კალიფორნიიდან ფოსტით გამოგზავნილი... კვერცხები - კვირის პალიტრა

კალიფორნიიდან ფოსტით გამოგზავნილი... კვერცხები

გულშემატკივრობდნენ მებაჟეები, მაგრამ ვერ გვაძლევდნენ - რა მარკით განვაბაჟოთ, რა სტატუსით, არ ვიცითო...

სოფელი ქვეყნის მარჩენალია. მაგრამ ჩვენ მარჩენალი მიტოვებული გვყავს. თუმცა გლეხი მიწას ისე არ ტოვებს, როგორც დედა ავადმყოფ შვილს. ის გლეხია ქვეყნის პატრონი, - იმდენი იხვეწა, თუ ხელისუფლება ვერა, უბრალო ქართველები ხომ მაინც დააფიქრა, და სოფლისკენ მოახედა.

ჩემო "კვირის პალიტრავ", ვიცი, კეთილი საქმე გახარებთ და ამისთანა საქმეზე უნდა მოგწეროთ...

ლაგოდეხში ერთი სოფელია, აფენი. იქ ისეთი საქმე წამოიწყეს, გახარებული დავდივარ. ჯერ ერთი, მშრომელი და გონიერი კაცი მიყვარს, მეორეც, გლეხისთვის სახეირო საქმეა. მოკლედ, აფენში ჭიაყელების "ფერმა" გაკეთდა. ქალაქელები ხართ და შეიძლება, გაგეღიმოთ, ეს ჭიაყელა რაღააო? ყური დამიგდეთ:

ჭიაყელა დედამიწის რა სიმდიდრეა, ნებისმიერ გლეხს ჰკითხეთ, თუნდ უცხოელიც იყოს და გიპასუხებთ; ეგ არის მიწის სანიტარი. თან მიწას აფხვიერებს და თან ბუნებრივ სასუქს გამოიმუშავებს. ახლა უცხოელი გლეხი რაზე ვახსენე:

ჩვენ ვერ მოვიფიქრეთ, მაგრამ თურმე კალიფორნიელ გლეხებს ისეთი ჭიაყელების ჯიში გამოუყვანიათ, რომელიც დღე-ღამეში თავის წონა საკვებს სასუქად ამუშავებს და დედამიწას ამდიდრებს. თანაც, ბევრი არაფერი კვება უნდა - დამპალი ფოთოლი, ბალახბულახი და მისი ჯანი. მიმიხვდით, რა ხდება? ჩვენ რომ შხამქიმიკატებით ვწამლავთ მოსავალს, ის შხამქიმიკატები აღარ დაგვჭირდება, თუ მას ჩვენს მამულში შევიყვანთ. ვფიქრობ, გლეხობა ამით დაინტერესდება...

პატივისცემით, დავით ლიაძე, ლაგოდეხი

KvirisPalitra.Geსიმართლე გითხრათ, ბატონ დავითის წერილით ჩვენც ძალიან დავინტერესდით და დავუკავშირდით კიდეც, - მე მხოლოდ გლეხი ვარ, რაც მოგწერეთ, მარტო ეგ ვიცი, თუ გინდათ, ამ საქმის წამომწყებ ხალხს მოგაძებნინებთო. ჩვენც ბატონი ვახტანგ კოროშინაძე მოვძებნეთ, - ამ ადამიანმა გადალახა "ცხრა მთა და ცხრა ზღვა" და შორეული კალიფორნიიდან სოფლის ახალი კულტურა ჩამოიტანა.

- სხვათა შორის, ამ კულტურას ვერმიკულტურა ჰქვია, - ასე ძველმა ლათინებმა შეარქვეს, ჭკვიანი ხალხი იყო. ეს საქმე მხოლოდ მე არ მომიფიქრებია. ჩემთან ერთად სხვა პატრიოტი ქართველებიც არიან.

წლების წინ დავსხედით მე, ლადო ნადარეიშვილი, გურამ ბრეგვაძე და გადავწყვიტეთ, რომ უცხოეთიდან შემოგვეტანა სოფლისთვის რაიმე სახეირო კულტურა, - და რახან უკვე რამდენიმე ათეული წელია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ჭიაყელების დახმარებით მოჰყავთ, ჭიაყელების კულტურის შემოტანა გადავწყვიტეთ.

და არა მარტო უცხოეთში, საბჭოთა სივრცეშიც ყველამ დაგვასწრო ეს საქმე, - უკრაინამ, ბელორუსიამ, აზერბაიჯანმა, სომხეთმა. მაგრამ მაშინ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი აირია და ვისღა ეცალა ჭიაყელებისთვის ან საერთოდ, სოფლისთვის. ერთი სიტყვით, წელს შევძელით ჩანაფიქრის განხორციელება, - საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც პროექტი დაგვიფინანსა.

მოკლედ, 1959 წელს კალიფორნიელმა ექიმმა შეამჩნია, რომ იმ მიწაში, სადაც ჭიაყელები ბევრნი იყვნენ, კარგი მოსავალი მოვიდა. იმდენად კარგი, რომ ამ კაცმა კალიფორნიული ჭიაყელის ჰიბრიდი შექმნა, მიწაში გაუშვა და  არნახული მოსავალი მიიღო. უცხოეთში კი ასეთი სარფიანი გამოგონებები კარგად ვრცელდება და სულ მალე შეისწავლეს, რომ ჭიაყელა იკვებება სრულიად უბრალო ნეშომპალით და დღე-ღამეში გამოყოფს იმდენივე გრამ ფოსფორს, აზოტს, კალიუმს და ყველაფერ იმას, რისთვისაც შხამქიმიკატებს ვხმარობთ სასუქად.

ამის გარდა გამოიყენება წამლისთვისაც და პირუტყვის საკვებადაც. ამიტომაც ვერმიკულტურა უსწრაფესად გავრცელდა მსოფლიოში, - დღეს ბავშვის კვების მსოფლიო ბრენდებიც კი  ამ კულტურის დახმარებით მოჰყავთ.

- თქვენ როგორღა ჩამოიტანეთ?

- გაგეღიმებათ და... უბრალო ფოსტით. დავუკავშირდით კალიფორნიელ ფერმერს, იმანაც ყუთში ჩადო და ფოსტას გამოატანა. ისე, ბევრ ნერვიულობად კი დაგვიჯდა -  საბაჟომდე კი მოვიდა, მაგრამ აქ სამ კვირაზე მეტი იყურყუტა კვერცხმა - ძალიან გულშემატკივრობდნენ მებაჟეები, მაგრამ ვერ გვაძლევდნენ - რა მარკით განვაბაჟოთ, რა სტატუსით, არ ვიცითო... ვიფიქრეთ, ჭიაყელა გამოიჩეკება და დავიღუპებით-მეთქი, მაგრამ გადავრჩით, როცა სოფელ აფენში დავაბინავეთ, მაშინღა დაიწყო გამოჩეკვა.

- ახლა რას შვრებით?

- უბრალოდ, ვამრავლებთ და გვინდა, იმდენად იაფი იყოს, რომ ყველა გლეხმა გამოიყენოს, მით უფრო, - ფერმერებმა. ესენიც საბედნიეროდ, ჩვენში ნელ-ნელა გამოჩნდნენ. აბა, როდემდე უნდა გვქონდეს ხელი გაწვდილი უცხოური შხამიანი პროდუქციისკენ?

- საშიში არ არის?

- ყველაზე უწყინარი რამაა, რაც ბუნებაში ბინადრობს. საშიში ჩვენი მიწის გაღარიბებაა, ისეთი მიწა გვაქვს, კაცობრიობას მოსავლის რაოდენობით ვერ გავაკვირვებთ, მაგრამ ისეთ მოსავალს ნამდვილად მოვიყვანთ, ჯანმრთელები ვიყოთ და ჩვენი გლეხიც მოვაძლიეროთ.

- აგაშენათ ღმერთმა!