რას მღეროდნენ უდაბნოს მიწურში ქართველები - კვირის პალიტრა

რას მღეროდნენ უდაბნოს მიწურში ქართველები

ჩვენი მიწა სამოთხეა, - მხოლოდ გურია რომ მოიარო მომაკვდავმა, ესეც კი მოგარჩენს - ხალხის გულისა და სულის სიბრძნის იმდენი მადლი დაგხვდება. ეს წერილიც გურიიდან გულზე წამლად დასაფენია.

აქ, ოზურგეთში, ერთი ლამაზი სოფელია, შემოქმედი. ამ სოფელში დგას ოზურგეთში ერთადერთი უძველესი ეკლესია, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა ჯერ თურქი დამპყრობლებისაგან იავარქმნას, მერე რუსი ეგზარქოსებისგან გავერანებას. - ამ ტაძრის შესასვლელს ბოლო დრომდე აჩნდა 1905 წელს შემოსული ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმის კვალი, - იმ დროს რუსი ჯარისკაცების ანთებული ცეცხლისგან იყო გაბოლილი მისი თაღი.

არ შემიძლია არ გითხრათ, რომ სწორედ ამ სოფელში მოუღო ბოლო 16 წლის ბოლქვაძემ რუს ოფიცერ პუზირევსკის გურიის გადაბუგვისთვის. მაშინ რუსების მორჩილმა მოხელეებმა შემოქმედელი ქალები შეაგროვეს პუზირევსკის დასატირებლად. მათ კი თმა გაიშალეს და ქართულად დაატირეს: "ვაი, ვაი, ვაი რუსო, რა გიტიროთ, რომ არ გვსურსო?". აი, ასეთები არიან შემოქმედელები და აქაური კაცს რომ უცხოეთში ყოფნას მიუსჯი, რა გააძლებინებს?

მოკლედ, შემოქმედელი ძმები იყვნენ კოკოშა და ლევან თენიეშვილები. იმათი მესამე ძმა მეორე მსოფლიო ომიდან ამერიკაში გადავიდა. საბჭოთა მთავრობამ, - თქვენი ძმა ამერიკაში რატომ დარჩაო და კოკოშა 50-იან წლებში შუა აზიაში გადაასახლა. მატარებელში რომ ჩამსვეს, ერთი ღერი თეთრი თმა არ მქონია, მატარებლიდან რომ ჩამოგვიყვანეს, უკვე თეთრი ვიყავიო, - მიამბო მერე კოკოშამ. მოკლედ, სამუშაოდ უდაბნოში გაგვიყვანეს, ვდგავარ ასე გაუბედურებული და კაცი მომიახლოვდა, - ნუ გეშინია, ქართველი ვარ, არ მოკვდე, მტერი არ გაახაროო.

საღამოს მომკიდა ხელი და ერთ ბნელ მიწურში შემიყვანა. ვუყურებ, - სულ ქართველები არიან, აღარ ვიცი, ვიტირო თუ ვიცინო. ამ დაბნეულობაში რომ ვარ, ერთმა სიმღერა წამოიწყო, მსგავსი არაფერი მომისმენია არც ბგერებით, არც სიტყვებით, არ ვიცოდი, რა მომდიოდა, გეგონებოდა, სიტყვები პირდაპირ გულზე მაშრებოდა, კაცი დავბერდი და მსგავსი არაფერი განმიცდიაო. და მერე მეც სიტყვასიტყვით გამიმეორა, რას მღეროდნენ უდაბნოს მიწურში ქართველები.

ახლა მე თქვენ გწერთ და ცრემლი მადგება, ვინ იცის მერამდენედ. მაგრამ ეს სიყვარულის ცრემლებია და გულს ასუფთავებს. "ცა-ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, ქართული ლექსის ალერსო, მთაწმინდის ბადრო მთვარეო. ილიას დიდო აჩრდილო, კლდედ ქმნილო, აწ მდუმარეო; აკაკის წმინდა ჭაღარავ, სიმღერავ, ცრემლით ნარევო; ბარათაშვილის საფლავო, - ქართლის ბედივით მწარეო, ვიყავ მინდიას ძმობილი, რაინდი მომთაბარეო;

მინდორ-ველებო, ქედებო, მთებო, ქოჩორა ტყიანო, მთაში მყვირალა ირემო, მთებო, ქორბუდა რქიანო, შენ, ჩემო ტკბილო სამშობლო საქართველო რომ გქვიანო, ნუთუ არ გესმის გოდება, შვილნი რომ გიკვნესიანო? ურდოთა ნაბანაკარში მზის ალმურებში წვიანო, სულს შენთვის შეინახავენ, ვინ იცის, - შეგხვდებიანო. არ დაგვივიწყო, იგლოვე შენი შვილების წერაო, ყილიყუმებში ქართველმა პირჯვარი დაიწერაო"...

აბა, ამის მთქმელ კაცს სამშობლოს რა დაავიწყებს?.. კოკოშას ძმა კი ამერიკაში მილიონერი გახდა, მილიონები ეყარა თავზე, საკუთარი საავადმყოფოები ჰქონდა გახსნილი, მაგრამ შვილებს უჩიჩინებდა თურმე, მე რომ მოვკვდები, ეგებ მაშინ მაინც შეიძლებოდეს საქართველოში წასვლა, მკვდარი მაინც წამიყვანეთო. ჩამოასვენეს ამერიკელმა ქალიშვილებმა შემოქმედში და წვეთი ცრემლი ვერ გადმოაგდეს. შემოქმედელმა ქალებმა კი მოთქმით დაიტირეს... საფლავზე კი ჩვენ წავუქციეთ ჭიქა, - ეგებ მის დატანჯულ გულს იქ მაინც დასდებოდა მალამოდ...

პატივისცემით, გურამ ბურჭულაძე