"დენის ბოძები ისეა დაფუღუროებული, ხელი რომ ჰკრა, თავზე წამოგემხობა" - კვირის პალიტრა

"დენის ბოძები ისეა დაფუღუროებული, ხელი რომ ჰკრა, თავზე წამოგემხობა"

ზოგჯერ რაიმეს გაგებისთანავე გაგიელვებს რაღაც ფიქრი და სულ დაგტრიალებს თავზე. ეს ფიქრი ასეთი იყო - გუდანელების წერილის წაკითხვისთანავე გამიელვა და აღარ მშორდება: "ხალხო, რას უკეთებთ საქართველოს?!"

წაიკითხეთ ეს წერილი, განა თქვენც ასე არ იფიქრებთ?

მშვიდობა თქვენკენ "კვირის პალიტრავ". გუდანიდან მოგესალმებით და გამძლეობას გისურვებთ, რომ ქვეყნის სამსახურში არ დაიღალოთ. ჩვენაც ამ მთებიდან, რაც შეგვიძლია, ისე ვეხმარებით ქვეყანას, - გაუსაძლისი პირობების გამო ბევრი წავიდა მთიდან. გუდანსა და დუშეთის სხვა მთიან სოფლებში, თითზე ჩამოსათვლელი, მაგრამ მაინც დავრჩით კაცები და ამ მიწის დატოვებას არც ვაპირებთ, ძალად თუ არ დაგვატოვებინეს ისევე ჩვენიანებმა.

ახლავე მოგახსენებთ, ამას რად ვამბობთ: ძალზე გამწყრალნი ვართ ჩვენი მხარის ელექტრობის სამსახურზე. ახლა ამას, როგორც გვითხრეს, "ენერგოპროჯორჯია" ჰქვია. მოკლედ, ვინც არის, ისე აქვს გულზე ხელები დაკრეფილი, იმდენს მოგვიხერხებს, რომ ამ ზამთარს უშუქოდ დაგვტოვოს და ვინც აქამდე გავუძელით, ძაღლურ ცხოვრებაზე გული აგვაყრევინოს.

ბარისახო-გუდანის მონაკვეთის სოფლების (გუდანი, ბაცალიგო, ჩხუბა, ატაბე) დენის მაგისტრალი ისეა გავერანებული, აქამდე ხომ სისხლი გაგვიშრო დენის თამაშით, ამ ზამთრისათვის უეჭველად ჩამოიქცევა და შუქი საერთოდ აღარ გვექნება. ნეტა, განახათ ის 40 წლის დამპალი ხის "სტოლბები", სადაც ჩვენი დენი მოდის, - ზოგი ისეა დაფუღუროებული, ხელი რომ ჰკრა, თავზე წამოგემხობა, ზოგს მხოლოდ დენის მავთულები იჭერს.

ხალხო, გაგიგიათ ეგეთი რაიმე? ერთი ადგილია, იქ სულაც ხეზეა გადაქცეული ბოძი და მავთულები ხეზეა მიმაგრებული! სად გაგონილა, ხომ იქვე მიაკლა დენმა კაცი, წვიმიანში თუ იმ ხის ქვეშ გაიარა! ბევრნი აღარ ვართ დარჩენილები გუდანში, ვინცა ვართ, ხან ვინ შევაწუხეთ, ხან ვინ, ვიხვეწებით, ოღონდ ბოძები მოიტანეთ, დაგეხმარებით მათ დადგმაშიო, მაგრამ - არ შეგვიძლია, სახსრები არა გვაქვსო. აბა, სხვა რისთვის არის ეს დაწესებულება, თუ ხალხს არ მიეხმარა? ერთი ჩვენებური გულშემატკივარი კაცი, გოგი ჭინჭარაული და ადრე ბარისახოს რწმუნებულიც ელაპარაკნენ ამ "ენერგოპროჯორჯიას" და მაინც - არაო.

80-იან წლებში, კომუნისტები ჩრდილოეთ ოსეთში რკინიგზის გაყვანას აპირებდნენ და აქ, ოხერხევში, ისეთი ბოძები დარჩათ უქმად, საუკუნეებს გაუძლებს. ესეც გოგი ჭინჭარაულს გაახსენდა, მაგრამ ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანაც ეზარებათ. ეგებ თქვენმა შეძახებამ მაინც გაანძრევინოს ხელი ამ ჩვენი ცოდვით სავსეებს. ძალიან გთხოვთ, ნუ დაგვზარდებით.

გუდანელები

ამ სოფლებს რომ დაზარდე, ქვეყნის მოღალატე უნდა იყო, - ხომ დაცლაზე არიან, მაგრამ მაინც ესენი უდგანან ბურჯად საქართველოს. ერთი იქ დარჩენილი გლეხის ძალაც კი ათას ქალაქელ კაცად ფასობს. ამიტომაც ჯერ ბატონ გოგი ჭინჭარაულს ვესაუბრეთ (სხვათა შორის, ბატონი გოგი "კვირის პალიტრის" კორესპონდენტია ხევსურეთიდან). სწორედ მან გვითხრა: - ოხერხევში ნამდვილად უქმად დგას კომუნისტების დატოვებული კაპიტალური ელექტრობოძები, არა მგონია, ამათი ბარისახო-გუდანის მაგისტრალზე გადატანა და დამპალი ხის ბოძების გამოცვლა ძვირი დაჯდეს, მით უფრო გზაც არის გადასატანადო.

მერე კი დუშეთის "ენერგოპროჯორჯიას" ფილიალის მენეჯერს, ბატონ მალხაზ დუდაურს დავუკავშირდით:

- ბატონო მალხაზ, თურმე ოხერხევში კაპიტალური ელექტრობოძები ყოფილა დატოვებული, იცოდით?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი. მაგრამ გარწმუნებთ, მოვიკვლევთ.

- იმედი გვაქვს, ამ შესაძლებლობას გამოიყენებთ და ბარისახო-გუდანის გზაზე დამპალ ელექტრობოძებს გამოცვლით, რომ ზამთარში სოფლები უშუქოდ არ დარჩნენ.

- თქვენზე ნაკლები პატრიოტი არ ვარ, თუ გზა მომცემს ტრანსპორტირების საშუალებას, რასაკვირველია, შევეცდები. ამ საქმეზე მუშაობას ახლავე დავიწყებ.

P.S. ჩვენც გვჯერა, რომ ბატონ მალხაზს ქვეყანაზე გული შესტკივა. მაგრამ ქვეყანას, კაცისა არ იყოს, სადაც სტკივა, იქ თუ სწრაფად არ დაადე მალამო, შეიძლება ისეთი წყლული გაუჩნდეს, ნაიარევი სამუდამოდ დარჩეს.

ამიტომ, არა მხოლოდ ბატონ მალხაზს, ყველას, ვისაც ამ საქმესთან რაიმე კავშირი აქვს, უმორჩილესად ვთხოვთ, ყველაფერი იღონოს, რათა მისი საბაბით ამ სოფლებში თუნდაც ერთი გულაღრენილი კაცი არ გაჩნდეს. ჩვენ კი უსათუოდ დავუბრუნდებით ამ თემას.