ჭკუის დამრიგებელიც რომ არავინ იგუეს? - კვირის პალიტრა

ჭკუის დამრიგებელიც რომ არავინ იგუეს?

ჩვენ, ქართველები, ერთი იმ თოთხმეტ ერთაგანი ვართ, ვისაც საკუთარი ანბანი აქვს და ისეთი უნიკალური ენა, მსოფლიოს მრავალი ენათმეცნიერი უხრის ქედს. ხოლო იმ ხალხის დიდებას, რომლებიც დედამიწის ლიდერობას იჩემებენ და მათ შორის ჩვენსასაც, ეს პატივი არასოდეს ეღირსებათ.

ჩვენ კი, ასეთი სიმდიდრის პატრონნი, გულმოდგინედ ვცდილობთ, მათ დავემსგავსოთ, მათ შორის მეტყველებით. გეკითხებით, ამას რა ჰქვია?

ამას ის ჰქვია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ხელისუფლებიდან და მასმედიით გაუგებარ მეტყველებას გვკარნახობენ, ქართველი ხალხის სულიერი წყობისა არაფერი იციან. ან საიდან ეცოდინებათ, როცა, სამწუხაროდ, ისე აქვთ გავლილი ბავშვობა, დედაენის ფასი და სიყვარული არავინ ჩაუნერგა. თორემ წესით, უკვე პირველ კლასში უნდა ესწავლათ, რომ ჩვენმა დიდებულმა წარსულმა ქართული ენა "ვინ" და "რა" ჯგუფის არსებით სახელებად გამოაქანდაკა, რომ "ვინ" კითხვა მხოლოდ ადამიანს დაესმის, "რა" - ადამიანის გარდა, ყველა სულიერ და უსულო საგანს.

ანუ ქართულმა ენამ ადამიანი, ისე როგორც უფალმა, ყველა ქმნილებაზე მაღლა დააყენა. არადა, ვერც ერთი სხვა ენა, რომელთა დამკვიდრებასაც ასე თავგამოდებით ვცდილობთ მეტყველებაში, ადამიანს ცხოველების, ფრინველების და ქვეწარმავლებისგან ვერ არჩევს. ახლა კი, სამწუხაროდ, ჩვენც იმავეს ვაკეთებთ. თევზი თავიდან ფუჭდებაო: როცა პარლამენტარები "ქართველი საზოგადოების" ნაცვლად "ქართულ საზოგადოებას", "ქართველი დიასპორის" ნაცვლად "ქართულ დიასპორას" (და სხვა ბევრი ამგვარი) გაიძახიან, ხოლო ტელევიზიების წამყვანები აცხადებენ, - "აღნიშნული მანქანა ამერიკაშია დაბადებული" ან "დღეს ამა და ამ მარკეტის დაბადების დღეაო". მითხარით, ამის გამგონე ახალგაზრდობა სწორად იმეტყველებს?

ნუთუ მათ შორის ერთი კაციც არ არის ისეთი, ვისაც ყურს მოსჭრიდეს, რომ მის გვერდით მავანი "საზოგადოებას" ცხოველების გრამატიკულ ქვეჯგუფში უკრავს თავს, ხოლო უსულო "მარკეტზე" (რომლის შესაბამისი სახელი ქართულ ენაში უამრავია) დაუჟინია, - დაიბადაო.

ჭკუის დამრიგებელიც რომ არავინ იგუეს? ვიცნობ ისეთ ენათმეცნიერებს, რომლებსაც ამ თემებზე უსაუბრიათ პარლამენტარებთან და ტელევიზიების ჟურნალისტებთან, მათ შორის, მეც გახლდით, მეც მივწერე პარლამენტს, ენას ნუ ამახინჯებთ-მეთქი, მაგრამ ვინ იყო გამგონე? თანაც, პარლამენტარებს რანაირად დავემდურო, ჟურნალისტებს ვთხოვე, სირცხვილის გარდა, დანაშაულს სჩადიხართ, საზოგადოებაში დამახინჯებულ ქართულს ამკვიდრებთ-მეთქი, მაგრამ მეორე დღეს წავიდნენ და "მადლობა გადაუხადას" ნაცვლად "მადლობა მოუხადა" თქვეს, "კაცი ჩამოვარდას" ნაცვლად - "კაცი ჩამოვარდნილ იქნა"... ახლა მითხარით, ხომ გამოდის ის, რასაც დიდი დავით გურამიშვილი ბრძანებდა - "ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების"?!

აი, ასე გახლავთ ჩვენი საქმე, სამწუხაროდ. და ამას, ჩემი აზრით, ერთადერთი ის ეშველება, რომ მომავალში მაინც გავზარდოთ ისეთი თაობა, რომელიც მშობლიური ენის ფასს, სიყვარულს და აგებულებას დაბადებიდან შეისისხლხორცებს, რასაკვირველია, თუკი მთავრობამ ამას ხელი არ შეუშალა. ვშიშობ კი, რომ ამას აპირებს, რადგან ხუთი წლის ბავშვის სკოლაში შეყვანასა და კანადიდან ინგლისური ენის ათასი მასწავლებლის ჩამოყვანის შესახებ სიხარულით გვამცნეს.

არადა, არათუ ხუთწლიანის, არამედ ექვსწლიანი ბავშვის სკოლაში შეყვანაც  დანაშაულია. აკადემიკოსი დიმიტრი უზნაძე ამბობდა, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა ითამაშოს ბუნებაში, რადგან თამაშისას ის ებრძვის ბუნებას შეუგნებლად: ხორცის, ძვლის და სხეულის გასამაგრებლად და ამ ბრძოლაში უნდა მომწიფდეს ფიზიკურად. ხუთი წლის ბავშვი კი რა ისეთი ძლიერი ვნახეთ და რა მოთმინების უნარით აღჭურვილი, რომ 35-40 წუთი მერხზე ჯდომას გაუძლებს, ასე ხომ მოუსვენარი და ნერვიული გახდება?

თანაც რა საჭიროა ამ ასაკში მშობლიურ ენასთან ერთად უცხოური შევაჩეჩოთ და საბოლოოდ ვერც ერთი ისწავლოს ხეირიანად, ვერც მეორე?

აი, ეს გახლავთ ჩემი სათქმელი, ბატონებო, და ღმერთმა ქნას, ამჯერად მაინც შეგესმინოთ ამ ერის მოჭირნახულე გაზეთის ფურცლებიდან.

მიხეილ რეხვიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი