სიცხის ნუ შეგვეშინდება... - კვირის პალიტრა

სიცხის ნუ შეგვეშინდება...

სიცივეში სიცხეს ვნატრობთ, სიცხეში - სიცივეს. ამ ზაფხულშიც ასეა, სიცხემ "ცოტა" მოუჭირა და - არიქა, დავიხრჩვითო! ისე კი, თუ ღმერთს ჩვენი დახრჩობა არ უნდა, ზაფხული კი არა, სახრჩობელა ვერ დაგვახრჩობს.

რა უჭირს მერე, იყოს ზაფხული, დრო ხომ ისედაც ძალიან სწრაფად გადის.

ამას ის გვირჩევნია, ზაფხულს კარგად დავუმეგობრდეთ და ვიცოდეთ, რა სჭირდება, რომ არ გვავნოს. აი, თურმე ამისთვის ზოგი რას შვრება, ახლა მოგითხრობთ.

ამ თემაზე მსოფლიოშიც ფიქრობენ. რამდენიმე ხნის წინ ჩინეთში ჯანმრთელობის სამინისტრომ მოსახლეობას სთხოვა, თავი შეიკავონ ხსნადი ყავის, ჩიფსების, კარტოფილის ჩხირების და სხვა მსგავსი სწრაფი კვების პროდუქტების მოხმარებისაგან. ინგლისში კი გაზიან წყლებთან ერთად ჰამბურგერებსაც აუჯანყდნენ, - ჩვენს შვილებს ენერგიის აღდგენის ნაცვლად აოსებს და ასუქებს, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა სიცხის გამო მოძრაობა ჭირსო.

მაშ, რა დავლიოთო, - იკითხა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა და რძე შესთავაზეს. თურმე რძე ზაფხულში გამაგრილებელი სასმელი ყოფილა. ეს ფინელ მეცნიერებს გამოუკვლევიათ და ისიც დაუდგენიათ, რომ უფრო სასარგებლოა ღამით მოწველილი რძე, რადგან ღამით სასარგებლო ჰორმონებს გამოიმუშავებს. თუმცა ეს ამბავი, ფინელებზე ადრე ქართველმა გლეხმა იცოდა, რომელსაც ჰორმონებისა არაფერი გაეგებოდა, მაგრამ განსაკუთრებით ზაფხულის პაპანაქებაში, დილაადრიან უზმოზე ასმევდა თავის პატარებს ამ მადლიან სითხეს.

სხვათა შორის, მეცნიერები იმასაც ამტკიცებენ, რომ კარგი იქნება (და არა მარტო ზაფხულში), წყურვილს გლუკოზის შემცველი სასმლით თუ მოვიკლავთ.

დაკოტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახლახან ინტერნეტით საინტერესო გამოკვლევა გაავრცელეს, - თურმე სტუდენტთა ერთ ნაწილს ოდნავ შაქრიანი წყალი დაალევინეს, მეორეს კი ასპარკამიანი (სიტკბოს შემცველი ნივთიერება გახლავთ) და ორივე ჯგუფს ერთი და იგივე კითხვა დაუსვეს, - რა გირჩევნიათ, ახლავე აიღოთ მცირე თანხა თუ რამდენიმე ხნის შემდეგ დიდი ფულიო.

იმან, ვინც ნამდვილი გლუკოზა მიიღო, უპასუხა, მირჩევნია, ბევრი ფული მქონდეს, თუნდაც მომავალშიო (ანუ მომავალზე ორიენტირებული აღმოჩნდა), მეორე ჯგუფმა კი გულახდილად მოითხოვა, - ახლავე მომეცით, რასაც მაძლევთო, ანუ ჩვენებურად - დღევანდელი კვერცხი ამჯობინეს ხვალინდელ ქათამს, რაც ზოგადად საღი გადაწყვეტილება არ გამოდგა.

ერთი სიტყვით, საღი გადაწყვეტილებები ადამიანს ზაფხულშიც სჭირდება, ამიტომ ცუდი არ იქნება, გლუკოზის შემცველ სასმელს თუ მივირთმევთ. გარდა ამისა, ისიც მეცნიერულად დამტკიცებული გახლავთ, რომ 6 ალუბლის მარცვალი დაახლოებით ერთი აბი ასპირინის ტოლფასია, ასე რომ, ზაფხულში ხილიც ბევრი ჭამეთ.

ჩვენმა დიდმა მამულიშვილმა, მიტროფანე ლაღიძემ დიდი სიკეთე ქნა, როცა ხილის უალკოჰოლო სასმელების წარმოება შეიმუშავა.

ასე რომ, სიცხის ნუ შეგვეშინდება, წყალი, ღვთის წყალობით, ბევრი გვაქვს, ჰოდა, ჩვენც როგორც მედიკოსები იტყვიან, მივიღოთ ბევრი სითხე და წყლის აბაზანები.

პატივისცემით, ბიოლოგი მედეა თავდიშვილი