ქართული მადლით დართული ვარდების ხალიჩა - კვირის პალიტრა

ქართული მადლით დართული ვარდების ხალიჩა

ხშირად გაიგონებთ, ქართველებს გული გაგვიცივდაო. უსაფუძვლოდ არაფერი ითქმება. ალბათ, ყველას გვაქვს გამოცდილი გულცივობის სიმწარე. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ცუდი ყოველთვის უფრო "ყვირის", ვიდრე კარგი, სინამდვილეში კი  თანადგომის მაგალითი უფრო მეტი ყოფილა.

ჩვენც ამ უკანასკნელმა გადაგვარჩინა, თორემ ჩვენნაირი, ყოველმხრივ შევიწროებული ერის სახსენებელიც აღარ უნდა იყოს.

ძვირფასო რედაქცია, არ გთხოვდით ამ წერილის დაბეჭდვას, რომ არა გულგატეხილი ხალხის წუწუნი - მთავარია, არ წაიქცე, თორემ ხელს არავინ შეგაშველებსო. ასე არ არის, კაცი კაცით არის, ხელსაც შეგაშველებენ, ფეხზეც წამოგაყენებენ, ოღონდაც თავად უნდა ვიცოდეთ მადლის დანახვა.

მინდა იმ სიკეთეზე გიამბოთ, რომელიც უანგაროდ დამხვედრია გზაზე... ერთხელაც, უბინაოდ დარჩენილს, რომ აღარ ვიცოდი, რა წყალში  გადავვარდნილიყავი, ჩემმა თანამშრომელმა, ვასო ორჯონიკიძემ მითხრა,  - გლდანში მაქვს ოროთახიანი ბინა, დედაჩემს ჩემთან გადავიყვან და დაგითმობ, რამდენი ხნით გჭირდებაო? ასე, 2 წლით, მანამდე რამეს ვიზამ-მეთქი. იმ ორმა წელიწადმა კი ექვს წლამდე ისე გასტანა, ვასოს ჩემთვის არაფერი უგრძნობინებია. არის თუ არა ეს კაცობა და სიკეთე?

ახლა მეორე ფაქტსაც გეტყვით: დოლიძის ქუჩაზე სტუმრად მყოფს ეზოში მანქანა აღარ დამხვდა და თავში შემოვირტყი ხელი, - მოიპარავდნენ-მეთქი.   ვეძებე, მაგრამ ამაოდ. ძველ დროზე მოგახსენებთ, ძაღლი პატრონს რომ ვერ ცნობდა. ჰოდა, სამი დღის შემდეგ ვზივარ დაღონებული შინ და ტელეფონი რეკავს: - მანქანა თქვენ  დაკარგეთო? კი-მეთქი. მერე, მე როდემდე უნდა ვუდარაჯო თქვენს მანქანასო... ვინ ხართ-მეთქი.

ომარი ვარ, მხეიძე, მოდი და წაიყვანეო. მოკლედ, ეს ჩემი მანქანა ავაზაკებს იქვე, მეზობელი კორპუსის ეზოში შეუყენებიათ. პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, ბატონი ომარ მხეიძე კი ამ ამბავს აივნიდან უყურებდა თურმე. უცხო ხალხის დანახვაზე დაეჭვებული ჩამოსულა და მათ გარშემო სიარული დაუწყია. ავაზაკებს რაღაც უეჭვიათ და გაქცეულან. ომარს კი მილიციაში  მანქანის მფლობელის ვინაობა დაუდგენია და დამირეკა კიდეც. ესეც ხომ დიდი კაცობაა?

ერთი ლამაზი ამბავიც: - ცნობილმა მომღერალმა ანზორ კავსაძემ მიამბო. იმას კიდევ უცხოელმა ქალბატონმა უამბო ქალაქ ელასპოში გასტროლების დროს. ის ქალბატონი წლების წინ თბილისში ყოფილა სტუმრად და ბაზარში ყვავილების ყიდვა მოუნდომებია. მეყვავილეს ხელი გაუსავსავებია, - უფასოდ აიღეთ, ქალბატონო, სტუმარი ხართო! ამ ქალს რაც დაემართებოდა, ალბათ მიხვდებით, უკეთესი კი თურმე ბატონ ანზორს დამართვია ქალაქ ელასპოში, სადაც იმდენი ვარდი მიურთმევიათ, რომ სქელ ხალიჩად ეფინა თურმე სცენაზე.

და რა მომხდარა? - თურმე ქართველი მეყვავილის საქციელით გაკვირვებულმა ქალბატონმა თავის ქალაქში ყველა ნაცნობს ჩამოუარა, თბილისელ მეყვავილეზე უამბო და ქართველების კონცერტზე მისვლა სთხოვა. ვარდების ხალიჩა იმ ხალხის ნახელავი იყო თურმე(!).

ასე, კაცი კაცით არის და პირადად მე მადლობას მოვახსენებ ასეთ კაცებს და ბოდიშსაც, იმიტომ, რომ ყველას მოხსენიების საშუალება ნამდვილად არ მქონდა.

როსტომ საგინაშვილი