რატომ შემოვწყერით ინდაურს?! - კვირის პალიტრა

რატომ შემოვწყერით ინდაურს?!

გახსოვთ, "კაცია ადამიანში" რომ ლუარსაბ თათქარიძე წუწუნებს: "ვენაცვალე უწინდელ დროსა, კაი ცხენი, კაი თოფი და კაცი იყავ პატიოსანი, ეხლა კი რა არი ცხოვრება".

ილია კი მიუგებს: - "ეჰ, ჩემო ლუარსაბ, კაი ცხენი და კაი თოფი განა ახლა არ არის, მაგრამ ის გულმხურვალე მამულიშვილები აღარ არიან, ვინც კაი ცხენისა და თოფის ღირსიაო". ახლაც ასეა ჩვენი საქმე, - ჩვენს მიწაზე ყველაფერი კი გაიხარებს და გაიზრდება, მაგრამ მამულიშვილების გულმხურვალება აღარ არის, რომ რაიმე გაახარონ. თუმცა ისე ღმერთმა ნუ გადაგვაშენოს, "გამოფხიზლდის", შემძახებელი აღარ დაგვრჩეს. აი, ისიც!

ჩემო "კვირის პალიტრავ", სოფლელი ქალი გახლავართ, სიცოცხლე შრომაში გავატარე, ახლაც თუ დავჯექი, ასე მგონია, სახლ-კარი თავზე დამექცევა-მეთქი. ღამითაც იმას ვფიქრობ, დილას საქმე საიდან დავიწყო. ავდგები, გზაზე ჩამოყუდებულ ხალხს დავინახავ და ერთი პირი გამიკვირდება, - ნეტა, უსაქმოდ როგორ ძლებენ-მეთქი. მერე ისევ იმას ვიტყვი, განა ყველას შეუძლია ქვას წვენი გაადინოს, ბევრს წინამძღოლი ესაჭიროება, რომ უკან მიჰყვეს. სოფელში მით უმეტეს ასეა, - ვინმე მადლიანმა ისევ რომ გახსნას  ფაბრიკები, ხალხი დღე და ღამე იმუშავებს. მე რა ვიცი, მაგრამ ამბობენ, საზღვარგარეთაც ასე ყოფილა.

ჩვენთანაც ხომ ასე იყო? ლაგოდეხში, გიორგეთში, ინდაურების ფაბრიკა გვქონდა იმხელა, მთელი სოფელი იყო დასაქმებული, ხალხს არ შიოდა. ისეთი ქართული ჯიშის ინდაურები გვყავდა, გულს უხაროდა. რომელი ფრინველია  ისეთი ბარაქიანი, როგორიც ინდაური? მთელ საქართველოში ჩვენი ფაბრიკიდან მიჰქონდათ ინდაურის კვერცხი. ახლა? ახლა ვუყურებ ახალ წელიწადს ტელევიზორში, როგორ წვავენ ამერიკელები ინდაურებს და ნერვები მეშლება. განა ამერიკული ინდაური ქართულზე გემრიელია, ან ჩვენ ვერ გავზრდით? მაგრამ ჩვენ სანატრელი გაგვიხდა, იმათ კი თავზე საყრელი აქვთ.

ჩვენი ფაბრიკა რომ განადგურდა, ინდაურიც ნელ-ნელა მიჰყვა, - სახლის პირობებში ძნელია მისი კვერცხის შეგროვება. არადა, ხომ ამ ხნის ქალი ვარ, ჩვენს სოფელში ისევ ინდაურის ფაბრიკა რომ აღადგინონ, თვალს არ დავახამხამებდი, ისე მოვაშენებდი ამ ფრინველს. და განა მარტო მე? ხალხი ნატრობს ინდაურის კვერცხს და ვერ შოულობს. აბა, თქვენ იკითხეთ, იქნებ გამოჩნდეს ხალხი, ეს საქმე თავიდან დაიწყოს, მეტი მადლი თქვენ არ გინდათ.

ნანული ჯანიაშვილი

ამ წერილის წაკითხვისას გამახსენდა, როგორ გადააჩალისფერებდნენ ხოლმე იმერეთში ჩემი სოფლის ინდაურები ფერდობებს და გული ჩამწყდა, - ახლა იქ გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ამ სიმდიდრეს ვეღარ ზრდიან. გავიკითხეთ და ქართული ჯიშის ინდაურის ახალი სახეობა დიდებულ ქალბატონსა და მეცნიერს, პროფესორ ნანა ანთაძეს გამოუყვანია  და მოწაფეც ჰყოლია, - პროფესორი როზა ნოზაძე, რომელიც დღესაც ცდილობს, ქართული ჯიშის ფრინველი არ გადაშენდეს...

- ფრინველის ეს ჯიში, რომელზეც თქვენი რესპონდენტი გწერთ, ისეთმა მეცნიერმა და ადამიანმა გამოიყვანა, ასეთი მამულიშვილები რომ მისცა კიდევ ჩვენს ქვეყანას, ფეხზე დავდგებოდით. ქალბატონ ნანა ანთაძეს ეს საქმე დიდმა გენეტიკოსებმა ასწავლეს, რომლებიც 1937-ში დახვრიტეს, განათლება უცხოეთში რატომ მიიღეთო. რა თქმა უნდა, თავადაც ვერ იტყოდა, - ფრინველის (და ისიც ქართული!) ახალი ჯიში გამომყავსო, - მაშინ საერთოდ ჯიშზე, გენეტიკასა და ბაზრის მოთხოვნილებაზე ლაპარაკი აკრძალული იყო.

ამიტომაც ხარაგაულში წავიდა, თავის სოფელ ვარძიაში და იქ აარჩია ინდაურის ქართული ჯიშის რამდენიმე სახეობა, შეაჯვარა და 12-15 კგ-იანი მეხორცული ჯიშის ინდაური გამოიყვანა. კრწანისში გვქონდა მაშინდელ ზოოვეტერინარულ ინსტიტუტს საცდელი მეურნეობა - 5000 ინდაური ჰყავდა და ფაბრიკებში არიგებდა. რატომ აირჩია მაინცდამაინც ქართული ინდაური და არა სხვა რომელიმე ჯიში? იმიტომ, რომ ქართული ინდაური უგემრიელესია, ქვეყნის პირობებში კარგად იზრდება და, რაც მთავარია, აქვს უნიკალური თვისება, - არ ასუქებს და ადამიანის ცილების მარაგს მისი მკერდის თეთრი ხორცი 40%-ით ავსებს.

- ახლა ეს მითხარით, თუ სხვა ქვეყნებში გიჟდებიან ინდაურის ხორცზე, ჩვენ რა დავაშავეთ? რატომ აღარ შეიძლება ინკუბატორები გვქონდეს და ეს სასარგებლო ფრინველი ისევ გავამრავლოთ?

- უპირველესად, ამისთვის სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. სხვათა შორის, ისე, როგორც ყველა ქვეყანაში, მეწარმეს მუშაობის პირობები უნდა ჰქონდეს, საინკუბატორო ხაზი უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამას ხელს ჯერჯერობით ვერავინ მოჰკიდებს, რადგან დიდი თანხები სჭირდება, გადასახადები კი, მოგეხსენებათ, სულის ამომძრობია. ის კი არა, აგრარულ უნივერსიტეტშიც კი აღარ გვაქვს იმის პირობები, რომ სტუდენტები საქმის შესასწავლად რომელიმე საწარმოში გავგზავნოთ.

ერთადერთი, ვინც გვეხმარება, მუხრანის მეფრინველეობის ფაბრიკის მესაკუთრე ელგუჯა ნოზაძეა. რა ვქნა, როგორ არ ვუთხრა ამ კაცს მადლობა, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან საქმეში გვერდით გვიდგას? ის რომ არა, სტუდენტები იმასაც ვერ ნახავდნენ, როგორ იზრდება ქათამი ფაბრიკაში...

- იქნებ ამ ფაბრიკაში მაინც გამოიყვანონ ფრინველის რაიმე ჯიში.

- ეგ მეც ძალიან მინდა, მაგრამ, - არ გამოვა. იქ მხოლოდ ეგრეთ წოდებულ ბროილერებს ზრდიან, თავისთავად, ისიც კარგია, ბროილერი ჯანმრთელი ჯიშია და არა გენეტიკური ინჟინერიით გამოყვანილი.

- იმედი მაინც თუ არის, რომ ოდესმე ქართული ფრინველის ჯიშებსაც გავამრავლებთ?

- მინდა მჯეროდეს, რომ არის. ყველა ერი ხვდება ბოლოს და ბოლოს, რომ თავის სიმდიდრეს უნდა მოუაროს. ამის იმედს ის მაძლევს, რომ ჩვენს ხალხს შრომა უნდა. მაგალითად ისიც გამოდგება, რომ სოფელი მუხრანი სავსეა პატარ-პატარა ბროილერის ფერმებით, ეს საქმე მუხრანის მეფრინველეობის ფაბრიკაში მუშაობის დროს ისწავლეს. დღევანდელ საქართველოში ეს ერთი სოფელი მაინც დგას ძლიერად ფეხზე.