მეგობრობა - კვირის პალიტრა

მეგობრობა

"ძვირფასო რედაქციავ, წლები უკან დამრჩა, მაგრამ, მერწმუნეთ, თუ გული სიცოცხლის სიყვარულით არის სავსე, ასაკი ვერაფერს დაგაკლებთ.

თბილისში ხონიდან მეათე კლასში გადმომიყვანეს. ძველ პლეხანოვზე, კარგარეთელის ქუჩაზე ვცხოვრობდი მამიდებთან. თავიდან გამიჭირდა, მერე მივიხედ-მოვიხედე და გარშემო კარგი პლეხანოველი ბიჭები დავინახე, დავმეგობრდით. მაშინ დიდი გაჭირვება იყო, მაგრამ მთელი დღე საქმით დაღლილებს მაინც იმდენი ხალისი გვქონდა, პლეხანოვზე ყოველდღე შევკრებილიყავით. სადაც უნდა ვყოფილიყავით, ერთმანეთის გასაჭირს წამში ვიგებდით და დასახმარებლად გავრბოდით. ასე შევიკარით ერთ მუშტად და ერთ სულად 30 პლეხანოველი ბიჭი... მერე ერთმა თქვა, - მოდი, ჩვენი ძმობა გავაფორმოთო. 1951 წელი იყო. საკვირველია, რომ იმ დროს ეს საქმე არ ჭირდა - წავედით იუსტიციის სამინისტროში და ქაღალდი მოგვცეს, რომლითაც ჯგუფ "მეგობრობად" ვიწერებოდით. მერე "წესდებაც" შევქმენით - ძმობის კანონებში საწევროს შეკრება დავაწესეთ... იმ დღიდან 68 წელიწადი გავიდა. საწევროს ახლაც ვკრებთ, გვიჭირდა თუ გვილხინდა, თვე არ ჩაგვიგდია.

განა სად მიგვქონდა? გაჭირვებისას ერთმანეთს ვეხმარებოდით. მოსალხენად კი ყოველ შაბათს ვიკრიბებოდით 30 კაცი - ყველანი ვმუშაობდით, ფულს ვკრებდით და სასტუმრო "ივერიაში" სუფრას გვიშლიდა ადმინისტრატორი. ის ჩვენი საძმოს პრეზიდენტი იყო. მერე გაგვიჭირდა და უკვე თვეში ერთხელ ვიკრიბებოდით, ბევრი გვქონდა თუ ცოტა, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ერთმანეთის ნახვა გვიხაროდა. როგორ გვიჭირდა, მაგრამ ყველაფერს ვივიწყებდით და ერთმანეთს მაინც ვხვდებოდით. ახლაც ასე ვართ,  თვეში ერთხელ ისევ ვიკრიბებით, ოღონდ პენსიით, ოღონდ პლეხანოვის საჭაშნიკეში და უკვე ცხრანი - სულ თერთმეტნი დავრჩით. ორს სიარული აღარ შეუძლია, დანარჩენები იმ ქვეყნად გაემგზავრნენ. მაგრამ უნდა დაგვიჯეროთ, რომ ისინიც ჩვენ გვერდით არიან. როცა ერთად ვართ, ასე გვგონია, სუფრიდან დროებით ადგნენ. ერთ დიდ ჩარჩოში იმ ქვეყნად წასული ძმების ფოტოები ჩავსვით. მერე ვთქვით, ქმრებს ცოლებს ხომ ვერ დავაშორებთო - მათაც ჩვენთან ერთად ზიდეს ჩვენი ძმობა. ჰოდა, ჩარჩო 60-კაციანად გადავაკეთეთ. ყველანი დავეტევით ჩვენი ცოლებიანად. მერე შვილებს დავუტოვებთ.

თქვენ კი, თუ ჩვენი გაცნობა მოგინდეთ, ყოველი თვის ბოლო შაბათს ისევ საჭაშნიკეში გვნახავთ. ადმინისტრატორსაც გაუხარდება თქვენი ნახვა, გვეუბნება - ჩემი ბიძები ხართ, რასაც თქვენ აკეთებთ, არც მინახავს და არც გამიგონიაო.

პატივისცემით, რეზო ჭავჭანიძე".

არც ჩვენ გვინახავს, ბატონო რეზო... ნეტავი, თქვენსავით ბევრს ჰქონდეს ასეთი მეგობრობის ნიჭი - ქვეყანა სიყვარულით აივსებოდა. ერთ მშვენიერ შაბათს აუცილებლად გეწვევით "საჭაშნიკეში", რომ ყველას მოვუყვეთ, სიცოცხლის ბოლომდე სიხარულით როგორ უნდა დატკბე. იმასაც გეტყვით, რომელი პოეტის სტრიქონები მოგიხდებოდათ, ალბათ, - მურმან ლებანიძისა: "გული გულს იცნობს, / ღონე - ღონეს, / მარჯვენი - მარჯვენს, / ლეგენდად დარჩეს მეგობრებო, / ლეგენდად დარჩეს".