ვის სცალია დღეს ამისთვის! - კვირის პალიტრა

ვის სცალია დღეს ამისთვის!

"თუ არ მოუარე, სხვა მიითვისებს"

ქართველები რა ნიჭიერადაც ვქმნით ყველაფერს, ასევე ვფანტავთ. მაგრამ რაც დაგვრჩა, ისიც რომ შევინარჩუნოთ, დღეს ესეც საქმეა.

პატივცემულო რედაქციავ, დიდ მადლობას გიხდით, რომ ისეთ თემებს აქცევთ ყურადღებას, რომელიც დღეს ერთეულების მეტს არავის აწუხებს. არადა მთელი ერის საქმე უნდა იყოს, - ჩვენი ერის კულინარიულ ნიჭზე მოგახსენებთ და არა გაუგებარ ღრეობებზე. დღეს ბევრმა წარმატებულმა ერმა საგანგებოდ შექმნა მეცნიერული დარგი, რომელიც ამ ერის კულინარიას იკვლევს.

ჩვენ კი, ის ერი, რომლის მეფე ჯერ კიდევ XI საუკუნეში ტრაქტატს ქმნიდა, თუ რით უნდა გამოეკვებათ ჯარი, ამ თემას ისე ვექცევით, თითქოს არც არსებობდეს. გვაქვს საცივი და ხაჭაპური? დიდი ამბავი, უნდა გვქონდეს, აბა, რა! მაგრამ ასე რომ არ არის? თუ არ მოუარე, სხვა მიითვისებს.

ქართველთა საფიცარი დავით აღმაშენებელი ყველაფერთან ერთად ამაზეც ფიქრობდა. მის მიერ "მიგნებული და შემოღებული" - "ბრძოლისწინა კვება" აოცებს სამხედრო ხელოვნების მკვლევარ-ისტორიკოსებს, სწავლულ-მეცნიერებს და ექსპერტებს.

სხვათა შორის, ეს ტრაქტატი, ჩვენ რომ არც კი გვახსენდება, გასული საუკუნის 50-იან წლებში იაპონელმა მეცნიერებმა (და არა მარტო!) ძირფესვიანად შეისწავლეს. ისინი მანამდე, 50-იან წლებში, ტიბეტურ კვებას (ცნობილია, რომ ტიბეტელი ბერების ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს მიზეზი ესეც არის) სწავლობდნენ, მაგრამ უკმარისობის გრძნობა დაეუფლათ და საქართველოს მოაშურეს...

იაპონელ (და არა მარტო იაპონელ), გერონტოლოგთა და გერიატრთა ცხოველი ინტერესი გამოიწვია იმან, რომ საცივში გამოყენებული ნიგოზი - მისი ზეთი და ინდაურის სუკში - თეთრ ხორცში არსებული ნივთიერებები ორგანიზმში ქოლესტერინის ბალანსს არეგულირებს.

ეს ის საცივია, რომელსაც ბუქარესტში, მსოფლიო ფესტივალზე, კვების დარგში მოღვაწე ყველა დონისა და რანგის სწავლულმა და ექსპერტმა "კერძის სიმფონია" უწოდა (1964 წ.). ყველაფერ ამის და, საერთოდ, ქართველთა კვების კულტურის შესასწავლად იაპონელებმა მწყობრი სისტემა ჩამოაყალიბეს, კომპლექსურ სახელმწიფო პროგრამაში მოაქციეს (1995 წ.) და ამჟამად ქართულ უნიკალურ რეცეპტებს უჩვენოდ გამოსცემენ, ბიზნესშიც იყენებენ, ყოფაშიც და თავისადაც ასაღებენ!

აბა, რა, მათ მშვენივრად იციან, რა სიმდიდრე ჩაიგდეს ხელში! სხვათა შორის, ამას ჩვენც არ გვიმალავენ. საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ განაცხადა ჩვენთან სტუმრად ჩამოსულმა ამერიკელმა ფსიქიატრმა კარლ როჯერსმა (ბატონ შოთა ნადირაშვილს სტუმრობდა): "ამის შემდეგ ჩემს პაციენტებს ფსიქოტროპული საშუალებების ნაცვლად ქართული სუფრით და ჯადოსნური პოლიფონიური სიმღერებით ვუმკურნალებო".

ამერიკელი პრივატ-დოცენტი დარა გლოსტეინი საქართველოს მხოლოდ იმიტომ ეწვია (1998 წ.), რომ შეესწავლა და ამერიკაში გამოეცა ქართული რეცეპტების კრებული. გააკეთა კიდეც! წიგნი 2005 წლის აშშ-ის საუკეთესო გამოცემად აღიარეს და ოქროს მედლით დააჯილდოეს. თანაც, დღეს, როცა წიგნის კომერციულობის საიდუმლოს ამოხსნას მრავალი გამომცემელი ცდილობს, ამერიკაში ამ წიგნმა უზარმაზარი მოგება მოიტანა.  ამჟამად 78 დოლარი ღირს და ავტორიც გამდიდრდა.

ქართული სუფრით მოხიბლულმა ბერძენმა რეჟისორმა მარმარიოსმა 2002 წელს ქართული სუფრის თემაზე ათენში სპექტაკლი დადგა. როცა თურმე საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა და ქართული ხინკალ-ხაჭაპურით მოხიბლულმა აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ქართული კერძების ენციკლოპედია მოითხოვეს, არ გვაქვსო, უთხრეს. მათზე ადრე "კვების ქართული კულტურის ენციკლოპედია" თბილისში მარგარეტ ტეთჩერმა მოითხოვა და უარი რომ უთხრეს (მანამდე და ამის შემდეგაც - არაერთ სახელმწიფო მოღვაწეს) სახტად დარჩა.

აი, ამ თემაზე ვფიქრობდით საქართველოს ეროვნული აკადემიის მეცნიერები და წლების მანძილზე ვმუშაობდით, რომ მოგვეძიებინა, შეგვეგროვებინა და დაგველაგებინა ყველა მასალა, რაც ჩვენს ეროვნულ კერძებს ეხება. ეს იოლი შრომა სულაც არ ყოფილა, თუ გავითვალისწინებთ, რომ თუკი ოდესმე "ქართული კვების ენციკლოპედია" გამოიცემა, ალბათ, შვიდასი გვერდიც კი იქნება. მაგრამ... ვის სცალია დღეს ამისთვის! და მაინც, რადგან იმედი ბოლოს კვდება, იქნებ გამოჩნდეს კიდეც ისეთი ქართველი, ვინც ამ საკითხის მოგვარებას საჭიროდ ჩათვლის.

მანამდე კი, ქართველებო, გავუფრთხილდეთ ყველაფერს, რაც ჩვენია და შევინარჩუნოთ, თორემ ჩვენთვის არავინ არაფრის მჩუქებელი არ არის, წამრთმევი კი - რამდენიც გინდა!

საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი შალვა ლობჟანიძე,  გიორგი ლობჟანიძე