ეს გველეშაპი რომელიღაა? - კვირის პალიტრა

ეს გველეშაპი რომელიღაა?

ამ წერილმა ქართულ ზღაპრებში წყალს დაპატრონებული გველეშაპი გაგვახსენა. მადლობა ღმერთს, რომ დღესაც არის ხალხი, ვისაც ამ გველეშაპთან ბრძოლის სურვილი აქვს.

მე თქვენი მუდმივი მკითხველი ვარ! ამიტომაც ვბედავ და დახმარებისათვის მოგმართავთ!

როგორც კი ზაფხულის სიცხეები იწყება, ორიოდე კვირით ჩავდივარ იმერეთში, სოფელ ბროლიქედში. ვინც ქუთაისის გზაზე მდინარე ჭიშურასთან გაივლის, ხელმარჯვნივ, გზატკეცილიდან ერთი კილომეტრის მანძილზე იხილავს მწვანეში ჩაფლულ მომცრო სოფელს. აქედან ქუთაისამდე 7 კილომეტრია.

თითქმის 40 წელია, რაც იმერლების სიძე ვარ და ამ ხნის განმავლობაში ყველაზე შემაწუხებელი პრობლემა ამ სოფელში წყალია, - ეს ტერიტორია კარსტულია და ჭის გათხრა შეუძლებელია. ადრე წყალს პირდაპირ მდინარიდან ეზიდებოდნენ. ახლა ის დაბინძურებულია. იქნებ უხერხულია ამის ხაზგასმა, მაგრამ ჩემი სიდედრი, ქალბატონი ციალა ქავთარაძე ნაგარევის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო და კომუნისტების დროს არ დაუტოვებია რაიონისა და დედაქალაქის კაბინეტები, უამრავი ჩინოვნიკი შეაწუხა და აიძულა ჭიშურის სათავიდან გამოეყვანათ წყალი. იქ მდინარე პირდაპირ მღვიმიდან გადმოდის და საოცრად ცივი და გემრიელია.

წლების მანძილზე ონკანში წყალი მოჩხრიალებდა. რაღა ბევრი გავაგრძელო, მოიშალა წყალსადენი და მას შემდეგ ვართ უწყლოდ.  სოფლის თავკაცებმა დაგვიწესეს, რომ კვირაში მხოლოდ ერთი დღით და მხოლოდ ერთი საათით მოგვაწოდონ წყალი. თუ მოასწარი და დააგროვე, ხომ კარგი, არადა უნდა ელოდო მომდევნო კვირამდე. უარესი ისაა, ვერ გაიგებ, ვინ რაზე აგებს პასუხს და ხშირად ორი-სამი კვირა ონკანი მშრალია.

შარშან ხელისუფლებამ სოფელს, თუ არ ვცდები, 30 ათასი ლარი გამოუყო და ამბობდნენ, ხალხს დავეკითხებით, რაში დავხარჯოთო. თუმცა არავის არავისთვის არაფერი უკითხავს. იქნებ გაგვაგებინონ, სად წავიდა ეს ფული და რაში გაიხმარეს?

ჯემალ ქირია, მწერალი

P.S. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ფანჩულიძემ დაგვიდასტურა, - სოფელ ბროლიქედს და კიდევ მის გარშემო მდებარე სამ სოფელსაც წყალი კვირაში ნამდვილად ერთხელ მიეწოდება 180 მეტრის სიმაღლეზე დამონტაჟებული ძრავებითო.

სიმართლე გითხრათ, ბატონ ტარიელს გაოგნებულებმა ვკითხეთ, - მერე, თქვენ ეს ნორმალურ მოვლენად მიგაჩნიათ? ბატონმა ტარიელმა კი გვიპასუხა: - რასაც ვახერხებთ, სულ ეს არის, ფული მართლაც გამოეყო სოფელს, მაგრამ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაიხარჯაო. იქვე ისიც დასძინა, ახლა ვფიქრობთ, წყალსაქაჩზე დამატებითი ძრავა დავდგათ, რათა ხალხს ორი დღით მაინც ჰქონდეს წყალიო.

მაგრამ სოფელს, რომელიც ქართველი კაცის საყრდენი იყო და იქნება, ორი დღით მიწოდებული წყალი უშველის? უწყლოდ სოფელი ვერ გაძლებს, დაიცლება, განვითარებულ ინფრასტრუქტურაზე კი ტურებიღა ივლიან.

ამაზე არ გიფიქრიათ, ბატონებო?!