განა იმიტომ, რომ არხების აღდგენა არ შეიძლება, უბრალოდ, ეს აზრადაც არ მოსდის ადგილობრივ მთავრობას).

ასე მიადგნენ ჭებს და სარწყავი წყლის ამოქაჩვა ელექტრო თუ შიგაწვისძრავიანი ტუმბოებით დაიწყეს, - ამ კულტურას ხომ  ასპროცენტიანი წყლით უზრუნველყოფა ესაჭიროება. იმაზე დიდი სიკეთე რა უნდა იყოს, როცა კაცი შრომობს, ან რა უნდა ქნას გლეხმა, ვინ გაამტყუნებს, რომ წავა, წყლის ამოსაქაჩ ტექნიკას იყიდის, დაიკავებს ბოსტანში ან სათბურში შლანგს და მორწყავს თავის მოსავალს. მაგრამ გლეხი თუ არა, ჩვენი ხელისუფალი ხომ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ სასმელ წყალს, რომელშიც სხვა ქვეყნებში უამრავ ფულს იხდიან, ჩვენ ჰაიჰარად ვღვრით ბოლოკის და პრასის მოსარწყავად! რა გახდა იმ არხების აღდგენა?

მეშინია, რომ თუ დროზე არ მივხედეთ ჩვენს ბუნებრივ სიმდიდრეებს, წყალი მალე საბარათო სისტემით გასანაწილებელი გახდება. ამ შიშის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ ჩვენს მომავალ თაობას არავინ ასწავლის ბუნების მოვლას.

ამიტომ ყოველ წელიწადს ასობით ჰექტარი სავარგული მოუხნავი და დაუთესავი გვრჩება...

პატივისცემით - ნიკო ინაშაური

P.S. ეს წერილი, რასაკვირველია, შეიძლებოდა უკომენტაროდაც დაგვებეჭდა, - რა კომენტარი უნდა იმას, როცა საკუთარი თვალით ხედავ, რომ დღეს ჩვენი მარჩენალი სოფელი გერივით ჰყავს ჩვენს ხელისუფლებას. მაგრამ ბატონ ნიკოს აუცილებლად უნდა ვუთხრათ: ვიბრძოლოთ, ბატონო ნიკო, ვიბრძოლოთ და ამ საქმეში სხვაც ავიყოლიოთ, - შეერთებული ხალხი დიდი ძალაა, ძალა კი აღმართსაც ხნავს!