ნუ ატირებთ პატარებს! - კვირის პალიტრა

ნუ ატირებთ პატარებს!

პატივცემულო რედაქციავ, ეს წერილი იმ დღეს დავწერე, როცა ჩემს შვილს ვინ იცის, მერემდენედ, დაენისლა თვალები "ტოი ბოქსის" გახსნისას. ვისაც პატარები გყავთ,

შეუძლებელია ეს ოხერი "ტოი ბოქსი" არ იცოდეთ, რა არის. ამ პატარა კოლოფში არცთუ ისე ხარისხიანი სუვენირი ან სათამაშოა, მაგრამ პატარებს მაინც ძალიან უყვართ.

გინახავთ, ალბათ რა მოუთმენლად ხსნიან ხოლმე ამ ყუთებს - აბა, შიგ რა არისო. ადრე მართლა რაღაც სახალისო იდო, ვთქვათ, გოგონებისთვის თმის უბრალო სამაგრები, ბიჭებისთვის - ასაწყობი მინიატიურული პლასტმასის მანქანები.

ერთი სიტყვით, მაშინ ამ სათამაშოს მწარმოებლები ბავშვებს არ ატყუებდნენ, იცოდნენ, რომ დასაწყისიდანვე ტყუილი არ არგებდათ. მერე კი ამ ყუთებში ისეთი ხარახურა ჩაყარეს, ბავშვი რომ გახსნის, თვითონ თუ არ იტირებს, თავად ატირდები - შიგ ხან გაფუჭებული თურქული კევი გდია, ხანაც თმის დაგლეჯილი რეზინი. ეს კიდევ არაფერი, ეს სათამაშო ცალ-ცალკეა ბიჭებისა და გოგონებისთვის.

ეს იმას ნიშნავს, რომ რომლისთვისაც ყიდულობ, შიგ სამისო ნივთი უნდა იდოს. მაგრამ გოგონებს "ტოი ბოქსიდან" პლასტმასის ჯარისკაცი ამოაქვთ, ბიჭებს - გოგონების თმის რეზინი და მერე ყველანი ღრიალებენ.

ალბათ არ იტყვით, ერთი უბრალო სათამაშოსთვის რა ამბავი ატეხაო... ძალიან გთხოვთ ხმა მიაწვდინოთ ამ სათამაშოს მწარმოებლებს თუ არა, დისტრიბუტორებს მაინც - ნუ თამაშობენ ჩვენი შვილების ნერვებზე, ამას კეთილსინდისიერი ადამიანი არ იკადრებს.

ნინო ქუთათელაძე