"საქართველო არის ესე!" - კვირის პალიტრა

"საქართველო არის ესე!"

ჩვენ ამ წერილს ასე დავარქმევდით: "ასე უნდა მოუარო საქართველოს!" ქვეყანას მარტო უცხოეთიდან სამადლოდ გამოგზავნილი სასმელ-საჭმლით ვერ გადავარჩენთ, ჩვენც, როგორც წერილის ავტორი, ვფიქრობთ, რომ წერილის გმირივით ჩუმად, უპრეტენზიოდ უნდა იღვაწო, სამშობლოს წამალიც ეს არის!

"ამ წერილს სიღნაღის საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეთა სახელით გწერთ და გთხოვთ, დაბეჭდოთ - გვინდა მთელმა საქართველომ გაიგოს ერთი ქართველი ქალბატონის მამულიშვილობის ამბავი. იქნებ მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ, რაც ძალიან წაადგება ჩვენს სამშობლოს.

ამას წინათ სკოლაში ჯავახეთიდან გვესტუმრა სოფელ ფოკის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კლარა ფოცხვერაშვილი - მინდა თქვენს მოსწავლეებს ჩემი შეგირდები გავაცნო - ერთ სპექტაკლს ჩამოვიტანთო. მოგვეწონა ეს აზრი.

მალე გვესტუმრნენ.

სანამ წარმოდგენა დაიწყებოდა, ქალბატონმა კლარამ უბრალოდ, მთელი გულით მოგვიყვა ჯავახეთზე, უძველეს ქართულ კუთხეზე და ბავშვებს შეახსენა, წმინდა ნინო ჯავახეთიდან შემოვიდა საქართველოშიო. მერე დასძინა, - ჩემს მოსწავლეებს ბოდბეში აუცილებლად ვაჩვენებ მის საფლავს, რათა დარწმუნდნენ, რომ მართლაც "საქართველო არის ესეო".

დასასრულ, გვთხოვა: ბავშვებს ქართული კარგად ესმით, მაგრამ გამართულად ვერ ლაპარაკობენ და გთხოვთ, არ დასცინოთო.

დასაცინი რა ჰქონდათ - დაიწყო სპექტაკლი და გავოგნდით, სცენიდან ისეთი თავანკარა ქართული ისმოდა, ყველას ჟრუანტელი გვივლიდა. წარმოიდგინეთ, რა ჯაფა დაადგა ქართულის მასწავლებელს, რომ სომეხ ბავშვებს ასე შესანიშნავად ელაპარაკათ ქართულად. ახლა შესრულებას არ იკითხავთ?! სცენაზე ნამდვილი მსახიობები იდგნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ ქართულად, მერე სიღნაღელებიც აჰყვნენ და ტაშს დასასრული არ ჰქონდა... სპექტაკლის შემდეგ ჯავახეთიდან ჩამოსულ სტუმრებს სიღნაღი დავათვალიერებინეთ. უნდა გენახათ, რა კარგი სანახავები იყვნენ თვალებგაბრწყინებულები, როგორ საუბრობდნენ სამშობლოზე.

გვჯერა, რომ ეს ბავშვები, რომლებსაც საქართველო და ყველაფერი ქართული მასწავლებელმა შეაყვარა, ჩვენი ქვეყნის ერთგულები ყოველთვის იქნებიან. ადამიანის ფსიქიკა სწორედ ასეა: "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის."

ოქტომბერში კი სიღნაღელები წავალთ ფოკაში და ამ სულში სათუთად ჩადებულ სიმდიდრეს კიდევ ბევრ რამეს დავუმატებთ".

მარინა მუნჯიშვილი,

სიღნაღის საჯარო სკოლის პედაგოგი,

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი