როცა კაცი მოინდომებს... - კვირის პალიტრა

როცა კაცი მოინდომებს...

აი, რა სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ცხოვრება, - თუ კაცმა მოინდომა, მთებს გადააბრუნებს. ამ წერილის ავტორმა თავისი მთები გადააბრუნა. მანამდე კი აი, რას გვწერდა:

ჩემო "კვირის პალიტრავ", იმედიანი კაცი გახლდით, სანამ საქმეს წამოვიწყებდი. სხვათა შორის, საქმე საქვეყნო იყო, - საქართველოში აბრეშუმის წარმოების ფეხზე დაყენება გადავწყვიტე. მაგრამ უკანასკნელი ლახვარი ეკონომიკის სამინისტრომ ჩამცა - ერთ წუთში მისაღები ნებართვა ერთი კვირის საქმედ გამიხადეს, - წესია ასეთიო. აბრეშუმის ჭუპრი კი ორ დღეში გაჭრის პარკს და დამეღუპება ნაშრომი.

პატივისცემით, თემურ სოზაშვილი

ჩვენ ბატონ თემურს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რა ხდებაო.

- ჯერ ქართული აბრეშუმის ისტორიაზე მათქმევინეთ...   საუკუნეში ვახტანგ გორგასლის სპარსელ მეუღლეს საქართველოში  აბრეშუმის სამოსი დაახვედრეს. ჭიჭნაუხტი, ანუ აბრეშუმი ნახსენებია "შუშანიკის წამებაშიც".

კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის ქარავანი, რომელსაც ისპაჰანში აბრეშუმის შულოები მიჰქონდა ხარკად, სპარსეთში ალავერდი-ხან უნდილაძის აგებულ ხიდზე დილიდან შუადღეზე გადადიოდა... ჩვენი აბრეშუმისთვის კომუნისტებმაც ფაბრიკები ააშენეს. მე თელავის ფაბრიკის დირექტორი გახლდით. ალბათ ამიტომ მთხოვეს ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანებმა, - თუ  აბრეშუმის წარმოებას დაიწყებ, ხელს შეგიწყობთო. პირველი აბრეშუმის ძაფი ეკლესია-მონასტრებისთვის გვინდოდა.

მოკლედ, ერთი კილოგრამი აბრეშუმის კვერცხი ჩამოვიტანე ბულგარეთიდან, მე და ჩემი ცოლი ვუთევდით ღამეებს. მერე ჭუპრის მოსახლეობაში დარიგებაზე დაგვადგა შავი დღე, - ბანკებს ვერ ვენდობითო, მაგრამ თელავში, გურჯაანსა და ახმეტაში მაინც მიიღო ორმოცმა ოჯახმა.

- ალბათ, მატერიალურად დაინტერესდნენ.

- ჭუპრის გამოყვანა მაისში იწყება, როცა გლეხს ზამთრის პროდუქტი მილევაზე აქვს და შემოსავალი წამალივითაა. ერთი ცნობილი მეაბრეშუმე იყო, ქისტაურელი ოსანა აივაზაშვილი, მის ოჯახში 5 წლის გოგონა ჭუპრთან ათენებდა და აღამებდა.

ჭიებმა პარკის ამოხვევა რომ დაიწყეს, ისე აქვითინდა, ვერ გააჩერეს - ჭიები მემალებიან და გამოვიდნენო. ამ ბავშვთან ან სხვებთან როგორ მივსულიყავი და მეთქვა, - შენ რომ აბრეშუმი გამოზარდე, გადავყარეთ და გროშს ვეღარ მიიღებო, - ჩემი პარტნიორი სამსახურიდან გაათავისუფლეს, პარკის საშრობი მანქანა კი მის სამსახურს უნდა შეეძინა. პარკში კი თუ 2-3 დღეში არ გამოშრა ჭუპრი, პეპელა გამოიჩეკება, პარკს გახვრეტს და გაფრინდება.  სულ დაგლეჯს იმ 2500 მეტრი ძაფის ბოლოს, რომლისგანაც პარკია მოქსოვილი.

მერე ეს პარკი გადასაყრელია!  გამახსენდა, რომ ზემო ხოდაშენში ერთი დაყადაღებული ჟანგიანი ძაფის ამოსახვევი მანქანა იყო დარჩენილი. მივვარდი ეკონომიკის სამინისტროში განცხადებით, - 900 კილო აბრეშუმი მიფუჭდება, მანქანა დროებით გადმომეცით, რომ პარკი გამოვაშრო-მეთქი. გამაოგნებელი რამე მოხდა, - ყველა თანაგრძნობით მისმენდა, მაგრამ დახმარება ვერავინ გაბედა. თურმე განცხადება აუცილებლად კურიერმა უნდა ატაროს ოთახიდან ოთახში და იმ ოთახამდე რომ მივიდეს, სადაც ნებართვის გამცემი კაცი ზის, ერთი კვირა ყოფილა საჭირო. ვერავინ გაბედა,  კარი გაბედულად შეეღო და უფროსისთვის ეთქვა, - ამ საქმის გადასარჩენად შენი ხელის მოწერაა საჭიროო.

- მერე?

- მერე, "გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო". გულში უფალს ვთხოვე დახმარება, გონება გამინათდა, - პარკეტის გამოსაშრობ საამქროს მივადექი, - პარკეტს თუ აშრობთ, აბრეშუმის პარკს რა გაუჭირდება-მეთქი? ტემპერატურას ვერ დაიEჭერო. მერე მანქანების შესაღები საშრობი გამახსენდა, - ღმერთმა ხელი მოგიმართოსო და თაროები დამაწყობინეს.  900 კილო პარკი დავყარე და ისე გამოვაშრე, საუკუნე შევინახავ, აბრეშუმი არ ფუჭდება!

- ძაფს როგორღა ამოიღებთ?

- პარმენ მარგველაშვილმა მითხრა - რაც იქნება, ბოლომდე  მივყვეთ ამ საქმესო. მოკლედ, აზერბაიჯანიდან ძაფის ამოსახვევი მანქანა უნდა ჩამოვიტანო - ადრე ეს მანქანები აზერბაიჯანელებს ჩვენ მივეცით, მაგრამ იმათ ჩვენსავით კი არ გაუტანიათ თურქეთში ჯართად. დავიჯერო,  ძველ მანქანებს იმდენს დაგვიფასებენ, ვერ გადავიხდით?

P.S. - საქმის მკეთებელ, მებრძოლ კაცს განგება არ გაწირავს.