“ქვითარი რელიკვიად უნდა შევინახოთ” - კვირის პალიტრა

“ქვითარი რელიკვიად უნდა შევინახოთ”

"რა იცი, კიდევ რა ხდება?!"

"ხუთი თვის წინ, 12 იანვარს, #44 ყვითელი ავტობუსით ვიმგზავრე. ბილეთი ასვლისთანავე ავიღე. გაჩერებაზე კონტროლიორი ამოვიდა და ბილეთები შეამოწმა. რადგან შემდეგ გაჩერებაზე კონტროლიორს აღარ ველოდი, ყურადღება მოვადუნე (გაცივებული ვიყავი და ხელში ბილეთთან ერთად ხელსახოცები მქონდა) და ბილეთი გამებნა.

გაჩერებაზე რომ ჩამოვედი, კონტროლიორმა ბილეთი მომთხოვა. ჩანთაში უამრავი ნივთი მეყარა და ძებნა დავიწყე. ძალიან მეჩქარებოდა, შეხვედრა მქონდა დანიშნული და ვიფიქრე, ჯანდაბას 5 ლარი, არ მიღირს იმ შეხვედრაზე დაგვიანება-მეთქი.

მოკლედ, დამაჯარიმეს (მოგვიანებით, ბილეთი ჩანთაში ვიპოვე). კონტროლიორმა ოქმი გამიფორმა და გამაფრთხილა, რომ ერთ თვეში ჯარიმა ნებისმიერ ბანკში უნდა გადამეხადა. ჯარიმა "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში გადავიხადე და მეგონა, მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე-მეთქი. რამდენიმე დღის წინ კი ზუგდიდიდან ოჯახის წევრებმა შემატყობინეს, რომ "საქართველოს ბანკიდან" ჩემს სახელზე დავალიანების შესახებ შეტყობინება მისულა. გამიკვირდა, ისევ ბანკს მივადექი.

თურმე ვადის გადაცილების გამო 55-ლარიანი ჯარიმა დამეკისრა. აღვშფოთდი, რადგან ვიცოდი, რომ  ჯარიმის თანხა ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე, 11 თებერვალს გადავიხადე. მოვითხოვე ამონაწერი. ამონაწერში აშკარად მითითებული იყო, რომ თანხა მართლაც 11 თებერვალს მქონდა გადახდილი.

აბა, რატომ დამაჯარიმეთ-მეთქი? დიდი ხნის დავის შემდეგ ბანკის თანამშრომლებმა მითხრეს, პირველი არა ხართ, ვისაც ეს პრობლემა შეექმნა. საქმე ის არის, რომ კონტროლიორები ცუღლუტობენ,  დაჯარიმების ოქმის ორ პირს წერენ, საგადასახადოში წასაღებ ოქმს 3-4 დღის წინა თარიღით წერენ, იქნებ ვინმემ თქვენსავით ბოლო მომენტში გადაიხადოს და ჯარიმაც დაეკისროსო.

ბანკში ისიც შევიტყვე, რომ თურმე ასეთ შემთხვევაში კონტროლიორს პრემია ეწერება. აი, ამიტომაც ვარ ასე აღშფოთებული, მაგრამ ვერაფერს გავხდები, რადგან ჯარიმის ოქმი, სადაც თარიღი იყო მითითებული, გადახდიდან სამი თვის თავზე გადავაგდე! ვერც წარმოვიდგენდი, თუU ასეთ თაღლითობას შევეჩეხებოდი. ვთქვათ, ვადას გადავაცილე, შე მამაცხონებულო, ხუთი თვის თავზე რომ მიგზავნი მორიგ ჯარიმას, იქვე ვერ შემატყობინე? ეტყობა, ისიც გათვლილი აქვთ, ოქმს ამდენ ხანს ხომ არ შეინახავენო. ახლა ცხელ ხაზზე უნდა დავრეკო, იქნებ რამე გავარკვიო

ლალი.გ.".

ქალბატონ ლალის შევეხმიანეთ და ასეთი რამ გვითხრა: "ცხელ ხაზზე დავრეკე, მომისმინეს, აღშფოთდნენ, მითხრეს, ასეთი ისტორიები მოგვისმენიაო და სხვა ტელეფონის ნომერი მომცეს, იქ დაგეხმარებიანო. მთელი დღე ვრეკე, მაგრამ არავინ მიპასუხა და სამგზის ჯარიმის შიშით ისღა დამრჩენია, სასწრაფოდ გადავიხადო 55 ლარი. გადახდის ქვითარი კი, როგორც რელიკვია, განსაკუთრებულ ადგილას უნდა შევინახო, რა იცი, რა ხდება ორი წლის მერე!.."