შენების იმედით - კვირის პალიტრა

შენების იმედით

ჩვენს ისტორიაში ყოველთვის ასე იყო, - თან ვომობდით და თან ვშრომობდით. ახლაც ასეა, - დაცოტავებულები შენების სურვილს და მომავლის რწმენას არ ვკარგავთ. ასეთი ძლიერი სულის მქონე ქვეყანა კი, შეუძლებელია ფეხზე არ დადგეს.

ჩემო საყვარელო გაზეთო, ფოთელი კაცი, კვირას არ ვუშვებ, "კვირის პალიტრა" არ წავიკითხო, ძალიან მიყვარხართ. გმადლობთ იმედისთვის. მეც მინდა იმედიანი წერილი მოგწეროთ, - ჩემს ქალაქში მსოფლიო მნიშვნელობის პორტი შენდება, - ისეთი, როგორიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ჩაფიქრებული. ბევრი რამ წამიკითხავს ამაზე. ფოთის პორტში  პირველი სამუშაოები 1858 წელს დაიწყო. იცით, ვინ იყო ერთ-ერთი პირველი უცხოელი, ვინც ეს სამუშაოები იხილა? დიდი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა.

მან ეს სტუმრობა თავის რომანშიც ("კავკასია") აღწერა. სხვათა შორის, საქართველოში პირველი რკინიგზა 1871 წელს ფოთსა და შორაპანს შორის გაიყვანეს. იმასაც სიამაყით გეტყვით, რომ ფოთის განვითარებაში მთავარი როლი არა უცხოელებმა, მათ შორის, რუსებმა, არამედ დიდმა ქართველმა კაცმა და საზოგადო მოღვაწემ, ნიკო ნიკოლაძემ შეასრულა. 1871 წელს, როცა ქალაქ ფოთის თავად აირჩიეს, ბატონი ნიკო წინასწარმეტყველებდა:

ფოთს დიდი მომავალი აქვს, დადგება დრო ამ პორტით კასპიის ზღვას დავუკავშირდებით, შემდეგ შუა აზიას, ირანს, ინდოეთს და უზარმაზარ ტვირთებს შემოვზიდავთ ევროპიდან და აზიიდან, ფოთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ქალაქი გახდებაო. თავდაპირველად კი ფოთიდან უცხოეთში ხეს, სოფლის მეურნეობის პროდუქტსა და მარგანეცს ეზიდებოდნენ.

დღეს ფოთის პორტზე უკვე გადის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საზღვაო გზა, ხოლო პორტი უზარმაზარი რაოდენობის მშრალი ტვირთების გადაზიდვას ემსახურება. მაინც რამდენსო, - ალბათ, იკითხავთ. გეტყვით: პორტს აქვს პოტენციალი, დღე-ღამეში 25 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახუროს. აბა, მითხარით, როგორ არ ვიამაყო?!

KvirisPalitra.Geმართალია, გულში ისიც ხინჯად მაქვს, რომ ასეთი შესაძლებლობების პორტი არაბულ კომპანიას მრავალი წლით აქვს იჯარით აღებული, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არც ეს მგონია ტრაგედია, - არაბები ამ მიწას თან ხომ არ წაიღებენ, ისინიც ისე წავლენ, როგორ ფაზისის (ასე ერქვა უხსოვარ დროში ფოთს) და საქართველოს სხვა დამპყრობლები წასულან უხსოვარი დროიდან მოყოლებული.

ახლა კი პორტის ფოტოებს გიგზავნით, მადლობელი ვიქნები, თუ დაბეჭდავთ, - თქვენი გაზეთი ხომ უცხოეთშიც ვრცელდება, დაე, იქ წასულმა ქართველებმა ნახონ, რომ ჩვენს თავს სულ გაჭირვება აღარ არის. მერე იქნებ თავადაც მოინდომონ სამშობლოში დაბრუნება.

ფოთი, პატივისცემით, გურამ ჯღარკავა